“დათა ახალაიამ და კუდის სხვა მაღალჩინოსნებმა სასტიკად გვაწამეს“
2005 წლის ხუთ ოქტომბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ გატაცებული კახაბერ დაბრუნდაშვილი გატაცების დეტალებს იხსენებს. “მე და ჩემი მეგობარი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან უცნობმა პირებმა გაგვიტაცეს. წაგვიყვანეს კოჯრის მიმართულებით და შემდეგ აღმოვჩნდით ოქროყანის მიმდებარე სასაფლაოზე, სადაც, კუდის თანამშრომლები, ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გვაწამეს. ადგილზე დათა ახალაია და კუდის სხვა მაღალჩინოსნები იყვნენ”,- აცხადებს კახაბერ დაბრუნდაშვილი“ქრონისკასთან“ საუბარში. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ხოლო ბრალდების შესახებ გამოტანილია დადგენილებები ყოფილი მაღალჩინოსნების: ამავე დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას და პირველი სამმართველოს უფროსის გერონტი ალანიას მიმართ.