„…როცა აღარ ვიქნები, საწერ-კალამი გამატანეთ“ – ჟურნალისტი და მსახიობი, რომელიც სოფიკო ჭიაურელის რეცეპტით ამზადებს ჩიხირთმას
სცენა და მიკროფონი მისი სტიქიაა, ესტრადის მსახიობმა არანაკლებ საინტერესო და რისკიანი გზა განვლო ჟურნალისტიკაში. ამბობს, რომ წერა მისი ჰობია და რომ თავის აზრს და პოზიციას მუდამ ასაჯაროებს, მაგრამ ვერაფერს რომ შველის, ეს უფრო სტკივა. „ერთი პოლიტიკა აქვს – მინდა ჩემს ქვეყანაში ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ“. – „პერსონის“ სტუმარია, მსახიობი და ჟურნალისტი მაია კახიძე.
– პირველი შვილი გავუჩნდი მშობლებს და პირველი შვილიშვილი დედულეთს. დამხვდა – საყვარელი სანდრო და გოგი პაპა, სამი ბიძა, დედის ძმები, პლუს ორი ბიძა, მამიდების ქმრები, ნათლია – გურამი (ახლა 85 წლისაა, ერთი წლის გოგო ალავერდში მომნათლა), ბებოებზე, მამიდებზე და ბიცოლებზე აღარაფერს ვამბობ. ჩემი ოჯახის კაცები ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, პაპების საყვარელი გოგო ძალიან ნებიერა ვიყავი. ბიძები ჩემს ხელში დაქორწინდნენ და ამიტომ დღესაც ბიცოლების საყვარელი გოგო ვარ. პაპებზე კი დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, დღემდე მათი სითბო მომყვება, რაც უდიდეს სტიმულს, ენერგიას და იმედს მაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დედა სამი შვილის გაზრდით იყო დაკავებული, საუცხოო დიასახლისი და მასპინძელია (მეც ძალიან მიყვარს, მეგობრებს ჩემი ნახელავი კერძები რომ მოსწონთ). მერე, კიდევ, ორი კახიძით გაზარდა გვარი. მყავს და-ძმა, ორივე იურისტია, მამაც იურისტი იყო და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მისი დარი კეთილი გამომძიებელი და მილიციის უფროსი სხვა არავინ ვიცი.
– იურისტების ოჯახში იზრდებოდით და მაინც, მსახიობობა გადაწყვიტეთ…
– ფაქტობრივად მეორე კლასიდან დავდექი სცენაზე. პირველი სპექტაკლი „წითელქუდა” იყო, მაგრამ მამას არ მოსწონდა რეპეტიციებზე ჩემი სიარული, ძალიან მკაცრი იყო, გაკვეთილებს ვაბარებდი, თვითონ მირჩევდა წასაკითხ ლიტერატურას. იმ პატარაობაში, ზოგჯერ მეგონა, არ ვუყვარდი და მაწვალებდა, რამდენჯერ ჩუმად მიტირია, მაგრამ გავიდა წლები და ახლა
ვაფასებ ჩემს ღაბუა მამას. სწორედ მან შემაყვარა, წერა-კითხვა და იცოდა, რასაც აკეთებდა. მეტყოდა ხოლმე: მე ორი დიპლომი მაქვს და ჩემს შვილებს ერთი მაინც უნდა ჰქონდეთო. შევუსრულე, ორი კი არა, სამი დიპლომი მაქვს: მსახიობის, ჟურნალისტის და კოსმეტოლოგის. კოსმეტოლოგია ძალიან მაინტერესებდა და შევისწავლე. თუმცა ჩემი ოცნების სალონს ქალბატონებისთვის, ალბათ, ვერასოდეს ვეღირსები.
– სცენა და მიკროფონი თქვენი სტიქიაა...
– უამრავი – ორი ათასზე მეტი კონცერტი და საღამო წამიყვანია… მაგრამ ამდენი გასტროლის გამო, ვცივდებოდი, რამდენჯერ სიცხიანი გავსულვარ, მერე ის წლები, ნავთქურა რომ გვქონდა და მოკლედ, ბრონქიტი დამემართა. დიდი ხანია, დაავადებული ვარ, საკმაოდ რთულია ალერგიული ბრონქიტით ცხოვრება, დღესაც არ ვარ განკურნებული, უბრალოდ სტაბილურად ვარ. როგორც შემიძლია, ვუძლებ, თუმცა ვერ ვუწყობ ხელს საკუთარ თავს, ვერც ბაკურიანში ან გუდაურში დავდივარ. სამაგიეროდ, ვწერ…
ჰო, რაც შეეხება გავლენას. პირველი სიგელი მხატვრულ კითხვაში მეხუთეკლასელმა გოგომ მივიღე და ძალიან ვამაყობდი. ქართული ენის პედაგოგი მყავდა და ახლაც ცოცხალია – ქალბატონი მერი ყირიმელაშვილი, რომელმაც ყველანაირად შემიწყო ხელი და სასკოლო თუ თბილისის ღონისძიებებზე გამოვდოდი. დედა მატარებდა ცეკვაზე, მუსიკაზე, ვთამაშობდი ფრენბურთს… 12-13 წლისამ გავიგე, რომ თბილისში იყო ბავშვთა მხატვრული აღზრდის სახლი და თეატრალური სტუდია. პედაგოგი და რეჟისორი, ბატონი გოგი თოდაძე გახლდათ. ჰოდა, გავიპარე სახლიდან, მივედი მარტო, წამაკითხა ლექსი, მამღერა, მაცეკვა და მიმიღო. ეს იყო საოცარი 5 წელი, რომელიც მასთან გავატარე. ბატონი გოგი დღესაც ჩემი მეგობარია და ასე მოვილაპარაკეთ, დიდხანს უნდა იცოცხლოს, რომ მე ისევ პატარა გოგოდ დავრჩე.
– ჯერ კიდევ მოსწავლემ, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ითამაშეთ…
– 18 წლამდე 5-6 საინტერესო სპექტაკლში ვითამაშე და 14 წლისამ კი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც „სხვაც ხარ.” მსახიობობაც, ალბათ, მამას ბრალია, მაგრამ ამის აღიარება არ სურდა. სამი წლიდან დამაყენებდა ხოლმე სკამზე და მეც „ვაფრქვევდი” ჩემი ბავშვური ოსტატობით ლექსებს და სიმღერებს…
– სამსახიობო–საესტრადო ფაკულტეტზე ჩააბარეთ. რას გაიხსენებთ სტუდენტობიდან?
– საესტრადო ფაკულტეტზე რომ ჩავაბარე, პირდაპირ მეორე კურსზე მიმიღეს. უკვე დიდი სკოლა მქონდა გავლილი და პირველი კურსის „ანა-ბანასთვის“ შევებრალე კომისიის წევრებს. კარგი სტუდენტი ვიყავი, წარჩინებულთა დაფაზე გამოკრული ფოტოთი, სტიპენდიით და მესამე კურსზე საგზურითაც დამაჯილდოვეს. ბევრი კონცერტი მქონდა, „უფასო” სტუდენტს ხან სად მიშვებდნენ,ხან – სად. აპლოდისმენტებს და თაიგულებს ისედაც შეჩვეული ვიყავი.
საუცხოო პედაგოგები შემახვედრა განგებამ, განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ქალბატონი ლალი სიჯანიშვილი, ვისთანაც გასულ წლამდე ვმეგობრობდი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ვმეგობრობ ჩემი სტუდენტობის დროინდელ კონცერმეისტერთან – გულიკო გურგენიძესთან. მადლობა ღმერთს, ცუდთან ერთად, ამდენ კარგ ადამიანს რომ შვხვდი და ყველასგან რაღაც ვისწავლე.
– მსახიობი და ჟურნალისტი… ორი პროფესია გაქვთ – რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
– ჩემი პროფესიების გაყოფა არ შემიძლია. ორივე შემთხვევაში აუდიტორიასთან მაქვს საქმე. სცენიდან – დარბაზთან, ჟურნალ-გაზეთებიდან – მკითხველთან და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დღე-ღამეში 5 კონცერტი მიმუშავია ცოცხლად, 3 და 4 ხომ ყველაზე ხშირად. ასევე, რედაქციაში კვირაში 3 და 4 დიდი სტატია დამიწერია, მაგრამ სცენაზეც პირდაპირ კონტაქტი რისკია და მედიაშიც. როგორმე უნდა მოახერხო და ყველას მოეწონო. ეს ნამდვილად არ არის ადვილი. რაც შეეხება ესტრადაზე შესრულებულ როლებს, ესეც იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა კონცერტების წაყვანაც არანაკლებ საინტერესოა, ყველაფერი იმპროვიზაციაა და იმიტომ.
– რომელ როლებს გაიხსენებთ, რომლებიც დღესაც გიყვართ?
– მრავალი წლის წინ დამამახსოვრდა სატელევიზო სპექტაკლი, ლაშა თაბუკაშვილის ,,ჭრილობა”, სადაც ჩემი პარტნიორები იყვნენ ზურა ცინცქილაძე და ავთო მიქაძე. გადაღების დროს ავთომ შემთხვევით ხელში დამჭრა, ასე აღმოვჩნდი ზურას მკლავებში და გადამიყვანეს საავადმყოფოში. გადავრჩი, რასაკვირველია, მაგრამ პიესის მიხედვით ზურას კლავს ჩემი შეყვარებული: ხელში აყვანილი გატარე და ასე გადამიხადეთ სიკეთეო? ახლაც წამომაძახებს ხოლმე ზურა. ამაზე მოგონებაც დავწერე.
არ შემიძლია, არ გავიხსენო მართლა გენიალური მსახიობი, ქალბატონი ელენე ყიფშიძე, ვისთან ერთადაც ვითამაშე თანამედროვე „ხანუმა”, ანუ ორი ხანუმა ვიყავით. „ძველი”და „ახალი” და ქალბატონი ელენე ჩემსავით უნდა გცნობოდათ, ნეტავ კი როგორ გადიოდა რეპეტიციებს, განსაკუთრებით, მარტო. ერთსაც გავიხსენებ: 15 წლისამ ვითამაშე ბებია, ლადო მრელაშვილის „იყალთოელ ბიჭებში“ და ეს სპექტაკლი იყალთოს აკადამიაშიც ჩავიტანეთ. საესტრადო-მუსიკალურ ნომრებზე აღარაფერს ვამბობ. ანსამბლი „დიელოც” იყო ჩემს ცხოვრებაში და საუცხოო ორკესტრი „რერო“… გასახსენებელი იმდენი მაქვს…
– 10 წელი „ასავალ–დასავალში“ მუშაობდით და ჟურნალისტური გამოძიებებიც ჩაგიტარებიათ. ეს ალბათ რისკსაც შეიცავდა…
– არა მარტო „ასავალ-დასავალში”, სხვა გამოცემებში ხშირად ვიბეჭდებოდი, იქამდე და მერეც, მაგრამ მკითხველისთვის ისევ „ასავალ-დასავალთან” ვასოცირდები. მთავარი რედაქტორი, ლაშა ნადარეიშვილი დიდი პროფესიონალია, ბევრი მასწავლა თავადაც რისკიანს. უზარმაზარი არქივი მაქვს, შეიძლება მოგვიანებით უახლესი ისტორიები წიგნადაც გამოვცე. ბევრი მუქარა მიმიღია, ბევრი დალოცვა, უძილო ღამეები… ყველა დავალებას გულით ვასრულებდი და ბევრჯერ, რისკის ფასად. ერთხელ მომწამლეს, რაღაც შემაფრქვიეს სახეში, რედაქციაში მოხდა ეს. ორი კვირა სად ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს. მერე თავდასხმაც იყო ჩემზე, საქმეც კი აღიძრა, მაგრამ ვერ გახსენეს ეს საქმე. რეკვა და წერილები ხომ უამრავი.
გასახსენებელი იმდენია, – „თვითმფრინავის ბიჭებიდან” დაწყებული, გენერლებით თუ ცეკას მდივნების და მათი ცოლების სიკვდილით, გენპროკურორით და ეროსი მანჯგალაძის ან კოტე მახარაძის სიყვარულის ისტორიებით, უხარისხო პურით თუ ლიმონა დევდარიანის მკვლელობით…
ერთხელ ქუთაისის ციხის უფროსი, აწ გარდაცვლილი ბადრი დეისაძე მომივარდა რედაქციაში, კუბომდე ჩაგყვებიო, – მეძახა, გიორგი აბდალაძეს ფოტოაპარატი ჩამოგლიჯა და ვანო პავლიაშვილიც ლამის მომაყოლა, მაგრამ სალი კლდესავით დავუდექი და გაიძურწა ბურდღუნით.
რამდენჯერ დაურეკავთ, ახლა მოვალ და ყელს გამოგჭრიო, ადვოკატით მოვდივარ და დამხვდიო…
ერთ გარეუბანში საშინელება ხდებოდა, მეზობლებმა დამირეკეს (გაზეთში მითითებული იყო ჩემი ტელეფონის ნომერი), გოგონა გადმოხტა და თავი მოიკლა ცოტა ხნის წინ და, უმცროსთან, 11 წლის დასთან კი ძმა და ბიძა ამყარებენენ სქესობრივ კავშირსო. შევძელი იმ გოგონას შსს-ში მიყვანა, საჭმელიც ვაჭამე, იაკობ გოგებაშვილი ვინ იყო, ის არ იცოდა. ამ ამბის ყველა დეტალი დავუდე სამართალდამცავებს. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთს ორი წელი მიუსაჯეს, მეორეს -ოთხი. მე კი მგონია, მეტს იმსახურებდნენ.
ლიმონა დევდარიანზე, ყოფილმა მინისტრმა შოთა გორგოძემ მითხრა: ლიმონასნაირი ვაჟკაცები ნეტავ ახლაც იყვნენო… მე მინახავს ატირებული ვახტანგ რაზმაძე, როდესაც „თვითმფრინავის ბიჭების” ბრალმდებლობაზე ვკითხე. გულწრფელად ნანობდა, რომ ვერაფერი გააწყო, რადგან მაშინ ის დროება იყო და მე ვინ რას მაკითხებდაო… მე მინახავს დიდი მსახიობის, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესის ცრემლები, როგორ ნანობდა წლების მერე თეატრიდან მსახიობების გაშვებას… მე მინახავს, კოტე მახარაძის სიურპრიზები და გახარებულ-გაღიმებული სოფიკო ჭიაურელი, რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების „ჩხუბი“, ჩემს დანახვაზე შემკრთალი პოლიციის უფროსები, ერთ დღეს ხუთ სიკვდილმისჯილს შევხვდი და მერე დიდხანს რომ ვიყავი ავად…
რამდენიმე ცნობილ მამაკაცს ბოდიშიც მოუხდია ჩემთვის… მახსოვს უამრავი ნაღდი ქართველის მკერდში ჩახუტებაც, დღესაც ასეა და ეს ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა ამ ცხოვრებაში.
– როგორ ფიქრობთ, რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა ჩვენთან?
– ჟურნალისტიკა იმისთვის არსებობს, რათა მოჰყვე ეკრანიდან, რადიოდან თუ ჟურნალ-გაზეთიდან, ანუ შენს ხალხს უამბო შენს ქვეყანაზე, კეთილ ადამიანებზე, კეთილ საქმეებზე, კულტურაზე, სპორტზე, სიახლეებზე, როცა, რასაკვირველია სიმშვიდეა შენს ქვეყანაში: საომარი მდგომარეობა სულ სხვაა, სტიქიური უბედურება – სხვა, პოლიტიკა – სხვა, ბულვარული პრესა – სხვა, მაგრამ ეს ყველაფერი კეთილსინდისიერად უნდა აკეთო. როგორც კი ზღვარს გადააჭარბებ, არ ხარ ჟურნალისტი. დღეს ჩვენთან მეტად სავალალო მდგომარეობააა, თითზე ჩამოსათვლელი ახალგაზრდობაა მედიაში, ვისაც კალამი უჭრის, გული ერჩის და პროფესია უყვარს. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, თავი უნდა გადასდო. ადვილი წერა უნდათ დღეს და თან, რა ქართულით?!
– რატომ არის, რომ დღემდე მედია ზედმეტად პოლიტიზებულია?
– პოლიტიზებული კი არა, “ვისი ხბო ვის ბოსტანშია,” ამაზე უფრო გაჰკივიან. ეს კი ნამდვილად არა არის პოლიტიკა. ეს იმის ბრალია, ურთიერთპატივისცემა რომ აღარ არის, ხალხს ერთმანეთი აღარ უყვარს, მთავრობას კი – ხალხი. როცა შენი ხალხი და ქვეყანა გიხარია, ნაბიჯებიც სხვანაირი გაქვს, პოლიტიკაც, შესაბამისად, სხვანაირი ხდება. არადა, მოვიმკეთ ის, რაც დღეს ყოველ ნაბიჯზე ხდება: გაუნათლებლობა, უწიგნურობა, უსულგულობა… ზედმეტად კი არა, უსასრულოდ პოლიტიზებულია მედია. ამიტომ მე აღარ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს, თუმცა, ეს გამოსავალი არაა, უბრალოდ, ემოციას რა მოვუხერხო, არ ვიცი, 20 წლისაც რომ აღარ ვარ?!
– ლექსების წერა როდის დაიწყეთ? პირველი ლექსი როგორ დაიწერა?
– 7-8 წლიდან მამას ან ბებო-პაპას წავულექსებდი ან წავუშაირებდი, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რა იყო ეს და რა ხდებოდა ჩემში. მე მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ მიყვარდა ეს ადამიანები და ამიტომ ვაკეთებდი ამას, თუმცა მაშინ ჩამწერიც არავინ იყო. ბავშვურ გართობად მითვლიდნენ. ერთხელ საბავშვო ბაღიდან მოვყავდი მამას (იმ წელს პირველ კლასში შევდიოდი), გზად ბევრი რამ მიყიდა, ისე მიხაროდა, ხელები გავიშვირე და ამიყვანა. ჩავეხუტე და ვუჩურჩულე: „შენ ხარ ჩემი მამიკო, შოკოლადი გაგიყო“? ან ჩემს საყვარელ სანდრო პაპას რომ გავუწვდიდი ხელებს: „სანდრო პაპა, სადა ხარ? მოდი, მოდი, აქა ვარ“…7 წლის ბავშვს სიმღერასავით ჩამესმოდა ჩემივე ნათქვამი. მერე უკვე 13-14 წლისა ვჯახირობდი, მერე შეყვარებული და ა.შ. სცენამ და მედიამ იმდენი წლები წაიღო, ვერ ვასწრებდი, სად რას მივაწერდი, ახლაც არ ვიცი. გავიდა წლები, მეტი თავისუფლება ვიგრძენი პოეზიაში, ჩემს მოგონებებში და მთავარი, თავად უნდა იგრძნო, როდის ხარ ამისთვის მზად. დღეს უკვე მზად ვარ ასეთი გარჯისთვის. ჯერ ცხოვრება უნდა ნახო, განიცადო, შენში გაატარო ყველაფერი და მერე წერო. ახალგაზრდები რომ წერენ, კარგია, მაგრამ განცდაა ნაკლები, ემოცია, სიტყვათა მარაგი… იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, 20 და 30 წლის მერე სულ სხვანი იქნებიან. მე არ შემიძლია არ ვწერო და თუ ეს შედეგსაც გამოიღებს, ბედნიერი ვიქნები.
საერთოდ კი, ერთ რეცეპტს გავუზიარებ ყველას, მით უფრო, არამწერლებს და არაპოეტებს: თუ გული გეტკინათ, ან რამე ხდება ისეთი, რაც გაღელვებთ, დაწერეთ ყველაფერი ფურცელზე, სამიოდე დღის მერე დამშვიდებით. წაიკითხეთ, გაიცინეთ და გადააგდეთ. ძალიან ეფექტური საშუალებაა.
