სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე მხარეთა კამათი გაიმართება

  საქალაქო სასამართლოში სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე მხარეთა კამათი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე, რომელიც 14.00 საათზე დაიწყება, თავდაპირველად, დაცვითი სიტყვას ადვოკატები წარმოადგენენ – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სერგო თეთრაძის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიებამ უკვე 2 ეტაპი დაასრულა და დაცვის მხარე მოსამართლის წინაშე საკუთარი არგუმენტებს წარადგენს.
„მოგეხსენებათ, სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის პირველი და მეორე ეტაპი დაასრულა. ამის შემდეგ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასამართლო მესამე ეტაპის განხილვაზე გადავიდეს, კომკრეტულად, საქმე ეხება უკანონო დაკავებისა და საქმის გამოძიების საკითხს“ – განუცხადა „კვირას“ მაგდა კოტრიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე,  2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს, მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დანაშაულის არ არსებობის გამო შეწყდა. 2012 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა ს. თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაახლა გამოძიება. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით, სერგო თეთრაძე, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არაერთხელ სცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, სერგო თეთრაძე, ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა. 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს და შემდგომში ამ დეპარტამენტის უფროსს მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს ოლეგ ფაცაციას, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს – ვიქტორ ყაჭეიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ბრალდება წარედგინათ. 2013 წლის 16 იანვარს სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს მეგის ქარდავას და გლადანის №8 საპყრობილის ხელმძღვანელობას: ალექსანდრე მუხაძეს, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, ოლეგ ფაცაცია და ვიქტორ ყაჭეიშვილი კი პატიმრობაში ციხის სკანდალთან დაკავშირებულ წამების ბრალდებაზე უკვე იმყოფებიან. 2012 წლის 13 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა დავით ლონდარიძემ გლდანის მერვე საპყრობილე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები