„იაპონიაში აზრადაც არავის მოუვა, რომ სხვისი ნივთი მიითვისოს“ – რას ჩაიფიქრებს ახალ წელს ამომავალი მზის ქვეყანაში ჯაბა მესხიშვილი?  

 

მის ბავშვობას ომები და ფინანასური კოლაფსი დაერთო, როცა ოჯახები გადარჩენისთვის იბრძოდნენ საქართველოში. წიგნების კითხვით ცდილობდა, რეალობას გაქცეოდა და ფანტაზიით ემოგზაურა სხვაგან…
სწორედ ასეთი „მოგზაურობის“ დროს გაიცნო იაპონია, ენის შესწავლაც დაიწყო და 
დღეს უკვე კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტია.
განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანა მის თვალწინ გასაოცარი თავისებურებებით გადაიშალა. ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის ენატრება და აუცილებლად დაბრუნდება. „თუკი ყველამ დატოვა ქვეყანა და უცხოეთს შეაფარა თავი, მაშინ ქვეყანას ვინღა დააყენებს ფეხზე?!“ – ჯაბა მესხიშვილის პერსონა.

15676056_10206568149317334_6432506153519595941_o– ჩემი თაობის ყველა ბავშვის მსგავსად, მეც ბნელ 90-ანებში მომიწია ბავშვობის წლებმა, ელექტროენერგიას გრაფიკით ვიღებდით, ან საერთოდ არ იყო. ამიტომ სწავლა და კითხვა სანთლის, ან ლამფის შუქზე მიწევდა, ამის გამო რამდენჯერმე კითხვაში გართულს თმებიც კი ამტრუსვია. იმ პერიოდში იმდენი დასამახსოვრებელი რამე ხდებოდა ირგვლივ, რომ შეიძლება ერთი წიგნი დაიწეროს.
პურის რიგები, მეტროს გვირაბში ჩარჩენილი მატარებლები, ბუნებრივი აირის გათიშვები, ჩაბნელებული ქუჩები, ავტომატის ყოველდღიური სროლები და ა.შ.
ახლა რომ ვფიქრობ, მაშინ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული, ჩემი თაობის ბავშვების მშობლებს სერიოზულ გამოწვევებთან მოუწიათ შეჯახება. სსრკ-ს დანგრევის შემდეგ ისინი სრულიად ახალი რეალობის, ახალი სამყაროს პირისპირ აღმოჩნდნენ, ამას თან დაერთო ომები და ფინანსური კოლაფსი. უმეტესობას უწევდა ბრძოლა ოჯახის გადარჩენისთვის. მათი ამაგი და გარჯა შეუფასებელია. ახლანდელი ბავშვების ცხოვრებას ჩემს ბავშვობას რომ ვადარებ, ვხდები, ქვეყანა ძალიან წინ არის წასული.
ჩემს დროს ავტომატის ცარიელი გილზებით ვთამაშობდით, ახლა კი აპედებით და სმარტფონებით ერთობიან.
ყველაზე მეტად მიტაცებდა ფეხბურთის თამაში და ყურება. ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა და ხატვაზე გადავერთე, რომელიც დღემდე რჩება ჩემს ჰობად.
ყველაზე გამორჩეულად მაინც წიგნების კითხვა მიყვარდა. ეს იყო საშუალება, ბნელი 90-იანებისთვის დროებით თავი დამეღწია და წიგნის პერსონაჟებთან ერთად მემოგზაურა აფრიკის ჯუნგლებში, ამერიკის პრერიებში, საქართველოს კუთხეებში, წარსულში ისტორიულ პირებთან ერთად გავმხდარიყავი მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილე და ა.შ. კითხვით მიღებული სიამოვნებასთან ერთად განათლებასაც ვიღებდი.
მეექვსე წელია იაპონიაში, კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობრით დაგაინტერესა იაპონიამ?15493238_10206568149797346_13018448409035890_o
– ეს შეკითხვაც ნაწილობრივ ჩემს წინა პასუხს უკავშირდება. ბავშვობაში წავიკითხე წიგნი რუსი ზღვაოსნის, გოლოვნინის შესახებ, რომელიც იაპონელებმა დაატყვევეს, პირველად მცირე ინტერესი მაშინ გამიჩნდა ამ ქვეყნის მიმართ. შემდეგ უკვე იაპონელი დიდი მწერლების –  იასუნარი კავაბატას, აკუტაგავა რიუნოსკეს,  კენძაბურო ოეს ნაწარმოებები წავიკითხე.
მათი წაკითხვის მერე მივხვდი, რომ ეს იყო დანარჩენი მსოფლიოსგან მკვეთრად განსხვავებული ერი და კულტურა, რომელმაც შეძლო ევროპული კოლონიზატორებისგან საკუთარი ქვეყნის და კულტურის დაცვა და  მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოდ იქცა.
შემდეგ იაპონური ენის შესწავლის სურვილი გამიჩნდა, რათა უკეთ გამეცნო ეს ქვეყანა. სწორედ ამ მიზნით ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მივიღე ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. თუმცა იაპონიის უკეთ გასაცნობად იაპონიაში განათლების მიღება ყველაზე კარგი საშუალებაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე იაპონიაში სწავლის გაგრძელება. საბედნიეროდ, გამიმართლა და დღეს უკვე კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ.
იაპონიის მთავრობის კვლევით პროგრამებში გაიმარჯვე და ასე მოხვდი იაპონიაშიმაგისტრის ხარისხიც მიიღე და დღეს დოქტორანტურაში სწავლობრამდენად ნაყოფიერი იყო  ეს წლები?
– კი, ნამდვილად ასეა, იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებულ პროგრამაში გავიმარჯვე და ორწლიანი სასწავლო გრანტი მომცეს. შემდეგ კი 2-ჯერ გამიხანგრძლივეს, პირველად, როდესაც ჩავაბარე მაგისტრატურაში, მეორედ კი, – დოქტორანტურაში ჩარიცხვის შემდეგ.
ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერია ჩემი სწავლა კობეს უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია იაპონიაში. ამ 6 წლის განმავლობაში პროფესიულად ძალიან გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს სამაგისტრო წარჩინებით დავამთავრე და ვთვლი, რომ ურიგო განათლება არ მიმიღია, იაპონიაში სწავლის პერიოდში ძალიან ბევრ საკითხს ახლებურად შევხედე და გავიაზრე. უკეთ შევისწავლე იაპონური ენა, აქაური მიდგომა სწავლისა და კვლევისადმი.
ახლა უკვე შემიძლია იაპონურ წყაროებზე მუშაობა, რაც იაპონიაში ჩამოსვლის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელზე მეტია აქ ვსწავლობ, მაინც ყოველდღიურად ახალი საკითხების შესწავლა მიწევს, რაც საქართველოში სწავლის პერიოდში შეუძლებელი იყო.
შორიდან დანახული საქართველო რა გენატრება?15675820_10206568148477313_1295225726865172_o
– საქართველო ყოველდღე ჩემს ფიქრებში ტრიალებს. იაპონიაში კი ვცხოვრობ, მაგრამ აზრებით და ფიქრებით საქართველოში ვარ. აქ ყოფნის დროს ქართულ ფილმ ,,ფესვებს“ სულ სხვანაირად შევხედე.
შევამჩნიე, რომ, ფილმის მთავარი პერსონაჟის მსგავსად, მეც ხშირად მემართება მოულოდნელად ფიქრებით საქართველოში, ჩემს წარსულში გადასვლა და სხვადასხვა მოვლენის გახსენება.
ყველაფერი მენატრება საქართველოში, – ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ქართული კერძები, გარემო, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობდი. უფრო მეტსაც ვიტყვი, მტვრიანი ქუჩებიც და ძველი, დაზიანებული ტრანსპორტიც კი მენატრება. ვერაფრით ვუგებ იმ ხალხს, ვინც საქართველოდან მიდის და უკან მოხედვა არც უნდა.
ცდილობენ, დაივიწყონ ყოველგვარი ქართული და ქართველობა. შვილებსაც კი არ ასწავლიან ენას. ამას მხოლოდ ფინანსურ საკითხს ვერ დავაბრალებ… რადგან საქართველოში არც მე მქონია დალხენილი ფინანსური ცხოვრება და, მიუხედავად ამისა, ძალიან მენატრება. ჩემი აზრით, ეს უფრო აღზრდას და ნაკლებ პატრიოტიზმს უკავშირდება.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ ვხედავ საქართველოს შორიდან, ვცდილობ, ყოველდღიურად მივადევნო თვალი ახალ ამბებს. მეც განვიცდი მანდ არსებულ პრობლემებს. თუმცა, ჩემი სუბიექტური შედარებით, საქართველო წინ მიდის, ეს განსაკუთრებით ეხება ქართულ საზოგადოებას, 2011, 2014 და 2016 წელს ჩამოვედი საქართველოში და ყოველ ჯერზე საქართველო წინ წასული მხვდება.
როდესაც ადგილზე ცხოვრობ, შეიძლება ვერ ამჩნევდე ამ პროგრესს, მაგრამ როდესაც გარკვეული ხნის შემდეგ ჩადიხარ, წინსვლა უკეთ დასანახია. ამას ალბათ ფეისბუქის არსებობამაც შეუწყო ხელი. სწრაფად ხდება აზრების ურთიერთგაცვლა და გარკვეულ საკითხზე სწორი პოზიციის ჩამოყალიბებაც.
უწინ საქართველოში არსებულ პრობლემებზე არ იყო ასეთი დისკუსიები, ახლა უკვე დაწყებულია პრობლემებზე საუბარი და მათი გადაწყვეტის ძიებაზე მიდის მსჯელობა და პროტესტიც. ეს ძალიან სასარგებლოა ქვეყნისთვის, რადგან სწორედ ასეთი საუბრების და საერთო აზრის შეჯერების შემდეგ იწყება არსებული პრობლემების აღმოფხვრა.
15676016_10206568149597341_6025755173252756892_oიგივე გზა გაიარა იაპონიამ და დღეს უკვე მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ განვითარებულ სახელმწიფოდ, მაგრამ თუკი შევადარებთ, სად ვიყავით 20-25 წლის წინ, რამდენი ომი გადაიტანა ქვეყანამ და როგორ რთულ რეგიონში გვიწევს ცხოვრება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით სერიოზულად ვპროგრესირებთ. ამას განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ, როდესაც ვსაუბრობ ჩემს სომეხ, უკრაინელ და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრებთან, საქართველო მათთან შედარებით ბევრად წინ არის, თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევის გზაზე.
რამ გაგაოცათ იაპონიაში?
– იაპონია იმდენად განსხვავებული კულტურის ქვეყანაა, რომ შეიძლება ძალიან ბევრმა რამემ გაგაოცოთ. ამჯერად გამოვყოფ იაპონელთა პატიოსნებას. ქურდობის შემთხვევა ძალიან ცოტაა.
იაპონიაში რომ ჩამოვედი, ძალიან გაოცებული ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში, ან ეზოში უპატრონოდ დატოვებულ კომპიუტერს, საფულეს ან ელექტროლექსიკონებს ვხედავდი. არავის აზრად არ მოუვა, რომ სხვისი ნივთი მიითვისოს.
ქუჩაშიც ბევრჯერ დამინახავს მძინარე მთვრალი კაცი, მის გვერდით კი დაგდებული მისი საფულე და მობილური, კაციშვილი არ ფიქრობდა მის გაძარცვას. ასევე, რამდენჯერმე შევსწრებივარ, გამყიდველს შეცდომით ზედმეტი ხურდა დაუბრუნებია მყიდველისთვის. მყიდველს კი უკან დაუბრუნებია ზედმეტი ხურდა. სხვისი ნივთის მითვისება აქ ძალიან ცუდ და მიუღებელ საქციელად ითვლება.
ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ იაპონიაში წელიწადში საშუალოდ 30 000 სუიციდის ფაქტი ფიქსირდება, თვითმკვლელთა დიდი ნაწილი რკინიგზაზე ამთავრებს სიცოცხლესო... რით არის ეს განპირობებული?
15723417_10206568148357310_2563273530065678859_o– სამწუხაროდ, იაპონიაში მსოფლიოში თვითმკვლელობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ცხოვრებისეული სტრესია.
შორიდან ჩანს, რომ თითქოს იაპონელები ძალიან კარგად და უზრუნველად ცხოვრობენ, სინამდვილეში ძალიან ბევრს მუშაობენ და სტრესულ გარემოში უწევთ ყოფნა. პრაქტიკულად არ აქვთ დასვენების დრო, ასევე არ ჰყავთ ისეთი მეგობრები, ვისთანაც შეძლებენ საკუთარი დარდების გაზიარებას.
იაპონიაში კარგ საქციელად არ ითვლება საკუთარი პრობლემის სხვისთვის თავზე მოხვევა. ეს ყველაფერი კი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას და ბევრი ამას ვერ უძლებს. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ზოგი სუიციდით ცდილობს, ფინანსური ვალდებულებისგან გაანთავისუფლოს საკუთარი ოჯახი, ზოგი ჯანმრთელობის პრობლემების გამო იკლავს თავს, ზოგი შეურაცხყოფას ვერ იტანს და პროტესტის ნიშნად თავს იკლავს. მაგალითად, სრულიად წარმოუდგენლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სკოლაში თანაკლასელებისგან ჩაგვრის გამო დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც კი ასრულებენ სიცოცხლეს სუიციდით.
კობე საპორტოსავაჭრო ქალაქად ითვლება. რით არის გამორჩეული ეს ქალაქი, ცხოვრების რა პრინციპები აქვს?
კობე იაპონიის 6 დიდ ქალაქში შედის, მისი ღამის ხედი კი იაპონიის 3 საუკეთესო ღამის ხედად არის აღიარებული. 1995 წლის კობეს მიწისძვრამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს, მაგრამ მთავრობის დახმარებით მალევე აღადგინეს და განაახლეს ქალაქი, დღესდღეობით კი უკვე თანამედროვე ქალაქია და ძალიან მოწესრიგებული მოქალაქეები ცხოვრობენ. ყველა მაქსიმალურად იცავს კანონებს.
მომწონს კობეს ადგილმდებარეობა. იაპონიის მთავარი კულტურული ადგილები მის სიახლოვესაა, ერთ დღეში შესაძლებელია იაპონიის მთავარი ქალაქების: კიოტოს, ნარას, ოსაკას, ჰიროშიმას… მონახულება.
ძალიან წყნარი ქალაქია და კარგად აქვს განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
მოსახლეობის 80-90% საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, სამსახურში მანქანებით იშვიათად დადიან. ასევე გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას არის, სამხრეთით ზღვის სანაპიროა, ხოლო ჩრდილოეთით – ტყეებით დაფარული მთები.  მეგაპოლის ტოკიოსგან განსხვავებით, ბევრად უფრო თბილი და გულისხმიერი ხალხი ცხოვრობს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, კობე ერთ-ერთი მთავარი პორტია იაპონიაში და ბევრი ტვირთი მოძრაობს. 1995 წლის მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურაც. თუმცა მიწისძვრის შემდეგ პორტი მალევე აღადგინეს.
რამდენად შეშფოთებულები არიან, ზოგადად, ტერორისტული აქტების მომრავლებით კობეში? 15732202_10206568150797371_2580974763375500905_o
– ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, იაპონიაშიც ტერორისტული აქტებით საკმაოდ შეშფოთებულები არიან, თუმცა განსაკუთრებული შიში არ შეიმჩნევა, ყველას იმედი აქვს, რომ იაპონიაში  ტერორისტები ადვილად ვერ შეაღწევენ.  ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ იაპონია პრაქტიკულად არ იღებს ქვეყანაში ლტოლვილებს (8 ათასამდე თხოვნიდან, მხოლოდ 27 კაცს მისცეს ლტოლვილის სტატუსი), სამუშაო ვიზის მიღება კი ძალიან რთულია და იაპონიაში ადვილად მოხვედრა გამორიცხულია. შესაბამისად, ეს ამცირებს ტერაქტების რისკს.
 სპორტს თუ მისდევთ და სპორტის რომელი სახეობა გიზიდავთ?
– სამწუხაროდ, აქ ვერ მივდევ სპორტს, ხანდახან ფეხბურთს ვთამაშობდი, თუმცა ბოლო პერიოდში ვერც ფეხბურთის თამაშს ვახერხებ. რაც შეეხება სპორტის სიყვარულს, მომწონს ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო… რაც იაპონიაში ვარ, ძალიან შემიყვარდა სუმო (იაპონური ჭიდაობის სახეობა). ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი იყო ქართველი სუმოისტების წარმატებული ასპარეზობა, მათ გამო დავიწყე ყურება და იმდენად საინტერესო სპორტი აღმოჩნდა, რომ სულმოუთქმელად ველი ასპარეზობების დაწყებას.
როგორ აისახება მსოფლიო კრიზისი კობეზე?
– ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ეკონომიკური კრიზისი კობეზეც აისახა, თუმცა ეს განსაკუთრებულად თვალში საცემია. როგორც ვიცი, მოსახლეობა ცდილობს, ნაკლები დახარჯოს და გადაინახოს თანხები შავი დღისთვის, ასევე, კრიზისის დასაძლევად, მთავრობამ გაზარდა გადასახადები, რაც მთლიანად მოსახლეობის საფულეზეც აისახა და შემცირდა მსყიდველუნარიანობა. შემცირდა რესტორნებში და სხვა გასართობ ადგილებში სტუმართა რიცხვიც. ხალხი ცდილობს, შედარებით ნაკლები დახარჯოს.
ქართველები კობეში15732516_10206568148437312_8932000451343642662_o
კობეში სამიოდე ქართველი ვართ. ქართველების ძირითადი ნაწილი ტოკიოშია თავმოყრილი. ჩემ გარდა, კობეში კიდევ 2 ქართველი ცხოვრობს, ორივე კობეს უნივერსიტეტის სტუდენტია. ერთი შარშან,  შემოდგომაზე ჩამოვიდა და მეორე – წელს, გაზაფხულზე. ორივე კარგი ადამიანია და, როგორც ვიცი, წარმატებით ართმევენ სწავლას თავს. სხვა ქართველები, სამწუხაროდ, არ არიან. კობესგან ცოტა მოშორებით, კიოტოში ცხოვრობს კიდევ რამდენიმე ქართველი და პერიოდულად ვიკრიბებით ხოლმე.
რით არის გამორჩეული იაპონური სამზარეულო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა ქართულ ქვევრთან ერთად?
– იაპონური სამზარულო, მართლაც, გამორჩეულია, ჩემთვის ერთგვარად სასიამოვნო სიუპრიზი იყო, როდესაც 2013 წლის 4 დეკემბერს, ქართული ქვევრის ღვინოსთან ერთად, იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტასტუსი მიიღო. იაპონური სამზარეულოს მთავარი ღირსება მისი სიჯანსაღე და მრავალფეროვანი ვიტამინებია. აგრეთვე, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თეფშზე კერძის დაწყობისას მის სილამაზეს, ზოგიერთი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
იაპონურ სამზარეულოს, იგივე ვაშოკუს მთავარი ინგრედიენტებია: ზღვის პროდუქტები, ბრინჯი, სოიოს სოუსი და სხვადასხვა ბოსტნეული.
ხორცის კერძების კულტურა მე-19 საუკუნის მიწურულმდე იაპონიაში არ არსებობდა, ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობების შემდეგ გაჩნდა ხორცის ჭამის კულტურა. მას შემდეგ ხორცისგან დამზადებული კერძებიც ერთ-ერთ მთავარ იაპონურ კერძებად ითვლება. იაპონელები, ძირითადად, მცირე ულუფებით იკვებებიან, პურის მაგივრობას აქ ბრინჯი სწევს. ჯანსაღი საკვების შედეგია ის, რომ იაპონიაში სიმსუქნის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.
 რამდენად იცნობენ საქართველოს და მის კულტურას პონიაში?15732294_10206568149197331_9130823745416205589_o
– სიმართლე გითხრათ, საქართველოს კულტურას იაპონიაში თითქმის არ იცნობენ. ყველაზე მეტი ქართული ღვინის შესახებ იციან, რომელიც ბოლო პერიოდში თანდათან ცნობილი ხდება, ამაში დიდი როლი იუნესკოს მიერ აღიარებამაც ითამაშა. მეც ჩემი მხრივ ვცდილობ, გავაცნო აქაურებს ჩვენი კულტურა და სასაჩუქრედ ხშირად ვარჩევ ქართულ ღვინოებს. ამით ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასაც ვეწევი. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქართული ღვინის გაყიდვები და ცნობადობა აშკარად გაზრდილია.
ჩემს სახლთან მეგამარკეტი მდებარეობს, სადაც 2 წლის წინ ერთი სახეობის ღვინო იყიდებოდა, ხოლო დღეს უკვე 5 სახეობამდე გაიზარდა. იციან ისიც, რომ ქართული მაწონი სიცოცხლის ხანგრძლივობას უწყობს ხელს და დიდი ხანია იყიდება კიდეც იაპონიაში ,,კასუპიკაი იოგურტოს’’ სახელით.
რაც შეეხება საქართველოს, მეტ-ნაკლებად გაუგიათ, თუმცა ზოგს ამერიკის შტატში ერევა. ყველაზე მეტად აქ იციან ედუარდ შევარდნაძე, კახა კალაძე, ნინო ანანიაშვილი და ქართველი სუმოისტები – თეიმურაზ ჯუღელი (სუმოში მეტსახელად გაგამარუ), ლევან გორგაძე (ტოჩინიშინ) და ლევან ცაგურია (კოკკაი). უნდა ითქვას, რომ საქართველოს ყველაზე მეტ პოპულარიზაციას სწორედ ქართველი სუმოისტები ეწევიან და იაპონიაში ძალიან დაფასებული ხალხია.
იაპონური ენა კმაოდ რთულიარატომ იყო თქვენთვის მიმზიდველი?
– ენის სწავლაზე მეტად იაპონიის გაცნობამ მიმიზიდა და იმიტომ გადავწყვიტე ენის შესწავლაც. მართლაც, ძალიან რთული ენაა, მარტო დამწერლობა აქვთ 3 სახეობის, მათ შორის კანჯი (იეროგლიფი) ყველაზე რთული სასწავლია. ამას ემატება იაპონური გრამატიკაც, რომელიც თავიდან, სწავლის დაწყების პერიოდში, ძალიან ადვილი გგონია, მაგრამ რაც უფრო მაღალ დონეს აღწევ, საკმაოდ რთულდება და ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალია, რომელიც უცხოელისთვის რთულად გასაგებია და თავად იაპონელებსაც უჭირთ გამართული იაპონური.
ახალი ლი ახლოვდება…  იაპონელების გამორჩეული საახალწლო წესჩვეულება15732386_10206568148517314_8382497439698236746_o
– იაპონიაში საკმაოდ საინტერესო საახალწლო ტრადიციები აქვთ. დეკემბრის თვეში მეგობრები, თანამშრომლები ან ოჯახის წევრები ერთმანეთს რესტორნებში, ან შინ ხვდებიან, ძველი წლის გაცილების წვეულებას მართავენ. ხოლო ახალი წლის ღამეს,  ოჯახის წევრები, ძირითადად, ერთად ეგებებიან შინ, ან შინტოისტურ ჯინჯას ტაძარში, სადაც ყველა ერთად ითვლის ახალი წლის დადგომის ბოლო წამებს… შემდეგ იწყება ტაიკოებზე (იაპონური დოლი) დაკვრა და ხალხის მსვლელობა ტაძრისკენ.
ტაძრის შესასვლელთან სპეციალური ხის ყუთებია, სადაც ფულს ყრიან და ღმერთს სურვილის შესრულებას სთხოვენ. იქვე იყიდება ერთგვარი ლატარიები, რომლითაც შენი იმ წლის ბედი წერია თემატურად (კარიერა, ჯანმრთელობა, სიყვარული, მგზავრობა, ფინანსები და ა.შ.) თუკი მისი შინაარსი არ მოგეწონება, იქვე ხეს ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილს შეაბამ და ღმერთს სთხოვ, არ ასრულდეს.
ვინც ვერ ახერხებს ჯინჯაში ახალი წლის ღამეს მისვლას, მომდევნო დღეს მიდის. ახალ წელს იაპონური სუფრის აუცილებელი კერძია ,,ოსეჩი“. ეს არის ერთ ლანგარზე, ან ყუთში მოთავსებული რამდენიმე კერძის ერთობლიობა.
ყველა კერძს თავისი დატვირთვა აქვს. „ოსეჩი“, ძირითადად, შედგება შემდეგი კერძებისგან: დატემაკი – შემწვარი ტკბილი კვერცხი, სწამთ, რომ მისი დაგემოვნება იმ წელს სწავლა-განათლებაში დაეხმარებათ; კური-კინტონ, იგივე ტკბილი წაბლი – დოვლათიანი წლის მიმანიშნებელია; კობუ მაკი – თევზის ხვეული ბედნიერების მომტანი; კაძუნოკო – ქაშაყის ქვირითი ნაყოფიერების სიმბოლოა, ები – ლობსტერი სიცოცხლის ხანგრძლივობის. კურომამე – შავი ლობიო ჯანმრთელობის საწინდარია, ტაცუკირი – გამომშრალი სარდინის ლიფსიტები სიუხვის;
რენკონ – ლოტოსის ფესვები კარგი მომავალს და იღბლიანობას ნიშნავს, გობო – ოროვანდის ფესვები – სიძლიერეს და სტაბილურობას; ტაი – კაპარჭინა წარმატების მომტანია, მოხარშული თევზის ცომის მაგვარი მასა კოჰაკუ კამაბოკო კი – მზის ამოსვლის…
სამომავლოდ აპირებ საქართველოში დაბრუნებას?15732603_10206568150397361_7794382306502488589_o
– სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ. როგორც კი მოვრჩები სწავლას, მაშინვე გამოვეშურები საქართველოში. მართალია, ბევრი მეუბნება, საქართველოში ფინანსური პრობლემებია და ჯობია, იაპონიაში დარჩეო, მაგრამ მაინც საქართველოში მირჩევნია დაბრუნება. სხვა თუ არაფერი, თუკი ყველამ დატოვა ქვეყანა და უცხოეთს შეაფარა თავი, მაშინ ქვეყანას ვინღა დააყენებს ფეხზე?!
ვიცი, რომ ვრისკავ, მაგრამ მზად ვარ გამოწვევებისთვის. რაც შეეხება ჩემს გეგმებს საქართველოში, ამ ეტაპზე მხოლოდ სადოქტორო თემისკენ მაქვს მთელი ყურადღება მიმართული და სამომავლო გეგმებზე ჯერ არ მიზრუნია. თუმცა ვფიქრობ, რომ განათლების სფეროში ჩემი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ყველაზე უპრიანი იქნება.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები