„რუსთავის წყალი“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში, 50 ახალ კადრს შეარჩევს და დაასაქმებს
კომპანია „რუსთავის წყალი“, ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში დასაქმების ფორუმს მართავს. ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით ახალი კადრების მოზიდვა და შერჩევა.
შედეგად, კომპანია „რუსთავის წყალში“ 50 საუკეთესო კანდიდატი დასაქმდება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, კომპანია „რუსთავის წყალი“ განახლებას გეგმავს, რაც თავის მხრივ, გასულ წელთან შედარებით, სამჯერ მეტი – 5 მლნ. ლარის ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განახლებაა. შესაბამისად, კომპანიისთვის აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა. დასაქმების ფორუმს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – პაატა ხიზანაშვილი – ქვემო ქართლის გუბერნატორი, გიორგი ბეგაძე – რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით მაღლაკელიძე – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანია „რუსთავის წყალი“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს სტაჟირების პროგრამასაც სთავაზობს. საუკეთესო კანდიდატები კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასა და სერვისცენტრში სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან. ღონისძიებაზე კომპანია ,,რუსთავის წყალსა“ და სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ,,რუსთავის წყალი“, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, „მოდუსის“ დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების და კურსდამთავრებულების გადამზადებას უზრუნველყოფს.