„ამ ფილმისთვის თითქმის ყველა სიმღერა ჩემს ლექსებზე დაიწერა“…
ბავშვობა კახეთში, საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გაატარა. სანაქებო და ღირსეული წინაპრები ჰყავდა…
ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო – როგორც ამბობს, შეუყვარდა და მიტომ!
პირველი ლექსები უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა… შემდეგ კი – ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ორი პოეტური კრებულის ავტორია.
მის ლექსებზე ლამაზი სიმღერებია დაწერილი, ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის „იავნანამ რა ჰქმნა“ თითქმის ყველა სიმღერა მის ლექსებზე შეიქმნა… ამბობს, რომ დრო გადაარჩევს ნამდვილ და ცრუ პოეტებს… – პოეტ ლალი გულისაშვილის პერსონა.
– ბავშვობა საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გაატარეთ… დიდი ოჯახი გქონდათ…
– ბავშვობა საგვარეულო სოფელ გიორგიწმინდაში გავატარე. სამი თაობა ერთად ვცხოვრობდით: ბებია და პაპა, მშობლები და ბავშვები – მე და ჩემი და. რა დამამახსოვრდა? მამაჩემს რომ შეშა მოჰქონდა გომბორიდან და კუნძები რომ ეყარა ირგვლივ….
– ცნობილი განმანათლებელი და მამულიშვილი იერემია გულისაშვილი დიდი პაპა იყო…
– იერემია გულისაშვილი აჭარაში სკოლების დამაარსებელი და დიდი პედაგოგი იყო. დავით ლორთქიფანიძემ (პედაგოგიკას გვასწავლიდა) რომ მკითხა, იერემია შენი რა იყოო, ვუპასუხე, დიდი პაპა-მეთქი და, რასაკვირველია, პასუხისმგებლობით და სიამაყითაც აღვივსე. იერემიას ორი პიესაც აქვს: „ცხოვრება ბრძოლაა“ და „დრონი მეფობენ“. იერემია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს.
– ბებია და პაპა… ცნობილი და სანაქებო წინაპრები გყავდნენ…
– ბებიაჩემის მამა მღვდელი იყო ქაშვეთის ეკლესიაში, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი („ჯადო მღვდელი“). ჰქონდა ნაშრომი „ელექტროგომეოპატიაზე“. ამიტომაც ეძახდნენ „ჯადოს“… მისი აშენებულია გიორგიწმინდის ეკლესია, ჯადო მღვდლის შეწირულია ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, რომელიც დღემდე ჰკიდია ძველი შესასვლელიდან… „ჯადო მღვდელი“ იცნობდა იაკობ გოგებაშვილსა და ვაჟა-ფშაველას, ეხვეწებოდა, გიმკურნალებთო (იაკობს სახსრები სტკიოდა და ვაჟასაც რაღაც აწუხებდა), მაგრამ არ დათანხმდნენ. ჯადოს ეგონა, მწერლები რომ იყვნენ, საზოგადოება უფრო დაუჯერებდა… იმიტომ, რომ ექიმი არ იყო… სამადლობელი წერილები კი მოსდიოდა, მაგრამ სულ სხვა იქნებოდა, ვაჟას რომ ეთქვა, მომარჩინაო….
„ჯადო მღვდელს“ ქონება ჩამოართვეს. რაც გადარჩა – აღდგომის ხატი და სახარება, ბიძაჩემმა – დიმიტრი გულისაშვილმა გიორგიწმინდის ეკლესიას გადასცა. ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი დახვრიტეს ოცდაჩვიდმეტში. ოკუპაციის მუზეუმში ვნახე: ქაშვეთის ეკლესიის მთავარი… და ა.შ.
მიშა პაპაზე და მარო ბებიაზეც გეტყვით… ბებიაჩემი რუსულის მასწავლებელი იყო, ლენინის ორდენოსანი! მახსოვს, მე და მარინას ბიძაშვილებთან ერთად რომ დაგვსხამდა და „კარნახს“ გვაწერინებდა…
პაპა მეტყევე იყო. სახერხი ჰქონდა… ერთი ცხენი გვყავდა, „მიშკა“ ერქვა…
დედა – ნინა დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. მამა ჯიმშერი – ისტორიის. გერმანული ენა ბრწყინვალედ იცოდა, გერმანულსაც ასწავლიდა. გომბორში სკოლის დირექტორი იყო…
– სკოლის პერიოდი…
– სკოლაში შემიყვარდა პირველად!
– შემდეგ იყო სტუდენტობა… უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდით… დისერტაცია დაიცავით…
– ყველაზე ბედნიერი ხანა იყო სტუდენტობა! უდიდესი კვალი დატოვეს ბატონებმა – გრივერ ფარულავამ, თემო მაღლაფერიძემ და რეზო სირაძემ. რეზო რა სასტიკად გარდაიცვალა… გახსენებაც არ მინდა…
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 17 წელი ვმუშაობდი ლიტერატურის ინსტიტუტში. ზაზა აბზიანიძე იყო ჩემი ოპონენტი დიპლომის დაცვაზე და მან გამიწია რეკომენდაცია.
1983 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: „მეოცე საუკუნის ლიტერატურულ-კრიტიკული აზროვნება 10-იან წლებში“. ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე კალანდაძე. ეჭვიანი კაცი იყო, თუმცა მიყვარდა და ვუყვარდი…
ალ. კალანდაძე სამამულო ომის მონაწილე იყო. ტყვედ ჩაუვარდა ფაშისტებს. ელოდებოდა დახვრეტასა და წამებას, მაგრამ გადარჩა და რომ დაბრუნდა სახლში, ახლა აქ დაიწყეს მისი დაკითხვა-წამება….
ერთ მოგონებას გავიხსენებ. ალექსანდრე გაანაწილეს საგარეჯოში სკოლის დირექტორად, იმავე სკოლაში ასწავლიდა ბებიაჩემიც. რომ ვთქვი, ალექსანდრე არის ჩემი ხელმძღვანელი-მეთქი, გადაირია ბებია, მოიყვანეო, დაიჟინა. მეც ვუთხარი და… ბამბანერკა დაიჭირა ხელში და გამომყვა ხალისიანად. ბებია ფეხმოტეხილი იწვა (4 წელი). ისე შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოს გუშინ დაშორდნენო… ბებია გაეპრანჭა კიდეც, თუმცა არც კაცი აკლებდა….
ორივე მემადლიერებოდა!
– პირველი ლექსები…
– ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე. შემიყვარდა და მიტომ!
„ქუჩებს დავდევ მწუხარების ანაბარი,
მათხოვარი… ჩემი ბედი სხვა არ არი…
მე საჭმლისთვის, ფულისათვის ხელს არ ვიშვერ,
მე დავეძებ შენს ნაკვალევს, წამწამს გიშერს“… და ა.შ.
– გახმაურდა და სიმღერა შეიქმნა ლექსზე – „მითხარი“… რაიმე ისტორია ხომ არ უძღვის წინ?
– „მითხარის“ არაფერი არ უძღვოდა წინ. უბრალოდ, ავტორს – ნინო სულიაურს მოეწონა და მთხოვა, რომ დავწერო, ხომ არ გეწყინებაო და მეც დავთანხმდი.
– ფილმს „იავნანამ რა ჰქმნა“ თქვენს ლექსებზე შექმნილი სიმღერები ამშვენებს…
– „იავნანაში“ თამრიკო ჭოხონელიძე რომ მღერის: „დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო“… ჩემი ლექსია. ნანა ჯანელიძემ მთხოვა, თითქმის ყველა სიმღერა ჩემს ლექსებზეა დაწერილი… კიდევ, ზვიად ბოლქვაძეს აქვს ორი სიმღერა ჩემს ლექსზე და მან მე და ჩემი შვილი კონცერტზეც დაგვპატიჟა….
– მუშაობდით ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად და მერე დირექტორად… თანამედროვე სკოლის პრობლემებიდან რომელს გამოყოფდით?
– სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი განათლებასთან დაკავშირებით. თუნდაც ის, რომ ათას „ზღაპარს“ ყვებიან განათლების მინისტრზე…
– ნამდვილი პოეტი – როგორი უნდა იყოს?
– ნამდვილი პოეტი უნდა იყოს გულწრფელი! ისეთი რამე უნდა თქვას, სხვები რომ ვერ იტყვიან.
დრო გადაარჩევს ნამდვილ და ცრუ პოეტებს.
– ბედნიერება რა არის?
– როცა თავისუფალი ხარ, ესაა ნამდვილი ბედნიერება….
– თქვენი ერთი ლექსი…
„სასწაულები არ ხდება, მაგრამ
ხომ შეიძლება, დეკემბრის ღამეს
გამომაღვიძოს შენმა ჩურჩულმა:
– თოვლი მოსულა“….
– ორი კრებულის – „დაბრუნება ძველ სახლში“ და „საგაზაფხულო ლოცვა“ ავტორი ხართ. ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?
– კი, ვმუშაობ, მაგრამ ფული არ მაქვს, რომ გამოვცე… ვიშოვი, არაფერია!
– დღე, რომელიც ძვირფასი იყო თქვენს ცხოვრებაში…
– როცა ჩემი შვილი დაიბადა….
– როგორ წერთ ლექსს, როგორ მოდის შთაგონება?
– შთაგონება ხან როგორ მოდის და ხან კი… მიდის! ხან ლექსის ერთი სტრიქონიც კმარა… აბა, რა ვიცი…
– ჰობი…
– ჰობი არა მაქვს!
– „მაქვს ლექსების ორი კრებული – „დაბრუნება ძველ სახლში“ და „საგაზაფხულო ლოცვა“. მყავს ერთი შვილი – ქრისტინე კანდელაკი, ჯერჯერობით ერთი შვილიშვილი – ირაკლი კლდიაშვილი, ლაბრადორის ლეკი და ნახევარი სამშობლო“… – ასე დაწერეთ თქვენს ბიოგრაფიაში. რას დაამატებდით?
– ნახევარი სამშობლო… ჩემმა შვილმა აუცილებლად უნდა ნახოს აფხაზეთი და სამაჩაბლო…
თამარ შაიშმელაშვილი