დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში სამი ციხე-სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა სოფელ შატილის №35, №36 და №39 ციხე-სახლების სახურავების რეაბილიტაცია.
სააგენტოს ინფორმაციით, ის შატილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ატარებს. 2022 წელს განახლდა №11, №12, №13 და №14 ციხე-სახლების სახურავები და აღდგა ბანები. 2023 წელს ჩატარდა №4, №5, №23, №25 და №26 ციხე-სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოიხსნა №52 ციხე-სახლის ამორტიზებული აივანი. ასევე, განსაკუთრებით რთულ №20 ნაგებობას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები და განახლდა №24 სახლის სახურავი.
მიმდინარე წელს დასრულდა N35, N36 და N 39 ციხე-სახლების გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახურავები გაიწმინდა მცენარეული საფრისგან, სახურავებიდან გაიტანეს გრუნტი, მოიხსნა დაზიანებული თიხა-ტკეპნილი და რულონური გადახურვა, ახალი მასალის გამოყენებით ნაწილობრივ გადაეწყო ორსაფეხურიანი ფიქლის ქვის ლავგარდანი, გასუფთავდა რკინა-ბეტონის ფილები, მოილესა ბეტონის დაზიანებული ფილები და ჰიდროსაიზოლაციო ფენა გაკეთდა რულონური მასალით. გარდა ამისა, №35 ციხე-სახლზე მოიხსნა პირველი დონის გადახურვის დაზიანებული ხის კოჭები, გადაეწყო საყრდენი ქვის სვეტი და მასზე მოეწყო ახალი ხის კოჭების კონსტრუქცია.
ჩამოთვლილი სამუშაოებისთვის სააგენტომ დახარჯა 149 700 ლარი. რეაბილიტაცია ჩაატარა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „არქიტექსმა“.
შატილის ციხე-კოშკები ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელ და ციხესიმაგრის ფუნქციას ითავსებდა. სოფლის განაპირს მიუყვება მიჯრით ნაგები ციხე-სახლები, რომლებიც მიუვალ კედელს ქმნის. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობა-ნაგებობების ძირითადი ტიპია ბანიანი სახლები და კოშკები. საყურადღებოა ბანებს შორის გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის დროს მთელი სოფლის შემოვლა გარეთ გამოსვლის გარეშე შეიძლებოდა. შატილის კოშკები საუკუნეების მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს.