„სიცოცხლე ცოტა ხნით გვეძლევა ვალად, რომელიც სიყვარულით უნდა გადავიხადოთ“… – მაია ვერძეულის საახალწლო სურვილები ისრაელიდან
ავლაბარში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან მღერის… ჯერ სახელგანთქმული „მზიური“ და შემდეგ გოგონათა ანსამბლი „ნანა“ დაუვიწყარ მოგონებებად დარჩა… იმ პერიოდის გაჭირვებამ სამშობლო მასაც დაატოვებინა… ისრაელის ქალაქ აშდოდში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თითქმის მთელი ისრაელი მოიარა კონცერტებით და წარმოდგენებით… ისრაელის საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა „დიდი არტისტიზმით და უშუალობით“ გამორჩეული ქართველი მომღერალი.
ამბობს, რომ უზომოდ არის შეყვარებული თბილისზე, „აქედან შევნატრი ჩემს თბილისს, ჩემს ბავშვობას“… უახლოეს პერიოდში გეგმავს საქველმოქმედო კონცერტს თბილისში, რომ ავადმყოფ და გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმაროს. – მაია ვერძეულის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, ავლაბრის უბანში. ვსწავლობდი 84-ე საშუალო სკოლაში. მშობლები: ხანჯალა ვერძეული ძველი მომღერალია. იგი ბავშვობიდან მღეროდა და უკრავს ფანდურზე. პატარაობიდანვე დიდ სცენაზე გამოდიოდა. მღეროდა ანსამბლ „ორიონში“. ქორწინების შემდეგ მან დაამთავრა კარიერა მუსიკის დარგში და მიჰყვა ოჯახურ ცხოვრებას.
დედა – მალვინა სეფიაშვილი ქუთაისელია. დედა მედიცინის მუშაკი იყო თბილისში და ისრაელშიც მედდაა.
ავლაბარი ჩემთვის ყველაზე საყვარელი და თბილი ადგილია, სადაც ბავშვობა და ქალწულობა – ჩემი ყველაზე ლამაზი დრო გავატარე.
ამ უბანში ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა და ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, ერთმანეთის ფასი ვიცოდით. ვუფრთხილდებოდით ერთმანეთის ღირსებას.
ქალს თავისი ადგილი ჰქონდა და კაცს – თავისი. ზუსტად ის ავლაბრული „გაგება“, როგორც ჩვენ ვიძახით ხოლმე და ვიცინით, ძალიან დამეხმარა ცხოვრების მანძილზე თავის გატანასა და ქალური ღირსების შენახვაში.
მახსოვს იქაური მეზობლები, როგორ ვიკრიბებოდით საღამოს ყველა ერთად და ყველას გამოჰქონდა სახლიდან ვახშამი. კაცებს დიდი ბიდონით ლუდი მოჰქონდათ და ბავშვები – ყველა ერთად ვთამაშობდით, ჩვენს მშობლებს კონცერტს ვუტარებდით. ვინც რა იცოდა, ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი ლექსს კითხულობდა… ეს თურმე დიდი სიყვარული და სითბო იყო და ვერც კი ვგრძნობდით, რა ბედნიერები ვიყავით.
მახსოვს ჩემი სკოლა, მეგობრები… კლასში ყველა რჯულის ბავშვი ვიყავით და, ეროვნების, ან სიმდიდრის გამო, არასოდეს არავინ დაუჩაგრავთ.
ცხოვრება ასე მიმაჩნია – ყველა ერთად უნდა ვიყოთ.
მიყვარს ჩემი ავლაბარი, ჩემი კუთხე მისი დაგრეხილი ქუჩებით და დამტვრეული გზებით.
– 5 წლიდან მღერიხართ… შემდეგ იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და „მზიური“, სადაც 5 წელი გაატარეთ…
– მუსიკის ნიჭი ჩემში მამამ აღმოაჩინა, ფორტეპიანოზე რომ უკრავდა, ყოველთვის გვერდზე ვედექი და ავყვებოდი ხოლმე. უკვე 5 წლის ასაკში ორ ხმაში ვმღეროდით.
საბავშვო ბაღიდან ამა თუ იმ კონცერტზე მასწავლებელს მივყავდი, როდესაც საზღვარგარეთის ელჩები და დელეგაცია ჩამოდიოდა. რა თქმა უნდა, ჩემი გამოჩენა ყოველთვის სიცილს გვრიდა ყველას. იმიტომ რომ დიდი სცენისთვის ძალიან პატარა და, ამასთანავე, ძალიან პრანჭიკელა ვიყავი.
5 წლის ასაკში მიმიყვანეს პიონერთა სასახლეში, გავიარე მისაღები გამოცდები (მაშინ ასე იყო) და მოვხვდი ქალბატონ შურა ჯანელიძის ვოკალურ ჯგუფში. იქ უამრავ სიმღერას, სცენაზე მოქცევის ილეთებს გვასწავლიდნენ, ხმის დამუშავებაზე ვმუშაობდით…
ჩემთან ერთად იყვნენ დღეს უკვე ძალიან ცნობილი მომღერლები: ლელა წურწუმია, ქეთი გაბისიანი… თამრიკო გვერდწითელი მრავალჯერ იყო ჩვენთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენი შურა მასწავლებელი და მისი არაჩვეულებრივი ნუციკო ჯანელიძე ასწავლიდა ყველას, ასევე – მანანა მაისურაძე, მაია ასლამაზიშვილი…
რამდენიმე წლის შემდეგ გადამიყვანეს „მზიურში“. იქ დავყავი ორნახევარი წელი. რადგან სკოლის საათები არ ხვდებოდა „მზიურის“ საათების განრიგს, გამოვედი. რა თქმა უნდა, იქაც მახსოვს ჩვენი დღევანდელი მომღერლები: ნატო მეტონიძე, ქეთი გაბისიანი, ლიკა ბოჭორიშვილი…
საერთოდ, ანსამბლი „მზიური“ იმთავიდანვე ყველაზე ძლიერ ანსამბლად ითვლებოდა, ყველას უყვარდა ჩვენი გამოჩენა და განსაკუთრებული სიყვარულით გვიცქერდნენ… რა თქმა უნდა, გამიძნელდა მათი დატოვება, მაგრამ ძალიან შორს არ წავსულვარ, თან პიონერთა სასახლის ცალკეული სოლისტი ვიყავი და თან გოგონათა ანსამბლ „ნანაში“ მიმიღეს. მისი ხელმძღვანელი ბატონი დათო ტურიაშვილი იყო. იგი ქალბატონ შურა ჯანელიძის შემდეგ ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო.
მხოლოდ მუსიკას კი არ გვასწავლიდა, ადამიანობას, სიყვარულს და მეგობრობას თესავდა ჩვენში. იქ მარტო გოგონები ვიყავით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმოგზაურეთ საზღვარგარეთ, ძველი საბჭოთა კავშირის ქალაქებში უამრავ კონცერტსა და პრეზენტაციაზე გამოვსულვარ.
ჩემთან ერთად ანსამბლში იყო დღევანდელი პერსპექტიული კომპოზიტორი, ქალბატონი ეკა თევზაძე, მუსიკისა და სიმღერის ცნობილი მასწავლებელი ეკა ჩხეიძე და სხვ.
– მიამბეს, ერთ-ერთი კონცერტის დროს სკოლაში როგორ გახდა სცენაზე დირიჟორი ცუდად და თქვენ უდირიჟორეთ კონცერტს… გაიხსენეთ ეს ამბავი….
– 1985 წელს ჩვენი სკოლა რაიონულ ოლიმპიადაზე გამოდიოდა. მე, რა თქმა უნდა, სკოლაში ძალიან ცნობილი პიროვნება და გუნდშიც სოლისტი ვიყავი. ჩვენი სიმღერის მაშინდელი მასწავლებელი აწ გარდაცვლილი, ბატონი შოთა ქათამაძე ომის მონაწილე და ვოკალის ძალიან ცნობილი პედაგოგი იყო. გავედით სცენაზე და მთელი გუნდი ვმღეროდით… უცებ ჩვენს მასწავლებელ შოთას, რომელიც დირიჟორობდა, სცენაზე ინფარქტი დაემართა და ჩვენ თვალწინ დაეცა…
ძალიან შევშინდით, კულისებიდან სკოლის დირექტორი მარიამ მესხი და რაიკომის თავმჯდომარე ღამბაშიძე მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, რომ მე განეგრძო ჩემი მასწავლებლის დაწყებული საქმე (მედირიჟორა ამხელა გუნდისთვის). რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და ვუდირიჟორე. ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი აიღო. ძალიან დიდი მადლობა და სიგელი მივიღე დირექტორისგან და რაიკომისგან.
– სტუდენტობა…
– სტუდენტობა დიდად არ დამცალდა. ერთი წელი ვიყავი სტუდენტი, მერე დედა გავხდი და ყველაფერს თავი დავანებე. თუმცა იქაც ანსამბლში სოლისტად ვმღეროდი. ჩვენი მასწავლებელი იყო განთქმული ფოკლორისტი დალი კანდელაკი.
– 1994 წლიდან ისრაელში ახვედით… რატომ გადაწყვიტეთ წასვლა სხვა ქვეყანაში?
– 1984 წელს მეუღლით და ორი შვილით ისრაელში გავემგზავრე, საქართველოში ძალიან გვიჭირდა. ომის პერიოდი იყო. თან მეუღლე ავად გახდა და გვითხრეს, რომ ისრაელში უშველიდნენ… რა თქმა უნდა, ძნელია, მოწყდე იმ გარემოს, რომელიც ძალიან გიყვარს და სადაც ყველაფერი შენია. წახვიდე იქ, სადაც არავინ და არაფერი ხარ და ყველაფერი დაიწყო თავიდან, შეეგუო იმ ხალხს, რომელსაც არ იცნობ და არაფერი გაკავშირებს მასთან, მაგრამ რას იზამ? ცხოვრება მიედინება და ამ დინებას უნდა გაჰყვე.
– მოღვაწეობთ ქალაქ აშდოდში…
– ვცხოვრობ ქალაქ აშდოდში. მაქვს პატარა ბიზნესი. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ჩემს სიყვარულს სიმღერისადმი არ ვთმობ. 6 წლის განმავლობაში ვიყავი აშდოდის სატირა-იუმორისტულ თეატრში მსახიობად. ხელმძღვანელები არიან ზაურ ბოთერაშვილი და პოეტი ნანა შაბათაშვილი. თითქმის მთელი ისრაელი შემოვიარეთ კონცერტებით, ყველა დიდი ოვაციით გვხვდებოდა. აქედან გამიცნო ისრაელის საზოგადოებამ. მრავალჯერ მიმიწვიეს ისრაელის ტელევიზიაში, მრავალ კონკურსში, ფესტივალში ვმონაწილეობდი…
– ხელს უწყობთ ისრაელი-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას, რეპერტუარში გაქვთ როგორც ქართული, ისე ებრაული, რუსული და სომხური სიმღერებიც…
– აქ ძალიან ძნელია რეპერტუარის ამორჩევა, იმიტომ რომ რასაც საქართველოში ვმღეროდი, აქ არ ესმით. ჩემი აზით, ამ სიმღერებით უნდა აღიზარდო, რომ მისი სიყვარული შეგეძლოს, ეს უნდა გაითავისო. აქ უფრო მეტად მხიარული სიმღერები უყვართ, რომელიც ახალისებს ადამიანს. ამასთანავე, უყვართ რელიგიური სიმღერები. რა თქმა უნდა, რამდენიმე მაქვს და სახელი ზუსტად ამან გამითქვა. სომხური იმიტომ ჩავუმატე, რომ ჯერ ერთი, ავლაბარში გავიზარდე და აქ ამას ახლა არავინ მღერის და მეორეც, აქაურ პუბლიკას უყვარს ეს სტილი.
– „სიყვარულს დაგიფიცებ შენ, ჩემო თბილისო“… – თბილისზე განსაკუთრებული სიყვარულით მღერიხართ… როდის იყავით ბოლო დროს თბილისში?
– რაც კი თბილისს შეეხება, ყველა სიმღერა მიყვარს. თბილისზე უზომოდ ვარ შეყვარებული. ეს არის ჩემი ოცნება, სუნთქვა, სიხარული, რომელიც იქ დავტოვე.
22 წელია თბილისში არ ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ, როგორ მენატრება, როგორ შევნატრი აქედან ჩემს თბილისს, ჩემს ბავშვობას…
მომწონს, რომ თბილისი ახლდება, ლამაზდება, მაგრამ ძალიან არ გადააგვარონ!.. ის არ უნდა დაემსგავსოს საზღვარგარეთის რომელიღაცა ქალაქს. თბილისი თბილისად უნდა დარჩეს თავისი თბილისობით, გორგასლით და მეიდანით, სიონით…
– რამდენად გაქვთ ურთიერთობა „მზიურელებთან“? ლელა წურწუმია ბავშვობის მეგობარია…
– „მზიურელებთან“ ურთიერთობა არ მაქვს, რადგან ცოტა ხანს დავყავი იქ. ჩემი „ნანას“ ანსამბლის გოგოებს კი ინტერნეტით ვუკავშირდები. ლელასთან მაქვს კავშირი, ისიც აქ, ისრაელში რომ ჩამოდის. ამ ზახულს გემით ერთად ვიყავით კვიპროსში, კონცერტებით.
– პროფესიონალიზმი, დიდი არტისტიზმი, უშუალობა, ტემპერამენტი… – ასე წერს ისრაელის მედია თქვენზე… რას დაუმატებდით?
– დავუმატებდი იმას, რომ ძალიან თავმდაბალი ვარ და ზოგჯერ ეს უარყოფითად აისახება ჩემს მოღვაწეობაზე. ძალიან ბევრი ადამიანი უშნოდ იყენებს ამას, არ აფასებს პროფესიონალიზმს, შეხედულებას და ეს ძალიან მაღიზიანებს. თურმე უნდა მგელი იყო, რომ კბილებით დაითრიო ყველაფერი. ჩემი აზრით, ეს სულმდაბალი ადამიანის თვისებაა და მე ასეთი ვერ გავხდები.
– თქვენი ოჯახის ყველა წევრი ისრაელშია. ძმა -კახა ვერძეული ბავშვობაში სასახლეში დუდუკზე უკრავდა…
– მე თითქმის ყველა – მშობლები, შვილები, ნათესავები ისრაელში მყავს. ჩემი ძმა – კახა ვერძეული უკვე 8 წელია გერმანიაში ცხოვრობს. ბავშვობაში ისიც სასახლის მედუდუკეთა ანსამბლში უკრავდა, მისი მასწავლებელი ზაურ მერებაშვილია. დღეს ზაური ქართული ცეკვის სახელგანთქმულ ანსამბლ „სუხიშვილებში“ წამყვანი მედუდუკეა.
კახაც ძალიან ბევრს მოგზაურობდა. ბავშვობაში გასტროლებზე იყო. მრავალი ჯილდო მიიღო. ერთ-ერთ კონცერტზე კახას და მის მეგობარს სურათი გადაუღეს ფორმებით და დუდუკებით ხელში. ეს სურათი მაშინ საქართველოს ყველა გაზეთში პირველ გვერდზე დაიბეჭდა. მეც მათი ანსამბლის სოლისტი ვიყავი.
– ორი ვაჟი გყავთ…
– მყავს ორი ვაჟი და სამი შვილიშვილი.
უფროსი ვაჟი დაქორწინებულია, სამი შვილის მამაა. იგი ყოველდღე ადამიანთა ცხოვრების გადასარჩენად იღწვის – მეხანძრეა, ძალიან მამაცი და გამრჯეა (დედასავით). მეც ძალიან მამაცი ვარ. მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა და კრიმინოლოგია.
მეორე ვაჟი კომპიუტერულ-საინჟინრო ტექნოლოგიას სწავლობს.
– რას გეგმავთ უახლოეს პერიოდში?
– უახლოეს პერიოდში მიწვეული ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჰოლანდიაში. თუმცა ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლაც. თბილისში კონცერტის დაგეგმვაზე რამდენიმე პიროვნებას უკვე ველაპარაკე. მინდა მთლიანი შემოსავლით დავეხმარო საქართველოში ავადმყოფ და გაჭირვებულ ბავშვებს. როგორ მოხერხდება, არ ვიცი, გულით ძალიან მინდა, რომ მცირე წვლილი შევიტანო ჩემი საქართველოს კეთილდღეობის საქმეში.
– შემოქმედის წარმატებისთვის ყველაზე ნაყოფიერი ახალგაზრდობის წლებია თუ ეს მერე, ასაკის მატებისას უფრო იგრძნობა?
– შემოქმედის წარმატებისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე ნაყოფიერი ახალგაზრდობის წლებია. როცა ახალგაზრდა ხარ, სისხლი გიჩქეფს, არ გაძლევს საშუალებას, რომ მოდუნდე. ყველაფერი უფრო ჩქარა მიდის წინ, მეტი შესაძლებლობა გაქვს ფიზიკურად, გწყურია წინსვლა და გამარჯვება. ჩემს შემთხვევაშიც ახალგაზრდის დანახვა უფრო უხარიათ სცენაზე, ვიდრე ხანშიშესულის. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაგრამ დღეს ამას აღარავინ უყურებს.
– ადამიანები, ვინც დიდი როლი შეასრულა თქვენს მოღვაწეობასა და წინსვლაში?
– ადამიანები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს, ესენი არიან:
მამაჩემი, ვინც სიმღერა მასწავლა;
შურა და ნუციკო ჯანელიძეები;
დათი ტურიაშვილი;
სანდრო მირიანაშვილი – კომპოზიტორი, რომელიც პატარაობიდანვე მზრდიდა, როგორც მომღერალს და შვილივით ვუყვარდი;
ზური ბოთერაშვილი, რომელმაც ისრაელის სცენაზე პირველმა ამიყვანა და მომცა საშუალება, ჩემი შემოქმედება გამომევლინა;
მერი ამშიკაშვილი – ისრაელის ქართული რადიოს წამყვანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ჩემს სიმღერებს უკეთებს პოპულარიზაციას;
მიხეილ ხენი – რომელიც ყოველთვსი გვერდში მიდგას;
თამაზ ნემსაძე – ჩვენი მაესტრო, რომელიც ძალიან მეხმარება.
– თქვენი ცხოვრებისეული კრედო სიყვარულია. ერთ ინტერვიუში თქვით, რომ გული იღლება არა სიყვარულით, არამედ ბოროტებით, გაუტანლობით, უმეცრებით, ენაავარდნილობით… და მაინც, სიყვარული ძნელი მგონია…
– ყველაზე მთავარ თემას მივადექით. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი სიყვარულზე თქმულა. სიცოცხლე სულ ცოტა ხნით გვეძლევა ვალად, რომელიც სიყვარულით უნდა გადავიხადოთ. გვახსოვდეს, სიყვარული გაცემაა და არა მიღება. მისკენ მიისწრაფის ყოველი სულდგმული, მაგრამ იმდენად დიდი და მძიმეა, რომ მისი ტარება მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულთა ხვედრია. თითოეული ჩვენგანი ანაწილებს მას და იღებს იმდენს, რამდენის ზიდვაც ძალუძს.
– ახალი წლის ტრადიცია თქვენს ოჯახში…
– ახალ წელს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ტრადიციული კერძები კეთდება და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. ახალ წელს მთლიანი ოჯახით ერთად ვხვდებით და ყოველთვის ვმხიარულობთ. თუმცა ბოლო ორი წელია, ჩემს ოჯახთან ერთად ვერ ვახერხებ ახალი წლის შეხვედრას, რადგან ბევრ ადგილზე მაქვს გამოსვლა და მთელი ღამე მანქანით დავრბივარ ერთი კონცერტიდან მეორეზე.
წელსაც ასეა: ისევ დიდ კონცერტზე ვარ მიწვეული, სადაც საქართველოს და ისრაელის გამოჩენილი მომღერლები ვიქნებით.
– ახალი წლის დღეებია და რას ეტყოდით თქვენს თაყვანისმცემლებს, საქართველოს?
– ჩემს თაყვანისმცემლებს ვუსურვებდი, ახალ წელს ყველაფერი ძველი და უვარგისი თქვენი შრომის შედეგად ახლით და უკეთესით შეგეცვალოთ. გისურვებთ, ამაღლდეთ რწმენით, სიკეთით და პატიოსნებით.
ჩემს საქართველოს ვუსურვებ დიდებას და მზეგრძელობას, ახალ წელს მისთვის ახალი სიბრძნე და ენერგია მოეტანოს, – ახალი წყაროები და ნაკადულები აღმავლობისა, ახალი სითბო და სიტკბო.
ღმერთს ვთხოვ უცხოობაში მყოფი ჩვენი ხალხის სიცოცხლესა და ბედნიერებას. მისცეთ მათ სურვილი და ღვთიური მადლი სამშობლოში დაბრუნებისა, ვინაიდან „სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა“…
ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო საქართველოვ!
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი