ბოლნისში დასუფთავების კამპანია მიმდინარეობს – რა თანხით დაჯარიმდებიან მოქალაქეები ტერიტორიის დანაგვიანებისთვის
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების კამპანია მიმდინარეობს, კამპანია მუნიციპალური და სხვა სახის ნარჩენებისაგან გარემოს დასუფთავებას გულისხმობს.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ნარჩენების მართვის კუთხით სისტემატურად ახორციელებს შემოვლებს. გასულ კვირას სამსახურის თანამშრომლებმა საინფორმაციო ხასიათის გაფრთხილებები გადასცეს სოფელ რატევანში მდებარე ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტსა და ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომელსაც აქვს ფერმერული მეურნეობა.
„აღნიშნული გაფრთხილებები პირველ ეტაპზე საინფორმაციო ხასიათისაა, რომლითაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად ტერიტორიის დანაგვიანება მუნიციპალური (საყოფაცხოვრებო) ნარჩენით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნაჩენით, შლამისებრი ნივთიერებებით, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენით, ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა, სახიფათო ნარჩენის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებეულებების შეუსრულებლობა, სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა, გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 80 დან 1500 ლარის ოდენობით.” – აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურში.
აღნიშნულმა პირებმა საკუთარი ძალებით უნდა მოახდინონ თავისი ობიექტისა და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა- გასუფთავება მუნიციპალური და სხვა სახის ნარჩენით.
ამავე დროს მათ განემარტათ, რომ ზედამხედველობის სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა თავის მხრივ წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.