ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება კახა კუკავამ მისცა

 საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მოწმეები ჩვენებას აძლევენ. ბრალდების მხარის დასაკითხ მოწმეთა შორის ნონა გაფრინდაშვილი, კახა კუკავა, გია ბურჯანაძე და სახალხო დამცველის წარმომადგენლები არიან. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით უკვე დაიკითხა აქციის მონაწილე – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანმშრომელი ირაკლი მჟავანაძე. მჟავანაძემ დეტალურად გაიხსენა კინოთეტრ „რუსთაველში“ სპერაზმელების შეჭრის ფაქტი. როგორც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი იხსენებს, პოლიციელები იმ ადამიანებს, რომლებიც თავს კინო „რუსთაველს“ აფარებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ.
„კინოთეატრის ადმინისტრაციამ პოლიციას უთხრა, რომ დარბაზში კინოჩვენება მიმდინარეობდა. პოლიციამ კი უპასუხა, თუ აქ ვინმეს არ აღმოაჩნდებოდა კინოს ბილეთი, ისინი მათ დემონსტრანტებად ჩათვლიდნენ და გაუსწორდებოდნენ“, – იხსენებს ირაკლი მჟავანაძე.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ პროცესზე 26 მაისის აქციის დარბევისას გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა. კუკავამ გაიხსენა, თუ როგორ სცემა სპეცრაზმმა პირადად ის და აქციის სხვა მონაწილეები. მისივე თქმით, ძალოვანები მომიტინგეებს რუსეთის აგენტებს, პუტინისტებს და ბურჯანაძის მონებს უწოდებდნენ.
„სპეცრაზმელები ურტყამდნენ ყველას, უმიზეზოდ, თუნდაც იმის გამო, რომ ვინმეს ტელეფონზე დაურეკავდნენ. მე პირადად, როდესაც სპეცრაზმი მირტყამდა, სახეზე ავიფარე ხელები თავდაცვის მიზნით. თუმცა უკნიდან ჩამარტყეს კეფაში, რის გამოც ვმკურნალობდი თავის დაზიანებები გამო“, – იხსენებს კუკავა.
კახა კუკავას დაკითხვის შემდეგ მერაბიშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა. მას კუკავასთვის შეკითხვები არ დაუსვამს. 26 მაისის საქმეზე ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. ბრალდებული მხარის თანახმად, მერაბიშვილმა გასცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა რეზინის ტყვიების, ხელკეტების, ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და ცემის ხარჯზე დაშალეს 26 მაისს გამართული მიტინგი. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს მოედნიდან ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს და ალყაში მოაქციეს. ალყაში აღმოჩენილი მოქალაქეები კინო „რუსთაველის“ შენობაში შეიჭრნენ, მათ კვალდაკვალ სპეცრაზელებიც გაჰყვნენ. ფაქტიდან რამდენიმე საათში კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე შენობის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილე მამაკაცის გარდაცვალება სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტებამ და ცემამ გამოიწვია. აღნიშნულ აქციაზე გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი. მაშინდელი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციელი აქციის ორგანიზატორის ესკორტმა მანქანით გაიტანა. 26 მაისის დარბევას გამოეხმაურნენ ნატოსა და ვეროკავშირის წევრი სახელმწიფოები. საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების შეფასებით, აქციის დარბევა ძალის უხეში გამოყენებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები