„საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე“… – რატომ მიაჩნია ლონდონი მსოფლიოში იდეალურ ადგილად გიორგი ჩუბინიძეს?  

მენეჯერობის ინტერესი ლი იაკოკას ავტობიოგრაფიულმა წიგნმა  გაუმძაფრა, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  ისე მოხდა, რომ  მაგისტრატურაში სწავლა ლონდონში განაგრძო… იგი საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქუთასის მენეჯერთა კოლეჯის სტუდენტებს ელექტრონული კომერციის ექსპრეს-კურსი წაკითხა
ამჟამად მუშაობ მენეჯერად ლონდონის ფრანგული ბროლის კომპანიაში და შეთავსებით, ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატაში… ამბობს, რომ ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრია და იდეალური ადგილია, ცნობილ ადამიანებს შეხვდე… – გიორგი ჩუბინიძის პერსონა.

ქუთაისის 37-ე სკოლის 9 კლასის დასრულების შემდეგ ქუთაისის მენეჯერთა კოლეჯში სწავლობდით…
– ჩემი მშობლები ამ კოლეჯის თანადამაარსებლები იყვნენ, ასე რომ,  ბუნებრივი არჩევანი გახლდათ. თან მენეჯერობა, იმ დროს ეს ჩვენი რეალობისთვის ახალი და პერსპექტიული პროფესია იყო. ეს უკვე ინტერესს იწვევდა. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელში ჩამივარდა რუსულ ენაზე გამოცემული ლეგენდარული მენეჯერის – ლი იაკოკას ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ალბათ ნებისმიერი მენეჯერის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს და კიდევ უფრო გამიღვივა ინტერესი. ყველაფერმა ამან ერთად განაპირობა ჩემი არჩევანი.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარლამენტის წევრი და ეკოლოგიური კომისიის თავმჯდომარეც იყავით… როგორ უნდა მოგვარდეს ეკოლოგიური პრობლემა, თუნდაც ქუთაისში, რომელსაც რატომღაც ყველაზე მტვრიან ქალაქად მოიხსენიებენ?
– მართალია, უკვე მრავალი წელია მშობლიურ ქალაქში აღარ ვცხოვრობ და გამიჭირდება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბარი, ზემოხსენებული წარმოდგენა მისი ყველაზე მტვრიანობის თაობაზე, ვფიქრობ, მაინც გადაჭარბებულია, უბრალოდ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის და დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო. საბჭოთა პერიოდში, მართლაც, არსებობდა ეკოლოგიური დაბინძურების კერები, რაც არა გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი ხატოვნად რომ ვთქვათ იყო „ინდუსტრიის მშენებელი“ და ეკოლოგიას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. იგივე ლითოფონის ქარხანას ძალიან ცუდი გავლენა ჰქონდა არა მარტო ქალაქზე, არამედ რაიონზეც. განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებში. ახლაც, ქალაქში რომ შედიხართ, ბათუმისაკენ მიმავალ გზაზე, ხიდიდან, რომელიც მდინარე რიონზე გადადის და რომლის მარჯვენა მხარესაც მდებარეობს ხსენებული ქარხანა, კარგად ჩანს მდინარის სანაპიროებზე სხვადასხვა შეფერილობის ქანი, რომელიც უმეტესწილად სხვა არაფერია, თუ არა ქიმიური ნარჩენები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. მერე მას მდინარე და ჰაერის მასები უფრო დიდ ტერიტორიაზე ფანტავდნენ და ეს იწვევდა გარემოს დაბინძურებას. იყო რადიაქტიული დაბინძურების რამდენიმე შემთხვევაც, განსაკუთრებით ყოფილი სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიებზე.
ამჟამად, როგორც მოგახსენეთ, არ ვიცი კონკრეტულად რა ვითარებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ადრინდელთან შედარებით უკეთესია, თუმც კი არა იდეალური. ნებისმიერ შემთხვევაში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გასაღები ე.წ. მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაშია. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, თუმცა ამას წლები დასჭირდება.
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა და საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი 2002 წელს დაამთავრეთ…
– ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოების მთავარი გმირის ენით რომ ვთქვა, სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერი დასამახსოვრებელია, ყოველ შეთხვევაში – უმეტესი რამ. თუმცა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მაინც ალბათ ახალ ჯგუფელებთან ერთად პირველი დროსტარება და ხალისია, ვინაიდან ამ დროს ყალიბდება თვისობრივად ახალი ურთიერთობები.
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ბევრი ასეთი ურთიერთობა დღემდე მომყვება და ვიცი, მთელი ცხოვრება გამყვება. ორი ჩემი კურსელის ბავშვების ნათლიაც ვარ.
კიდევ დავამატებდი, რომ სახელმწიფო გამოცდები იყო დასამახსოვრებელი. ის პერიოდი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს დაემთხვა და საგამოცდო ციებ-ცხელებას, საფეხბურთო ციებ-ცხელებაც დაემატა. ნამდვილად დაუვიწყარი პერიოდი იყო.
ელექტრონული კომერციის კუთხით მაგისტრატურა ლონდონში დაამთავრეთ…
– ლონდონში წასვლამდე მქონდა რამდენიმე მცდელობა, ედმუნდ მასკის პროგრამით მოვხვედრილიყავი შეერთებულ შტატებში და იქ დავუფლებოდი ამ პროფესიას, თუმცა – უშედეგოდ. აშკარად სხვა გზა უნდა მეპოვნა. ამ დროს რამდენიმე ჩემი კურსელი უკვე მოხვდა ლონდონში და ამან უფრო შემაგულიანა, უკვე ბრიტანეთში მეცადა ბედი. ასე აღმოვჩნდი ამ ქალაქში.
გამოცდილების კუთხით ბევრი რამ შევიძინე, მაგალითად თუნდაც შრომის კულტურა, რომელიც აგრერიგად განსხვავებულია. პროფესიული გამოცდილებითაც იყო გარკვეული ძვრები, თუმცა უფრო მეტი და უკეთესიც შეიძლებოდა. გარემო ფაქტორების გარდა, ამაში საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. თუმცა არც ახლა არის გვიან.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, იყო იმ სტერეოტიპის მსხვრევა, რომ დასავლეთში მაგისტრატურის დამთავრება, ავტომატურად არ ნიშნავს, რაღაც ჯადოსნურ ტრამპლინზე მოხვედრას და თავბრუდამხვევი კარიერის მომენტალურ დასაწყისს, როგორც ეს ადრე წარმომედგინა.
საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე, ძიების პროცესი არ შეწყვიტო, ცოტა უნდა გაგიმართლოს კიდეც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაშიც დავრწმუნდი, არის ის რომ, პრაქტიკა ყოველთვის სჯობს თეორიას.
ლონდონში ჩემი გამგზავრება იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის განხრით უმაღლესი განათლების მიღება შეუძლებელი იყო, უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ქუთასის მენეჯერთა კოლეჯის სტუდენტებისათვის ელექტრონული კომერციის ექსპრეს-კურსი წამეკითხა, რომელიც მოვამზადე იმ დროისათვის მწირედ არსებული რუსულენოვანი მასალებიდან. ვერ დავიჩემებ, რომ პირველი ვიყავი, ვინც სპეციალურად ამ თემაზე მიძღვნილი კურსი სტუდენტებს წაუკითხა, თურმცა ერთ-ერთი პირველი ალბათ ნამდვილად გახლდით. ეს იყო 2004 წელს.
ამჟამად არ ვიცი, რა ვითარებაა უმაღლესი განათლების კუთხით ამ სფეროში. არ მსმენია, რომ არ რომელიმე უნივერსიტეტი ასწავლიდეს სამაგისტრო პროგრამას გამოყოფილად ელექტრონულ კომერციაში. როგორც მოდული, ის შეიძლება შედიოდეს, ვთქვათ, მარკეტინგის პროგრამაში, თუმცა არ გამიგია, განყენებულად ისწავლებოდეს. თუმცა ვიცი, რომ კომპანიები უკვე ეძებენ და ქირაობენ სოციალური მედიის მენეჯერს, ციფრული მარკეტინგის მენეჯერს და სხვა მომიჯნავე სპეციალობის კადრებს და ეს ძალიან მახარებს. მომავალი ინტერნეტ და ციფრულ ტექნოლოგიებს ეკუთვნის და რაც უფრო ადრე ავითვისებთ ამ ახალ სფეროებს, მით უკეთესი ჩვენთვის.
ამჟამად მუშაობთ მენეჯერად ფრანგული ბროლის კომპანიაში და შეთავსებით, ბრიტანულ-ქართულ სავაჭრო პალატაში… როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი?
– ეს იმდენად დიდი და ფართოდ გავრცობილი თემაა, რომ მე ახალს ვერაფერს დავამატებ. ამიტომ შევეცდები, ძალიან მოკლედ გითხრათ, კონკრეტულად ჩემი დამოკიდებულებიდან და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე უმთავრესი მომენტი, რაც, ვთვლი, რომ კარგ მენეჯერს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს. პირველ რიგში, ის აუცილებლად უნდა იძლეოდეს მაგალითს და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ბრძანებების გაცემით, ეს მხოლოდ მის არაკომპეტენტურობას გაუსვამს ხაზს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ უნდა იყოს ავტოკრატული. არა. ზოგჯერ აუცილებელიცაა ავტოკრატულობის გამოვლენა, თუმცა ეს მხოლოდ ზოგჯერ და ისიც აბსოლუტური აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი. მანვე წარმატების შემთხვევაში საჯაროდ უნდა წაახალისოს ხელქვეითი, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში პირიქით, ერთი ერთში გააანალიზოს პრობლემა და დასახოს მისი გადალახვის გზები.
იგი უნდა იყოს აუცილებლად შორსმხედველი, ანუ კომბინაციურ აზროვნებას შესწევდეს და მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოიფარგლებოდეს. აქვე დავძენ იმას, რომ წარმატება გუნთად ერთად მიიღწევა და კარგმა მენეჯერმა აუცილებლად უნდა იზრუნოს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მისი გუნდის წევრების პროფესიულ ზრდაზე და ამასთანავე, გუნდური სულისკვეთების ამაღლებაზე. ამაში ვგულისხმობ სამსახურს გარეთ არსებულ სოციალურ აქტივობებს, რაც აუცილებლად გარდაქმნის სამსახურს რუტინული დასაქმების ლოკაციიდან სასურველ შრომით გარემოდ.
სხვა რესპონდენტებისგან მომისმენია, რომ საქართველოში ყველა ტიპის ბიზნესი შესაძლებელია გახდეს წარმატებული და მომგებიანი, თუკი მართვა სწორი იქნება… თქვენ რას ფიქრობთ? რა უშლის ხელს საქართველოში ბიზნესის წარმატებას?
– ყველა ტიპის ალბათ ვერ გახდება, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით ყველას ყველაფერში კონკურენციას ვერ გავუწევთ და არც არის აუცილებელი. თუმცა, თუ საბაზრო ნიშა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ კომპანია მასზე პოტენციურად წარმატებული იყოს, მაშინ მართვას, მართლაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ოღონდ არა აბსოლუტური. აქ აუცილებელია, გავითვალისწინოთ სახელმწიფო რეგულაციებიც. რაც არ უნდა სწორი მართვა ჰქონდეს ბიზნესს, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ აქვს სათანადო ხელშეწყობა, იგი საუკეთესო შემთხვევაში შეზღუდულია, უარესში კი – განწირული.
ამასთანავე, ბიზნესი რომ წარმატებული იყოს, ის კომპეტენტური კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. კადრები ნამდვილად ყველაფერს წყვეტენ. ეს კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია გამართულ საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელიც მოქნილი და ორიენტირებულია ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
ერთი მხრივ, მიმძიმს იმის თქმა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმატებას დღეს რამე ხელს უშლის, ვინაიდან გვაქვს წარმატებული ქართული ბიზნესის მაგალითები სხვადასხვა სფეროში. თუმცა, მაინც ხაზს გავუსვამდი ზემოხსენებულ ორ ფაქტორს.
ვებგვერდების დამზადების ბიზნესში ხართ ჩართული… როგორ ანაწილებთ დროს სამივე სამსახურისთვის?
– ყოველ მათგანს განსხვავებული დატვირთვა აქვს, ამიტომ პრიორიტეტების მინიჭება მიწევს.
თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას და მოღვაწეობას?
– კი, ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. პირველ რიგში, ვგულისხმობ სათანადო ცოდნას და გამოცდილებას. მინდა, აქ უფრო ღრმად ჩავერთო პროცესებში, რომლებიც ამის საშუალებას მომცემენ.
საქართველო, რომელიც შორიდან ჩანს…
– თითქოს შორეული, მაგრამ ტკივილამდე ახლობელი, ზედმეტად პოლიტიზებული, მუდმივად რაღაც გარღვევის მოლოდინში მყოფი, დროდადრო მონატრებული, საამაყო, განუმეორებელი.
ათ წელზე მეტია ლონდონში ხართ… მანდაურ ქართველებზე რას გვეტყვით?
– როგორც იტყვიან, წინა კაცი უკანა კაცის ხიდია. როდესაც ჩამოვედი, აქაური ქართველების დახმარებით გაცილებით სწრაფად გავერკვიე იმ ნიუანსებში, რაც ზოგადად ემიგრანტისთვისაა აუცილებელი. მათივე დახმარებით ვიპოვნე პირველი სამსახური და ადგილობრივი ცხორების წესს გავეცანი. რაც დრო გადის, მერე უკვე თავად ხარ დამხვდური და ცდილობ, იგივე გაიმეორო, ოღონდ უკვე დამხვდურის როლში.
ლონდონში
– არ მომწონს ამინდი. წლის განმავლობაში ცა უმეტესად ნაცრისფერია და ეს განწყობაზე მოქმედებს. მომწონს აქაური შრომის კულტურა და მოძრაობის წესების პატივისცემა. ასევე მამაკაცების აქაური კლასიკური სტილი, რომელიც იტალიურთან ერთად, ვთვლი, რომ საუკეთესოა მსოფლიოში.
– ლონდონში მრავალი ცნობილი პიროვნება გაიცანით…
– ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრია. გნებავთ, მოდის, გნებავთ, ფინანსური, გნებავთ ტექნოლოგიური და სხვ. ამიტომ აქ ხშირად შეიძლება შეხვდეთ ცნობილ ადამიანებს. ჩემი კომპანია („ლალიკი“) ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ წელიწადში ორჯერ ახდენს ახალი კოლექციის ჩაშვებას და, წესისამებრ, ამას ახორციელებს ცნობილ ხელოვანებთან თანამშრომლობის გზით. ამ გზით საშუალება მქონდა, მეხილა მუსიკოსები: ჟან-მიშელ ჟარი და ელტონ ჯონი, არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი და მხატვარი დამიენ ჰერსტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ხაზით საშუალება მქონდა, პირადად გამეცნო ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი გოგონა – უკრაინელი მსახიობი ოლგა კურილენკო, როდესაც ის ლონდონის ერთ-ერთ გალერეაში დედამისის  ფერწერული ნამუშევრების გამოფენას ესწრებოდა. ქუჩაშიც შევხვედრივარ ბევრ ცნობილ სახეს. მათ შორის იმხანად ქალაქის მერს – ბორის ჯონსონს, რომელიც თითქმის ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობდა. ასევე, სხვადასხვა სიტუაციაში შევხვედრივარ ფეხბურთელებს – პორტუგალიელ დეკუს და ბაშვობის დროინდელ კერპს, ჰოლანდიელ ედგარ დავიდსს. იმედია, მომავალშიც არაერთხელ მომეცემა საშუალება, ახალი და საინტერესო ნაცნობობის. ამ მხრივ ლონდონი იდეალური ადგილია.
ყველაზე დასამახსოვრებელი დღე?
– ამ მომენტის ჩათვლით უნივერსიტეტის გამოსაშვები დღე, ვინაიდან ნიშნავდა დასახული მიზნის მიღწევას და ამან დიდი დადებითი ენერგია მოიტანა.
ქუთაისი – მშობლიური ქალაქია… როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ქალაქი, როგორ ქუთაისში ისურვებდით ცხოვრებას?
– მამაქალაქი, როგორც ჩვენთან ვეძახით, მინდა იყოს უფრო მეტად დატვირთული ფუნქციონალურად. დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ პარლამენტის სესიები იქ იმართება. ასევე მხარს ვუჭერ საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტს, რომელიც თუ ბოლომდე მივიდა ახალგაზრდულ სიცოცხლეს დაუბრუნებს ქალაქს. იქ, სადაც სტუდენტობაა, საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემა მაღალი პულსაციით ხასიათდება. ამას თუ იმას დავუმატებთ, რომ იმატებს პირდაპირ ავიახაზების რაოდენობა ევროპულ ქალაქებთან, მათ შორის უკვე ლონდონთან, იმედი მაქვს, რომ ჩემი ქალაქი დაიბრუნებს ძველ დიდებას და სულაც არაა აუცილებელი, ეს ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი რანგში გააკეთოს.
სამომავლოდ?..
– ვაპირებ, გავიღრმავო ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რაც უკეთესს შანსს მომცემს, ზოგადად, ამ სფეროში ბიზნესის განვითარებისა და გაფართოებისათვის. ამისთვის რამდენიმე სასწავლო პროგრამა შევარჩიე, მათ შორის „გუგლის“ მიერ შემუშავებული, რომლებიც საუნივერსიტეტო ცოდნისაგან განსხვავებით იძლევიან დარგისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და გამზადებენ ყოველდღიური სიტუაციებისათვის. ასევე მინდა დავუბრუნდე აღმოსავლურ ორთაბრძოლებს. ადრე დაკავებული ვიკავი აიკიდოთი და ძალიან მინდა, ისევ განვაახლო. ვფიქრობ, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ამას შევძლებ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები