მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარებზე: ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი, ვიღაცებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების განხილვასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, უსმენენ, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
მაკა ბოჭორიშვილი იხსენებს 2022 წელს განაცხადის გაკეთებიდან საქართველოს მიერ განვლილ გზას.
„ჩვენი განაცხადის შემდგომ არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ გააკეთეთ განაცხადი ახლა ნახავთ მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას მე გეუბნებით დაახლოებით მარტის პერიოდში, ანუ ახალი გაკეთებული გვქონდა განაცხადი და ვნახოთ ის 85 % მოსახლეობის, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტართა დამოკიდებულება აჩვენებდა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ვიღაცებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით, რასაც მოჰყვა სცენარი 2-ის „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ ჩაშვება.
„ანუ ეს წინადადება უკვე ნათქვამი ცხადად აჩვენებდა იმას, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ვიღაცებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით. 2022 წელს, არჩევნების არანაირი პერსპექტივა უკვე არ არსებობდა, აღარ არსებობდა არანაირი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა, სცენარი 2 „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ . მე ასე დავარქმევ ამას, მე არ დავარქმევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ, ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არჩეული იყო ქართველი ხალხის მიერ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.