„არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი“ – მსახიობი, რომლისთვისაც თეატრი სახლია
თეატრი მისთვის სახლივითაა… ბავშვობიდან დაწყებული სიყვარული უფრო ლამაზად გაგრძელდა, რამაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე მიიყვანა. შემდეგ იყო საინტერესო როლებიც, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი და დიდი წარმატებაც… ამბობს, რომ ნებისმიერ როლს გაითავისებდა. „მჯერა, მომეცემა საშუალება და შევძლებ მრავალფეროვანი როლების თამაშს, რომლითაც მაყურებელს დავაფიქრებ და სიამოვნებას მივანიჭებ“… – „პერსონის“ დღევანდელი სტუმარია მსახიობი მარიამ მონიავა.
– 1991 წელს, საქართველოსთვის საკმაოდ რთულ პერიოდში დავიბადე, თუმცა 90-იანი წლების პრობლემები არ მიგრძვნია.
ჩემი ოჯახი ყველაფრით უზრუნველყოფილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ სიყვარულით სავსე გახლდათ; ნებისმიერ სიტუაციაში, სიხარულსა და მწუხარებაში თანადგომა იგრძნობოდა. ოჯახი ჩემთვის გაიგივებულია ნდობასთან.
– მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ?
– როგორც მეუბნებიან, 1 წლის ვიყავი, პირველად თოჯინების თეატრში რომ წამიყვანეს. შემდეგ ბალეტზე ვყოფილვარ, თუმცა რეაქცია მოცეკვავეებზე კი არა, მუსიკაზე მქონდა…
„გედების ტბა“ გადიოდა და რომ უკითხავთ, მოგეწონაო, ერთადერთი რამ მითქვამს – ოქროსფერი მუსიკა იყოო… სახლში მეზობლებს ვეპატიჟებოდი სპექტაკლზე, სიუჟეტს მე თვითონ ვიგონებდი. ყველა ჩემი თოჯინა და ცხოველი მონაწილეობდა ამ წარმოდგენაში… 10 წლის ვიყავი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის საბავშვო სტუდიაში საკმაოდ რთული კონკურსის შედეგად რომ მოვხვდი. გია კიტიასთან და განსაკუთრებით გურამ ვაშაკიძესთან ურთიერთობამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩემი ოჯახის სამეგობრო წრე ხელოვანებასთანაა დაკავშირებული. როდესაც თეატრში შევდიოდი, სახლის შეგრძნება მქონდა.
მახსოვს, პირველად რომ ვნახე „ჩემი პატარა ქალაქი“, უცნაური გრძნობა, ჩემთვის გაურკვეველი ემოცია დამეუფლა…
ამ სიყვარულმა და განცდებმა მიმიყვანა თეატრალურ უნივერსიტეტამდე.
– თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პერიოდი…
– თეატრალური უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი. იქ მე ცხოვრება ვისწავლე, შევიძინე მეგობრები, რომლებთან ერთად საკმაოდ ბევრი სირთულე გადავლახე, დღეს კი ჩვენ ოჯახი ვართ. ჩემი პედაგოგების – გოგი თოდაძის, თამარ ხიზანიშვილის, ნატო ჩიტაიას დამსახურებაა ჩემი პროფესიული წინსვლა.
ნუგზარ ლორთქიფანიძე არ იყო ჩემი პედაგოგი, მაგრამ იყო მრჩეველი, რომლის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი და ღირებული იყო.
– შეასრულეთ როლები: „სამანიშვილის დედინაცვალში“, მარჯანიშვილის თეატრის წარმოდგენაში „მაკბეტი – ბედისწერა შენს ხელშია“ და სპექტაკლში: „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“…
– ჯერჯერობით ბევრი როლი არ მაქვს შესრულებული: დარიკო „სამანიშვილის დედინაცვალში“, რომელიც თეატრისა და კინოს სახ. უნივერსიტეტი მესამე კურსის საკურსო სპექტაკლია. მარჯანიშვილის თეატრის წარმოდგენაში „მაკბეტი – ბედისწერა შენს ხელშია“ ალქაჯს ვთამაშობთ… თავისუფალ თეტრში „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“…
მოსკოვში „თოლიაში“ ნინას როლზე ვიმუშავე, ასევე ძალიან საინტერესო იყო ჩეხოვის მოთხრობის, „ეგერის“ ინსცენირება, სადაც პელაგეას, თითქოსდა, ჩვეულებრივ სოფლის დედაკაცს, ნამდვილ „русская баба“-ს ვთამაშობდი, – მარტივ ყოველდღიურობაში ჩართულს, ამავე დროს, რთული სულიერი ცხოვრებით. რთული და სინტერესო იყო იმ განცდებისა და ბუნებრიობის გადმოცემა.
დღეს ორივე თეატრში, მარჯანიშვილშიც და თავისუფალშიც, შტატში არ ვარ, მიწვეული ვარ. მჯერა, რომ მომავალში, მომეცემა საშუალება და შევძლებ მრავალფეროვანი როლების თამაშს, რომლითაც მაყურებელს დავაფიქრებ და სიამოვნებას მივანიჭებ…
– სწავლობდით ВГИК-ში მოსკოვში. და დიდი წარმატებითაც…
– ВГИК-ში სწავლა არ ყოფილა თვითმიზანი. მეუღლემ გადაწყვიტა მოსკოვში საქმიანობა და ერთად რომ ვყოფილიყავით, ჩავთვალე, კარგი იქნებოდა, მიმეღო გამოცდილება და ვცადე ჩაბარება, წარმატებით ვსწავლობდი სამსახიობო ფაკულტეტზე. რუსეთის სახელოვნებო უნივერსიტეტების ეტიუდების ფესტივალზე ბასა ჯანიკაშვილის პიესიდან „მეზობლები“ ნაწყვეტი შევარჩიე, ВГИК-ს და საკუთარ თავს წარმატება მოვუტანე. წლების განმავლობაში ასეთ ფესტივალებზე, მხოლოდ МХАТ- ის სტუდენტები ხვდებოდნენ პირველ სამეულში. მეორე ადგილი, მართლაც, წარმატება იყო.
– ხატვა… როგორ დაიწყეთ?
– ვთვლი, რომ ბევრად საინტერესოდ შემიძლია წერა, ვიდრე ხატვა, თუმცა პროცესი მსიამოვნებს, ემოციების გამოხატვაში მეხმარება. არავის უსწავლებია, ავიღე ფუნჯი, დავიწყე აბსტრაქციებით… ახლა უფრო პორტრეტებს ვხატავ.
– „… როდესაც სივრცეს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის – ,,აქ“. როდესაც დროს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის – ,,ახლა“. როგორ ფიქრობ, განა არ შეგვეძლება ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც ,,აქ“ და ,,ახლა“ ჰქვია?…
„თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ გიყვართ…
– მიზნისკენ სწრაფვის, სირთულეების გადალახვის, თანამიმდევრულობის არაჩვეულებრივი მაგალითია, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის.
– მხატვარი, მწერალი, მსახიობი… – ვის გამოარჩევდით?
– მერილ სტრიპი, როგორც მსახიობი, როგორც პერსონა, საინტერესოა.
გურამ დოჩანაშვილი – თანამედროვე, აქტუალური, ნებისმიერი თაობისათვის მისაღები ღირებულებების მატარებელი შემოქმედია.
ვან გოგის ფერები, რომლითაც იგი განცდებს და შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს, ჩემთვის საინტერესოა.
რუსუდან ფეტვიაშვილის ჯადოსნური სამყარო რეალურ სამყაროსთან თითქოს მაკავშირებს და თან საშუალებას მაძლევს, შორს გაფრენისას და აღმაფრენისა.
– რომელ როლში ნატრობთ თამაშს?
– ნებისმიერი როლი შემიძლია გავითავისო, შევიგრძნო. საოცნებო როლი არ მაქვს.
– ქართული თეატრის მთავარი პრობლემა…
– სამწუხაროდ, პრობლემები არსებობს. მსახიობები მოდუნებულები არიან, ხშირად ერთი და იგივე სახეები არიან ჩართული შემოქმედებით პროცესში. ასპარეზი დიდი არ არის. მსახიობები ვერ ქმნიან განსხვავებულ სახეებს… შესაძლოა, ეს მათი ბრალი არც არის…
– თბილისი… როგორი გინდათ, რომ იყოს?
– თბილისი უნდა იყოს თბილისური, ღია, თბილი, მყუდრო, კომფორტული სტუმრისთვისაც და თბილისელებისთვისაც. სიძველის და თანამედროვეობის შერწყმა უნდა იყოს არქიტექტურაშიც და ცხოვრების სტილშიც.
თბილისს რაც შეეხება, მინდა, რომ თითოეულ თბილისელს გააჩნდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ურთიერთსიყვარული, თანადგომა.
მინდა, რომ ასეთ თბილისში ვიცხოვრო, ბევრი რამ არ არის ასე და იმიტომ მინდა…
– სამი შვილის დედა მარიამ მონიავა როგორ ასწრებს ბავშვებზე ზრუნვას და… ყველა საქმეს ერთად?
– ოჯახი მეხმარება. ოჯახის წევრებს გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები. მე ყველაზე ნაკლებად ვარ მათი მოვლით დაკავებული, თუმცა აღზრდის საკითხებში წამყვანი როლი მაქვს. ერთხანს სკოლაში მეთერთმეტეკლასელებს მსოფლიო კულტურასაც ვასწავლიდი, მაგრამ დროის ფაქტორის გამო, იძულებული გავხდი, მიმეტოვებინა.
– ვის მიბაძავდით?
– დედას, რადგან ყველაზე მისაბაძი ადამიანია. მრავალმხრივი, შემოქმედებითი, სიკეთის დამრიგებელი, მიზანდასახული, სიყვარულისთვის მებრძოლი.
-ჰობი…
– მოგზაურობა, თხილამურები, ჩოგბურთი – ჩემი ჰობია. 5 წლიდან ვდგავარ თხილამურებზე და ვთამაშობ ჩოგბურთს. კარგად ვსრიალებ. რამდენიმე სეზონზე ტრენერიც ვიყავი და ბავშვებს ვაყენებდი თხილამურებზე.
მთელი ბავშვობა დამოუკიდებლად დავდიოდი სპორტსკოლებსა და საგანმანათლებლო ბანაკებში.
14-15 წლამდე მართალია ნათესავებთან ვიყავი, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ვცხოვრობდი გერმანიაში, მოვიარე მთელი ევროპა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ, უიკენდებზე, თუნდაც საქართველოს ფარგლებში, მაგრამ ვიმოგზაურო.
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოგზაურობისას კაბადოკია იყო. წმინდა ნინოს სამლოცველო. პატარა ეკლესიების ქალაქი… ძალიან პატარა რომ გგონია შენობები და უცებ ვეებერთელა სამლოცველოებში აღმოჩნდები.
აქაც მეგობრებთან ერთად ვიყავი ბანაკში.
– ბაბუა და შვილიშვილები… – ვნახე ვიდეო, როგორ მღერის თქვენი შვილი გუჯა ბურდულთან ერთად…
– რაც შეეხება ბაბუს სიყვარულს, მე დიდი ბაბუის მიმართ მქონდა დიდი სიყვარული და დღემდე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს, ნეტა, ბაბუკა რას მეტყოდა-მეთქი? ჰოდა, ბედნიერი ვარ, ჩემი შვილების და ბაბუების ასეთ სიყვარულიან ურთიერთობას რომ ვუყურებ. გუჯა ბაბუ გუჯიკოს ასე ეძახის – ჩემი მზე ხარ, ნათელიო. ჰოდა, გუჯა ბაბუც ჩვენი მზეა ნათელი. სიყვარულში და სიმღერებში იზრდებიან ჩემი შვილები, რის გამოც მადლიერი ვარ.
– ხშირად გჩუქნიან ყვავილებს…
– საჩუქრად ხშირად ყვავილებს ვიღებ. მერიდება, ვუთხრა მათ, რომ არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი. ძალიან მიყვარს ყაყაჩოები, ოღონდ სახლში არა – მინდორში. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს იცხოვრონ.
ყურადღება მსიამოვნებს, მაგრამ სულ მგონია, ქოთნით რომ მაჩუქონ, ბევრად სასიამოვნო იქნება.
– სამომავლო გეგმები…
– ახალი როლების მოლოდინი… ამჟამად ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაშიც, PR-ზე. იმდენად რთულია ჩვენი პროფესიით (მსახიობობით), მატერიალურად შეძლო მყარად ყოფნა, დავფიქრდი და ჩემს პროფესიასთან ახლოს და სასიამოვნოდ ეს პროფესია მეჩვენება, – ღონისძიების დაგეგმვა, PR-ი, საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი