პორტუგალიის აეროპორტში ჩამომხრჩვალი ქართველი საქართველოს საელჩოს მძღოლი აღმოჩნდა
საქართველოს მოქალაქე, რომელიც პორტუგალიის აეროპორტში რამდენიმე დღის წინ ჩამომხრჩვალი იპოვეს, პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში მძღოლად მუშაობდა – ამის შესახებ გაზეთ „ალიას“ პორტუგალიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ შტაბის დამაარსებელი ირაკლი ბარამიძე ესაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ექსტრადირების საკითხი გადაწყვიტა. „საელჩოს დიპლომატიურნომრიან მანქანას, მოგეხსენებათ, იმუნიტეტი იცავს. მძღოლი ნასვამი იყო. პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა. საელჩომ რომ ვერ მოახერხა მძღოლის დაცვა, მარტივი გამოსავალი იპოვა და გაათავისუფლა სამსახურიდან. მიუსაჯეს 5 წელი. 6 იანვარს გადაწყდა, რომ ეს ადამიანი ექსტრადირებული უნდა ყოფილიყო საქართველოში. დარწმუნებული ვარ, საელჩოს 6 იანვრამდე ეს ადამიანი არ მოუკითხავს. პროცედურები დასრულდა, დოკუმენტები გადაიგზავნა და 6 იანვარს ეს ადამიანი აეროპორტის სადეპორტოში, სადაც უნდა ჩაესვათ თვითმფრინავში, ჩამომხრჩვალი იპოვეს“,- აცხადებს ირაკლი ბარამიძე. მისი თქმით, საქართველოს საელჩოს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეგობარმა შეატყობინა. „ეს ადამიანი ან მოკლულია იქ პატიმრების მიერ, ან ისეთი რამ მოხდა, რასაც პოლიცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მალავდა. სანამ ჩემი მეგობარი პორტუგალიელი ადვოკატი არ მივიდა პოლიციაში და ოფიციალურად არ გააკეთა განაცხადი, არ უთხრეს, რომ ეს მძღოლი 21 იანვარს ნახეს ჩამომხრჩვალი. 6 იანვარს ჩამომხრჩვალ ადამიანზე 21-ში თქვეს, გარდაიცვალაო. ამის შემდეგ, საქართველოს საელჩო გარდაცვალების ფაქტს იგებს ჩვენგან და იმის მაგივრად, რომ ელჩმა რაიმე მწუხარება გამოთქვას, ამბობს, ამ მძღოლს ინტერპოლი ეძებდა და თავი მოიკლაო. 2010 წლიდან პორტუგალიის საელჩო და ელჩი გოგა გორგილაძე ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეების დაცვას. ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომ საელჩომ საქართველოს რომელიმე მოქალაქის დაცვა მოახერხა“, – ამბობს ირაკლი ბარამიძე. ირაკლი ბარამიძე პორტუგალიაში საქართველოს ელჩს გულგრილობაში ადანაშაულებს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს. მისი თქმით, იგი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს პირადად ესაუბრა.