„თბილისთან ურთიერთობა ჩემთვის არა მხოლოდ მისი სიყვარული, არამედ გარკვეული ვალდებულებაცაა“
ქალაქთან და ქალაქურ წესთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობიდან ჩამოუყალიბდა. ბავშვობიდანვე ხატავდა… მოგვიანებით ჭედურობამ გაიტაცა, რამაც არქიტექტორობის არჩევანი განაპირობა კიდეც. შემდეგ იურისპრუდენციაც შეისწავლა. ამბობს, რომ ამ ორმა პროფესიამ ქალაქის პრობლემებისთვის ემოციური და პრაგმატული თვალით შეახედა.
ზრუნავს თბილისის პრობლემებზე და ყველაფერს აკეთებს, რომ ქალაქმა მისთვის ჯერ კიდევ დამახასიათებელი ხიბლი და მიმზიდველობა შეინარჩუნოს. – იურისტისა და არქიტექტორის თემო კალანდაძის პერსონა.
– ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში – ელიაზე დავიბადე. არასდროს დამავიწყდება ორსართულიანი, დიდ აივნიანი, ქალაქური სახლი, სადაც ყოველ უქმე დღეს მთელი სანათესავო იკრიბებოდა და დიდი, ოჯახური სადილი იმართებოდა.
ასეთ უბანში, ტრდიციებზე დამყარებულ გარემოში გატარებულმა წლებმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზეც და სამუდამოდ ჩამომიყალიბა ქალაქთან და ქალაქურ წესთან განსაკუთრებული დამოკიდებულება. პირველი ხუთი წელი მე-60 სკოლაში ვისწავლე, დანარჩენი ხუთი – პირველ ექსპერიმენტულში, საირმეზე. სკოლის წლებში ყალიბდება ნამდვილი მეგობრობა და სამეგობრო. მე და ჩემი მეგობრებიც სკოლაში დავმეგობრდით და დღესაც ერთად ვართ.
– როდის გადაწყვიტეთ, რომ არქიტექტორი უნდა გამოსულიყავით?
– ბავშვობაში ვხატავდი, მოგვიანებით ჭედურობით დავინტერესდი, რამაც უფრო განაპირობა ისეთი სპეციალობის არჩევა, როგორიც არქიტექტურაა. შემდეგ იურისპრუდენცია შევისწავლე.
სწორედ ამ ორი სპეციალობის ერთობლიობამ მომცა შესაძლებლობა, რომ ქალაქის პრობლემებისთვის ორი სხვადასხვა – ემოციური და პრაგმატული თვალით შემეხედა და პრობლემა ობიექტურად შემეფასებინა.
– სტუდენტობა…
– სტუდენტობა – ეს ხომ ყველას ცხოვრებაში საუკეთესო, თავგადასავლებით სავსე პერიოდია. ასეთი იყო ჩემთვისაც.
– სახელგანთქმული მსახიობის – ოთარ კობერიძის დისშვილი ხართ…
– ოთარი ჩემთვის ვაჟკაცობის, ქართველ კაცობის სიმბოლოა, დედას და ოთარის ურთიერთობა კი და-ძმობის საუკეთესო მაგალითი.
ალბათ სიმბოლურიცაა – ძმაზე ერთი წლით უმცროსი და, ძმის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, ისიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
– თბილისში დღეს საგანგაშო სურათია – დიდმა შენობებმა მოსპო მწვანე საფარი და სივრცე გააქრო… როგორც არქიტექტორი, რას იტყოდით?
– ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გამოუსწორებელი დაღი დაასვა ქალაქს. რომელი ერთი დაგისახელოთ?!
– თბილისის უმთავრესი ხიბლის – ისტორიული უბნების დაუზოგავი განადგურება, ქალაქის ძველი უბნებისთვის მახასიათებელი თვისებების და ხასიათის სრულად წაშლა, ურბანული ქსოვილის სახეცვლილება;
– რეკრეაციული ტერიტორიების, მწვანე საფარის, ხე-ნარგავების მასობრივი განადგურება;
– ჩვენი, მოქალაქეთა კუთვნილი, ე.წ. საჯარო სივრცის ინტენსიური კლება, რომელიც ეწირება კერძო პირთა ინტერესებს;
– სამშენებლო ნორმების სრული უგულებელყოფა: სეისმომედეგობა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათებულობა, კომუნიკაციათა ტექნიკური შესაძლებლობები, მოსახლეობის საპროექტო სიმჭიდროვე, პროექტის ექსპერტიზა, ტექნიკური ზედამხედველობა – ეს ის საკითხებია, რომლებიც სრულად უგულებელყოფილია პროექტების შეთანხმების და მშენებლობის ნებართვების გაცემის ეტაპზე.
შედეგად კი მივიღეთ სრულად სახეცვლილი ვერის უბანი, განადგურებული მირზა შაფი, „იმელის“ შენობის გაუგონარი ხელყოფა, გუდიაშვილის მოედნის მიუღებელი სახეცვლილება, სპორტის სასახლის მიმდებარე ბეტონის ჯუნგლები, ასათიანის 10-ში განადგურებული მწვანე ტერიტორია და სხვა მრავალი, დედაქალაქის საზიანო განაშენიანება.
წინ გველის მზიურის პარკის, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე და სხვა რეკრეაციული ტერიტორიების სამომავლოდ დაგეგმილი ხელყოფა.
და ეს ყოველივე ხდება თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა ისტორიული უბნების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რეკრეაციული ტერიტორიების და საჯარო სივრცეების დაცვას.
ქალაქის ამჟამინდელი ხელისუფლება ქალაქთმშენებლობითი რეგლამენტის გამკაცრების და კანონმდებლობის მკაცრად დაცვის ლოზუნგით მოვიდა, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგლამენტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობათა რიცხვმა არა თუ მოიკლო, არამედ გარკვეულწილად იმატა.
რამდენჯერმე საქვეყნოდ განვაცხადე – დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გადაჭარბებით – ე.წ. ზონალური შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ მშენებლობათა დიდი უმრავლესობა კანონსაწინააღმდეგოა და ის დედაქალაქის ხელისუფლების მიერ კანონდარღვევით ხორციელდება.
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით გაკეთებული ბრალდების შემცველ განცხადებებზე გამოხმაურება და მათი გაქარწყლების მცდელობა, პირველ რიგში, ბრალდების ადრესატის ინტერესშია.
მაგრამ, მუნიციპალიტეტის მერია არათუ ცდილობს საკუთარი ქმედების გამართლებას და ქალაქთმშენებლობითი საქმიანობის კანონის ფარგლებში მოქცევას, არამედ დღითიდღე უფრო მეტ და მეტ უკანონო მშენებლობის ნებართვებს გასცემს.
სწორედ ესაა მიზეზი, რომ დედაქალაქის ძველ, ისტორიულ უბნებში მომრავლდა ასეთი უბნებისთვის სრულიად შეუფერებელი მოცულობის და ფაქტურის შენობები.
ესაა მიზეზი, რომ უმოწყალოდ ნადგურდება ხე-ნარგავები და მწვანე ტერიტორიები.
კანონიერების დადგენის მიზნით, მერიაში დღესაც განიხილება რამდენიმე სამშენებლო ნებართვა. სასურველი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.
– რამდენად კარგია ძველ თბილისში თანამედროვე, თუნდაც შუშებიანი შენობების აგება?
– რა არის კარგი, მისაღები და დასაშვები, და რა ცუდი და დაუშვებელი – ამას, ერთი მხრივ, განსაზღვრავს საზოგადოების რეაქცია, მეორე მხრივ – არეგულირებს კანონი.
ხელისუფლება ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს საზოგადოების აზრს და დაემორჩილოს კანონს.
ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, ისტორიული დაცვის ზონაში მშენებლობა მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი დაცვა სავალდებულოა.
პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ქალაქმა შეინარჩუნოს მისთვის ჯერ კიდევ დამახასიათებელი ხიბლი და მიმზიდველობა.
– „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“ 2015 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში რა გაკეთდა ქალაქგეგმარების და განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად?
– „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი“, დაარსების დღიდან დღემდე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემასა და კონცეფციაზე.
ასევე დამუშავების პროცესშია პროექტი „პარალელური განვითარება“, რომლის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ბესიკის, თედო ჟორდანიას, ვახტანგ კოტეტიშვილის, ზურაბ ჟვანია ქუჩებს და პავლე ინგოროყვას შესახვევს შორის. პროექტი ბიოლის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული მოდელის შემუშავებას ითვალისწინებს.
ქალაქის პრობლემებზე ზრუნავს ჩემ მიერ 2007 წელს დაარსებული მეორე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციაც – „ჩემი ქალაქი – ქალაქის გულშემატკივართა და ქალაქზე მზრუნველთა ერთობა“, რომელიც შექმნის დღიდან ცდილობს დედაქალაქის ხელისუფლებასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას. ქალაქმშენებლობასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ ქალაქის ხელისუფლებას, რომელთაგან დიდი უმრავლესობა, ჩვენდა გასაკვირად, უყურადღებოდ დარჩა.
– რამდენად გამოასწორებს ვითარებას მერიის მიერ დაწესებული დროებითი შეზღუდვა თბილისის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე?
– შეზღუდვა აქამდეც იყო, და არავის შეუშლია ხელი ხელისუფლებისთვის, ამ შეზღუდვებს დამორჩილებოდა. თუ კანონს არ დავემორჩილეთ, შეზღუდვის შეზღუდვა ვერაფერს გვიშველის.
მით უმეტეს, შეზღუდვა აკრძალვა არაა და „განსაკუთრებული შემთხვევებისთვის“ მაინც ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვებებს. ეს „გამონაკლისი“ კი წესად იქცა და დედაქალაქის განაშენიანება ფაქტობრივად გასცდა კანონმდებლობის ფარგლებს.
– თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით თბილისში?
– „ტფილისი“ – ასე ეძახდნენ ქალაქს 1936 წლამდე – ჩემი ქალაქია.
ქალაქთან ურთიერთობა ჩემთვის არა მხოლოდ მისი სიყვარული, არამედ გარკვეული ვალდებულებაცაა, რომელთა არშესრულება დანაშაულად მიმაჩნია.
სწორედ რომ ქალაქის სიყვარულიდან გამომდინარე მოვალეობები გვავალდებულებს ქალაქის წესრიგზე ზრუნვას.
თუ თითოეული ჩვენგანი სწორად განვსაზღვრავთ ჩვენს მოვალეობას, თბილისს არ უნდა გაუჭირდეს არც ადრე არსებული წესრიგის დაბრუნება და არც ახალ გამოწვევათა მის სასიკეთოდ მიღება.
ყველა ძირითადი, და მათ შორის ქალაქთმშენებლობითი პრობლემების მოგვარებისათვის პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზაა მოსაწესრიგებელი. ამას კი დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს არა პარტიული სიებით არჩეული, არამედ – მხოლოდ უშუალოდ საზოგადოების, კომუნების მიერ წარმოდგენილი პირებით დაკომპლექტებული საკრებულო თუ შეძლებს.
დღეს საკრებულოში პარტიული სიებით გასული თითქმის ყველა სპეციალობის წარმომადგენელია. მაგრამ, საკრებულოს წევრთა შორის არაა ურბანისტი, ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი. დარწმუნებული ვარ, ყოველი მათგანი თავისი საქმის საუკეთესო მცოდნეა. მაგრამ, მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, ნაკლებად უნდა ერკვეოდეს ქალაქთმშენებლობით საკითხებში. ამიტომაა, რომ ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი სპეციფიკური საკითხი პოლიტიკური ნიშნით განიხილება და ხშირ შემთხვევაში ქალაქისთვის მეტად საზიანო გადაწყვეტილებით სრულდება.
პოლიტიკური ნიშნით, არა სპეციალისტების მიერ მართული ქალაქი ვერასდროს განვითარდება სწორად.
უფლება უფლისაგან მოდის, და არა ბატონისაგან, ანუ ხელისუფალისაგანო – გვეუბნება გრიგოლ რობაქიძე „საკრალურ წყობაში“ და ეს შეგონება მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
თითოეული ჩვენგანი უნდა ვერკვეოდეთ ჩვენს უფლებებში და ყოველთვის ვგრძნობდეთ მათგან გამომდინარე მოვალეობებს.
ასე, მხოლოდ ასე ჩამოყალიბდება ქალაქისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო და სიკეთის მომტანი სამოქალაქო საზოგადოება.
მხოლოდ ასე ეშველება ქალაქს.
– ოჯახი…
– ოჯახში ოთხნი ვართ – მე, მეუღლე და ორი ვაჟი.
მეუღლე პედიატრია. უფროსი ვაჟი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. უმცროსი – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრანტი.
ვცდილობთ – ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა სიყვარულის გარდა ურთიერთპატივისცემაზეც იყოს დამყარებული, რასაც მგონია, რომ ვახერხებთ.
– ჰობი?
– ძველ ნივთებთან, ძველი ქალაქის ფოტოებთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ურთიერთობა მიყვარს. ასევე ჰობია ჩემთვის ყველა ის საქმე, რასაც ხელს ვკიდებ. სხვაგვარად – სხვათაშორის, რაიმეს კეთება არ შემიძლია.
– სამომავლო გეგმები…
– ისევე როგორც დღეს, მომავალშიც შევეცდები, დავარწმუნო დედაქალაქის ხელისუფლება, რომ მთელი ჩვენი მცდელობა მიმართულია ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ და მისი პრობლემების მოგვარებისკენ. ამას ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ და ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას ვერ ვიმსახურებთ.
სამომავლოდ ვფიქრობ – „ჩემი ქალაქის“ და „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტის“ ბაზაზე შეიქმნას სხვადასხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი, რომელიც დაამუშავებს და დედაქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაწვდის უფრო მეტად დამაჯერებელ სასარგებლო რეკომენდაციებს.
თამარ შაიშმელაშვილი