მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საქართველოდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერაყის, რუსეთის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ნიგერიისა და მაროკოს – ჯამში 34 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება წარმოადგენს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.