ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
,,1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა ახალციხეში.
დღეს, ქალაქის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით პატარებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
პატარა სტუმრების წინაშე კონცერტით წარსდგა საბავშვო სტუდია ,,პალიტრა’’, გაიმართა ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა დრამერ-შოუ, გასართობი ცენტრების ,,ბეიბი ბუმისა“ და „ჰეფი ქიდსის“ ანიმაციურმა გმირებმა კი პატარები განსაკუთრებულად გაახალისეს. ასევე, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ხატვის მასტერკლასი გაიმართა და მსურველებს სახეზეც მოხატვაც შეეძლოთ.
პარკის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობით სხვადასხვა გასართობი თამაშები და საბავშვო ვიქტორინები მოეწყო, ხოლო გამარჯვებულები ტრადიციულად სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, მერიისგან საჩუქრად სათამაშოები და ჰელიუმის ბუშტები დაურიგდათ ღონისძიებაზე შეკრებილ სხვა პატარებსაც.
აღსანიშნავია, რომ 1 ივნისთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, შშმ ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 78 ბავშვს, თითოეულს 300 ლარის ოდენობით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უსურვებს ნათელ და ბედნიერ მომავალს!”,- წერია ინფორმაციაში.