„საბოლოოდ, სიყვარულის ტრიალია ყველაფერი… წავიღებ თან და დაბრუნდება – ერთ ბალახად მაინც“…
გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა – ძილის წინ წაკითხული ზღაპრები და ლამაზ სამყაროში მოგზაურობის სიხარული ახლაც არ ნელდება… დედა და ბებია ზრუნავდნენ, რომ კარგი განათლება მიეღო, მაგრამ პირველ ადგილას მაინც ადამიანის აღზრდა იდგა.
ამბობს, რომ ლიტერატურა მისი სიცოცხლეა, ხატვით კი, რაც ფეხი აიდგა, სულ ხატავს… ხატვა თავშესაფარია, გადარჩენაც კი…
იკვლევს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. სჯერა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ამოხეთქავს შემოქმედებითი ენერგია და შეიქმნება ტილო – დიდი, ნამდვილი, გულწრფელი, თავისუფალი… – ინგა მილორავას პერსონა.
– ლამაზი იყო ჩემი ბავშვობა, თბილი, ტკბილი. ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე. დიდ შუშაბანდში შემომავალი მზის სხივები დამამახსოვრდა, საღამოს საუბრები მურაბიან ჩაისთან, როცა ბევრი არაფერი გესმის, მაგრამ უფროსების ხმის ტემბრი გაგრძნობინებს, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ეს სამყარო, სადაც მოხვედი, მშვენიერია. უტკივილოდ არაა და ბავშვობასაც აქვს თავისი სევდა და ტკივილი… თუმცა ბებიას ძილის წინ წაკითხული ზღაპრების და, განსაკუთრებით, ,,მაუგლის“ პატარ-პატარა მონაკვეთების მოსმენის სიხარული მახსოვს, მეტი მინდოდა, არ მინდოდა, რომ წყვეტდა კითხვას, ახლა ძილის დროაო და ამიტომ ჩემით ვისწავლე კითხვა სამი წლისამ და სამიწლინახევრისამ წავიკითხე ერთ დაჯდომაზე ჩემი სანატრელი „მაუგლი’’.
დედაჩემი, ნელი თაბაგარი, ინგლისური ენის პედაგოგი იყო და კონსერვატორიაში უცხო ენების კათედრაზე ასწავლიდა მთელი ცხოვრება. მისი მთავარი საზრუნავი იყო, პირველ რიგში, კარგი ადამიანი ვყოფილიყავი და მეორე, კარგი განათლება მიმეღო. ასევე – ბებიასიც. ბევრი გააკეთეს ამისთვის. ზოგჯერ ზედმეტიც, ახლა ასე მგონია…
მაგალითად, მე მუსიკალური სმენა და არც არანაირი ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მაინც მუსიკალური ათწლედიც დამამთავრებინა დედამ. ამ დროს ხატვა უფრო მაინტერესებდა. ახლა ვფიქრობ, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ განათლების დოგმებს, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ პირველ ადგილას მაინც იდგა ადამიანის აღზრდა და იქ, ჩემი სახლის მყუდრო და თან უკიდეგანოდ გაშლილ სივრცეში, გაზაფხულის მზის ზოლებად გაწოლილ სითბოში გახვეულ ნავსაყუდელში მივიღე ადამიანურობის, ერთგულების, სიყვარულის, წიგნის, ფერის, მუსიკის, თავგადასავლების მშვენიერების და ამაღლებულის დაცვის გაკვეთილები. გაკვეთილებიც არა, ბუნებრივი არსებობა ამაში და თან ჩემდამი სიყვარულით სავსე. ეს ისეთი რამეა, მთელი ცხოვრება გეყოფა, როგორაც არ უნდა აეწყოს მერე ყველაფერი.
– სკოლა… როდის დაიწყეთ ხატვა?
– ხატვით, რაც ფეხი ავიდგი, სულ ვხატავ. პატარა ვიყავი და კედლებზე ვხატავდი, არ მიშლიდნენ. მერე კი, სულ, მთელი ცხოვრების განმავლობაში… ეს ჩემი თავშესაფარია, ზოგჯერ გადარჩენაც. როცა ვხატავ, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. მარტო ჩვენ ვართ: ფურცელი, ამბავი, ფერები და მე. ლექსებს ბავშვობაში არ ვწერდი. მოთხრობებს – კი.
სკოლაზე რა გითხრათ? 55-ე სკოლა დავამთავრე, იმ პერიოდის, საბჭოთა სკოლისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი ჰქონდა ჩემს სკოლას და დამატებით კიდევ – სნობიზმი.
მაშინ აქ მოვლენის თეკერეის მიერ შემოთავაზებული ტერმინი კი ვიცოდი, მაგრამ არსში მთლად ბოლომდე ვერ ვერკვეოდი. ახლა ვერკვევი და იმასაც ვხედავ, რამდენი ცუდი მოუტანა ამ ამოვლენამ, ზოგადად ჩვენს ქვეყანას… ძალიან არ მიყვარს სნობიზმი და გული მწყდება, მაგრამ ეს იყო სკოლაში. დანარჩენი, ყველაფერი კარგია სკოლის წლებთან დაკავშირებული, მეგობრები, ცოდნის და სიახლის შეცნობის სიხარული, ზრდასრულობის გზა, უამრავი ახალი ამბავი და აღმოჩენა.
– მახსოვს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მისაღები გამოცდების წინ, გასაუბრებაზე თავისუფალი თემა „ავტომობილი“ დაწერეთ და ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა… როგორ მოიფიქრეთ სიუჟეტი?
– არ მომიფიქრებია. როცა დავინახე თემების ჩამონათვალში ,,ავტომობილი’’ , მაშინვე საიდანღაც გაჩნდა წარმოსახვაში, დაიბადა თავმომწონე აშორდიას აზნაური დუტუ მარღანია, რომელმაც სამტრედიაში პირველი ავტომობილი ჩამოიყვანა და მერე ეს ავტომობილი საქათმედ გამოიყენეს. წლების შემდეგ კი მორიდებული და მოუქნელი მოზარდი, შვილიშვილი, ისიც დუტუ მარღანია, ოცნებობს ისევ დაუბრუნოს საქათმედ ქცეული ავტომობილი გზებს, ანუ საკუთარ არსს. ასე ხდება ხოლმე, ჩემთვის, ნახატშიც და ნაწერშიც, იბადებიან არსაიდან, უფრო სწორად, ჩემგან, ჩემივე ნაწილები არიან, გამოცალკევებულები, დამოუკიდებლად იწყებენ არსებობას, სიცოცხლეს და ისინი ჩემთვის მეგობრები არიან, როგორც ის პატარა მეოცნებე დუტუ გაჩნდა, მაშინ იმ გამოცდაზე ჩემ გვერდით და ფურცელზე დასახლდა და იქიდან შემომეხმიანა და დამეხმარა.
– სტუდენტობა. რატომ აირჩიეთ ფილოლოგობა, თავიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აბარებდით…
– აღარ მომინდა ჟურნალისტობა. რომ დავფიქრდი, მე არ მაქვს ჟურნალისტის ხასიათი, უფრო აქტიური და შემტევი ხასიათი უნდა, თუმცა პრინციპული კი ვარ, ვერ დავმალავ, ჩემს აზრს დავიცავ კიდეც, მაგრამ ნიუსის მოსაპოვებლად კარიდან უნდა გაგაგდონ და ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო, რომ დავუკვირდი, ეს ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა. არააქტიური ვარ, სამწუხაროდ, არცა ესაა კარგი. ლიტერატურა კი ჩემი სიცოცხლეა, წიგნი, ეს სამყარო და იმ ფაკულტეტზე შევედი, რომელიც ამ სამყაროში სამოგზაურო დილიჟანსად წარმოვიდგინე. შეასრულა ეს როლი ნამდვილად.
ძალიან კარგი სტუდენტობა მქონდა, მაშინ თსუ-ში საუკეთესო ლექტორები გვყავდა, ძალიან მიყვარდა მათი მოსმენა და ფიქრი იმაზე, რასაც აქ ვიღებდი. ბევრი მომცა ჩემმა უნივერსიტეტმა. ისიც, რომ როცა ახლა მე ვარ ლექტორი, უნდა ვეცადო, ვიყო ლიტერატურის, წიგნის, ტექსტის დარაჯი და სტუდენტების ამ სამყაროში გადასვლისას შემწე, ფრთხილი მესაათე, ადამიანის სულის საათის მექანიზმს რომ ეხება, ამ საათებმა ჩვენი ლიტერატურის დრო უნდა აღრიცხონ სამომავლოდ და არასოდეს გაჩერდნენ – ესაა ჩვენი სულიერების ამოცანა.
– თანამედროვე ლიტერატურას იკვლევთ. რომელ მწერლებს მიიჩნევთ საინტერესოდ თქვენს საკვლევ სივრცეში?
– უპირველეს ყოვლისა, ნიკო ლორთქიფანიძეს, რომლის მხატვრულ დროსა და სივრცეზე დავწერე საკანდიდატო ნაშრომი და წიგნიც მაქვს და შემდეგ ქართულ მოდერნიზმს, რომელზეც დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. ეს, ასე ვთქვათ, საკვალიფიკაციო ჩარჩოები, რომლებიც, ამავე დროს, არცაა ჩარჩო, უფრო საკუთარი ქვეყანაა, საიდანაც სხვაგანაც თავისუფლად მიდიხარ და ბრუნდები. ეს იმას ნიშნავს, რომ მაინც არ ვარ მხოლოდ ამ საკვლევი თემებით შემოფარგლული.
ძალიან ბევრ საკითხზე მიფიქრია, დამიწერია, ქართულ ლიტერატურულ სივრცეზე, უცხოური მწერლობიდან. ლიტერატურის ინსტიტუტში სულ რაღაც ახალს ვიკვლევთ, ვწერთ, რომც არ დამევალოს, ესეც ჩემი ცხოვრებაა, პროფესია, რომელიც, ხატვის არ იყოს, გადარჩენაცაა ხანდახან, ოღონდ აქ დიდია უფრო პასუხისმგებლობა, რადგან სრულყოფილი პროფესიონალიზმისკენ სწრფვა მგონია უმთავრესი ამოცანა ჩვენს რეალობაში. ასე რომ, ძალიან ბევრ მწერალსა და სალიტერატურო პროცესზე, დიდსა თუ პატარაზე, მიფიქრია და დამიწერია და თავმოყრილია სხვადასხვა გამოცემაში და ჩემს ლიტერატურული წერილების წიგნებშიც.
– ხშირად გამიგია, რომ 21-ე საუკუნე დაიწყო და ეპოქალური რომანი არ შექმნილა, მაშინ როცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა გამორჩეული რომანებიო… რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ პროზაზე?
– მაინცდამაინც კარგს ვერაფერს ვფიქრობ. მართალია, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი იყო გამორჩეული. ფესვები ღრმად მიდის. მე-20 საუკუნის დასაწყისის მოდერნიზაციამ, ახალი სისტემებისა და სახეობრივი სტრუქტურების შემოტანამ, აღმოჩენამ თავისი შემოქმედებითი ველი შექმნა მაშინ, თავისი ესთეტიკური საძირკველი ჩაყარა, შეიქმნა ძალიან მაღალი ხარისხის ლიტერატურა, ახლა უკვე კლასიკა, მაგრამ რევოლუციის მერე თითქოს ეს პროცესი შეწყდა, უმძიმესმა პოლიტიკურმა, იდეოლოგიურმა წნეხმა მიწას მიაჭყლიტა თაობები, თუმცა, როგორც ჩანს, ის ველი ცოცხალი გადარჩაო, მხოლოდ დაწნეხილი იყო, თვალს მიფარებული ათასნაირი არალიტერატურული, არამხატვრული, არაესთეტიკური, არაადამიანური თეჯირებისა და დეკორაციების მიღმა ან სულაც ქვეშ.
როგორც კი ეს იდეოლოგიური წნეხი შესუსტდა, 50-იანი წლებიდან, ეს ველი ისევ გაძლიერდა, აივსო ენერგიით, შემოქმედებითად კვლავ დაიმუხტა და მდიდარი და ელვარე ნაყოფებიც მოისხა.
შემდეგ კი… შემდეგ კი 90-ანებიდან უკვე ახალი წნეხი და ტვირთი დაეცა ჩვენს ქვეყანას თავს – არეულობები, ეროვნული მუხტის აღმავლობა და სასოწარკვეთილების აღრმძვრელი ჩახშობა–გაუფასურება, სიკვდილის გაბატონება, ომები, ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის დაცემა, შიმშილი, სიბნელე, სიცივე, მერე ძალადობა, უსამართლობა, ჩაგვრა, მეობის დაკარგვის შიში, დაბნეულობა, ეჭვი, საკუთარი ძალების ვეღარშეგრძნება, ნიჰილიზმი და იდეოლოგიები, იდეოლოგიები, სხვადასხვა იდეოლოგიის ტალღები თავს. თითქოს არაჩვეულებრივი თემებია, არა? მაგრამ ასეთ პირობებშიც ის შემოქმედების ველი ისევ დაიწნეხა, მიწას მიეკრა, დასუსტდა. განსაკუთრებით, ჩემი აზრით, აუძლურებს და ხელს უშლის მართლაც ეპოქალური რომანის შექმნას სწორედ იდეოლოგიების მძლავრობა და თავსმოხვევა.
რაღაც კლიშეები ითვლება ახლა თანამედროვედ, პრესტიჟულად, თავმოსაწონებლად, ვთქვათ, მაგალითად… თუნდაც პოსტმოდერნიზმი, მისი ესთეტიკა… ან მთელი ამოჩემებული თემები: კრიმინალი, ნარკომანია და ა.შ., ოღონდ ცალხმრივად, ბრტყლად და არა მთლიან, მასშტაბურ სამყაროებულ სურათში ჩაქსოვილი… ან ენა, რომელიც თითქოს სავალდებულოდ იქცა, თავისი არანორმირებულობით, მოკლედ, გარკვეული კლიშეებია და ამის უკან ისევ ის სნობიზმია, რომელიც მე ასე არ მიყვარს და შეშინებული, წინა წლებში ძალიან ნაწვალები და ჩამორჩენილობის შიშით, წარმატების და ,,გაპიარების“ ჟინით შეპყრობილი შემოქმედი…
ამ ვითარებაში ვერ შეიქმნება ტილო – დიდი, ნამდვილი, გულწრფელი, თავისუფალი. თუმცა, ვფიქრობ, ის საძირკველი, ის ქმნადობის წარუვალი ველი, რომელიც ბევრ რამეს გადაურჩა, გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოიშორებს ყველანაირ დამბორკავ ლოდებს და ისევ ამოხეთქავს შემოქმედებითი ენერგია…
– ლექსები… შთაგონება როგორ მოდის?
– ხან როგორ, ხან – როგორ. ერთი რაიმე პრინციპი ან შთაგონების არხი არ მაქვს. რაღაც შეეხება გულს, სულს და ვწერ. როცა მოვა სიტყვა ფიქრში, მეტყვის, ვეღარ ვეტევი უხილავად, მხოლოდ შენში, მინდა სხეულიო, მაშინ ვწერ.
– თქვენი ზღაპრებიდან რომელი ზღაპარი გიყვართ?
-,,კედლის ბიჭი“ მიყვარს, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, უმთავრესზე, მეგობრობაზეა.
– ხომ არ აპირებთ ნახატების გამოფენის მოწყობას?
– თუ იქნება საშულება, ბევრი ჩარჩო უნდა და… დარბაზი არაა ისეთი პრობლემა, მქონია შემოთავაზებაც, ძალიან მინდა. მე მინდა და რა ვიცი, როგორც გამოვა, გამოვა…
– დღეს მრავალი წერს, ხატავს… კარგია ეს თუ ცუდი?
-კარგია. ძალიან კარგია, ადამიანისთვის, მისი ადამიანურად არსებობისთვის, გადარჩენისთვის. ცუდიც რომ იყოს მისი შექმნილი, არახარისხიანი, ის ხომ პოულობს შემოქმედების სიხარულს, შვებას. ხანდახან ამბობენ, მერე ამბიციები უჩნდებათ უნიჭოებს და დაბალმხატვრულ ნიმუშებს შედევრებად სახავენ და მაქებრებიც ჰყავთო. გაასაღონ. ჰყავდეთ. დრო მაინც არ დატოვებს არაფერ მდარეს, დრო მაინც ჭეშმარიტ ხელოვნებას და ლიტერატურას შეინახავს. და მე ისე მეცოდება ადამიანი ამ სამყაროში, ისე სჭირდება რაღაც სულიერი საყრდენი, როგორ უნდა დაუშალო, არ გამოგდის და დაანებე თავიო. განა რამდენ ხანს იქნება ამ ქვეყნად და შემოქმედება ისედაც, გამოქვაბულის ეპოქიდან მოყოლებული, თავისუფლებაა. უნდოდა ტყავით მოსილ პირველყოფილ კაცს დახატავდა. არ ივარგებს, არ შეხედავს არავინ მერე. ახლა კი ადამიანს ჰქონდეს ეს ღმერთის საჩუქარი – რაღაცის შექმნის აღტაცება და ნუგეში…
– როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
-არ შემიძლია ამის თქმა. არ ვიცი. დროდარო კი, არის ბედნიერების წამები, წუთები. შეიძლება ამ წუთებიდან ყველაზე ბედნიერი ჯერ არ ყოფილა, ან არც იქნეს. ბედნიერება, ზოგადად, რთულია…
– ჰობი…
– ხატვას ვერ დავუძახებ ჰობს. ალბათ ქარგვა. ბებიამ და დედამ იცოდნენ ყველაფერი: კერვა, ქსოვა, ქარგვა. მეც ვიცი, მაგრამ ამათგან მხოლოდ ქარგვა მიყვარს, სხვა არაფერი. ქარგვა კი… და როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვაკეთებ. კიდევ თუ ჰობად ჩაითვლება და არა ოჯახის ერთ–ერთ სრულყოფილ წევრად, ცხოველები მიყვარს, სულ მყავდა, სამი წლიდან ვიღაც (ხაზგასმით ვამბობ ვიღაც, თუმცა გრამატიკულად არასწორია) და ახლაც მყავს ფისო, კატო და მასთთან ურთიერთობა ცხოვრებაცაა და ჰობიც.
– რა არის მარტოობა შემოქმედისთვის?
– გააჩნია, ვის როგორ უყვარს. ვისაც უყვარს, მისთვის იმპულსია. ვისაც არა, დამთრგუნველი და დამამუხრუჭებელი.
– დედა… უძვირფასესი ადამიანი იყო… მას ლექსები და ნახატები მიუძღვენი… დროის გადასახედიდან როგორ მოჩანს მასთან გატარებული წლები?
– მე არაჩვეულებრივი დედა მყავდა! წარმოუდგენლად კარგი – სავსე, ნიჭიერი, თბილი, ტკბილი, ადამიანური, თავდადებული…
ის სიყვარული, რაც მომცეს დედამ და ბებიამ, სანამ ვარ, მეყოფა და მერე იმედია, ღმერთი მომხედავს იქ…
არ ვიცი, ღირდა თუ არა ჩემს გამოსაზრდელად მსხვერპლის გაღება და დედაჩემმა თავისი ცხოვრება, სილამაზე, ინტერესები, საკუთარი ბედნიერება გაიღო მსხვერპლად.
ან რამეში მაინც გავამართლე თუ არა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სიყვარულის ტრიალია ყველაფერი და სიყვარული მომცეს, მაქვს და მექნება, წავიღებ თან და რამე ფორმით დაბრუნდება – ერთ ბალახად მაინც…
– ცხოვრებას ახლიდან იწყებდეთ… რას შეცვლიდით?
– არაფერს. ვერაფერს. თუ ისევ მე მე ვიქნებოდი და იმავე გარემოში, ვერაფერს. სხვა თუ ვიქნებოდი, ის სხვა ახლებურად იცხოვრებდა და ისიც რომ მერე მიაბრუნო უკან, ვერაფერს შეცვლის. საკუთარ თავს ვერც შეცვლი, ვერც გაექცევი…
– ერთი ლექსი…
იასამნები
ველოდებოდი იასამნებს, ველოდებოდი,
როცა ყვაოდნენ, მეგონა ჩემი ესმოდათ ხეებს,
იასამნები უთარგმნიდნენ ფოთლის ენაზე.
ველოდებოდი ცისფერ კაბებს, ველოდებოდი,
გიხდებაო და მიხაროდა, განა ამქვეყნად არის ქალი,
არ უხაროდეს ლამაზი ფერი, ლამაზი სიტყვა
და მთვარის კიდეს მოტეხილი ვერცხლის საყურე?
ველოდებოდი ახალ სიზმრებს,
ფიქრები უცებ სახეებად რომ იხატება წამწამებზე,
ძილს მშვიდს და დაცულს,
როცა იცი, რომ გაიღვიძებ და ყველაფერი იქნება
რბილი, სავსე ალერსით, ზრუნვით, სინაზით.
ველოდებოდი ახალ წიგნებს, წაუკითხავი რომ დამრჩა ჯერაც,
ველოდებოდი ახალ სიტყვებს, მწარეს კი არა,
გადასერილი გულიდან ასე ავად რომ წვეთავს,
არა, ასეთებს არა და არა –
ვარსკვლავებისფერს, თუმცა არ ვიცი, რა ფერია,
მაგრამ მეგონა, რომ ვიპოვიდი
და ის სიტყვები იქნებოდა ვიღაცისთვის თაფლივით ტკბილი.
ველოდებოდი, რომ არასოდეს გაზაფხული არ გაიმეტებს
სიბნელის შიშით უძილობის ზაფრისთვის ვინმეს.
ველოდებოდი, რომ ყველა, ვისაც გულში ვატარებ,
იქ იქნებოდა ბოლო წუთამდე,
რადგან არ არის ჩემი გული უძირო ვარცლი,
რომ მისგან ნელა დაიპნეს ვინმეს – ახლობლის სული…
ველოდებოდი იასამნებს, ველოდებოდი.
მოლოდინი კი არასოდეს ელოდება ქვეყნად არაფერს….
თამარ შაიშმელაშვილი