– სიყვარული თქვენს ცხოვრებაში…
– თუ გულს სიყვარული არა აქვს, ის ავად ხდება. ჩემს ცხოვრებაში კი ასეა: მე მიყვარს, როდესაც მიყვარს… თუმცა ავადაც გამხდომია გული. ეს პაწაწუნა, ან როგორ იტევს ამდენ სიხარულს და ტკივილს? მერე და მერე კი, თუ გიყვარდა, იმაზე ნაკლებს გული არ თანხმდება. დღევანდელ ქართველ მამაკაცებზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, გამონაკლისების გარდა. ქალთან ერთდ სიყვარულიც წვალობს, იტანჯება, ადგილს ვერ პოულობს, იქანცება…აი, ნახეთ? დედამიწაზე მცხოვრები ყველა სულიერიდან,მხოლოდ ადამიანი იხდის ფულს, რომ იცოცხლოს, იცხოვროს და უყვარდეს. ქალის „წაქცევის” მიზეზი, მამაკაცის სისუსტეა. საერთოდ კი, ყველა ვართ ზუსტად იმხელა, რამხელა სიყვარულიც შეგვიძლია. მე რომ მიყვარს, იმიტომ ვწერ. იმ სიყვარულში სევდაცაა, ფიქრი განუწყვეტელი (ფიქრი ჩემი მეგობარია), ლოდინი, ნატვრა, სიხარული, ვნება, ტკივილი, დაშორება, შერიგება, ისევ ახალი განცდა და ისევ სიყვარული… და ასეა სულ…
ცოტანი არიან ერთგულები, სიყვარული ყოველდღიური შრომაა, ნიჭია, გულის ჩქარი ცემა და ფართოდ გახელილი თვალებია. სამწუხაროდ, მე სიყვარულის, მეუღლის ან საყვარელი ადამიანის მიერ უამრავი ატირებული, გულნატკენი, დამცირებული და დატანჯული ქალი მინახავს…
და ძალიან განვიცდი ამას. პირადსაც განვიცდი… მაგრამ სიყვარული მიყვარს და იმიტომ ვწერ ბევრს ქალის ტკივილზე და განცდილზე… რეალური შეგრძნებებია ჩემს ლექსებში. არაფერი მოგონილი და გამოგონილი… ყველა, რასაკვირველია, არ მომწონს და ზოგს დიდხანს ვუკირკიტებ, ზოგი მალევე გამომდის, მაგრამ სათქმელი თუ არ ვთქვი, ჩემი მემართება. აი, ადამიანს წყალი რომ გწყურია ან ჰაერი გინდა, ასე მთხოვს “რაღაც”, დაწერეო და მეც ვწერ…
ყველა ჩემი ნაწვალ-ნადაგი მიყვარს, დავხედავ და მახსენდება ის ემოცია, რამაც დამაწერინა. ახლა ერთ პაწიას გეტყვით „ფიქრიმაიებიდან“:
***
ზოგჯერ,
დუმილსაც
მოსმენა უნდა,
დღეს უშენობა
დადარდიანდა
და შემოდგომა,
შენ რომ მოგწონდა,
სხვაგან წავიდა,
დაგაგვიანდა…
– რა დაიკარგა დღევანდელ თბილისში? თქვენს ადგილზე თბილისზე წიგნს დავწერდი…
– მომავალ წელს ვაპირებ თბილისზე წიგნი გამოვცე. ფინანსები, თორემ მალევე დავასრულებდი. ფაქტობრივად მზად მაქვს, რედაქტირება, თანხა და წარდგინება. მე ისე მიყვარს თბილისი, ვერავინ წარმოიდგენს. თბილისის გამო იმდენი რამ მტკივა, ავადაც ვხდები ხოლმე. მთელ ჩემს სიყვარულს, ფიქრსა და დარდს (რადგან ვერ ვეხმარები,) ლექსებში და მოგონებებში ვიქარვებ… შემომაფრინდება რაღაც სიტყვა ან სიტყვები, ან ემოცია, ან სიმღერა, ხან გავლა-გამოვლა, ზოგჯერ ვინმეს ზარი, სულაც წიგნი ან ფოტო და ვჯდები მაშინვე. ბავშვივით მიხარია თითოეული სტრიქონი, რასაც კი თბილისს ვუძღვნი და ცოტა ვმშვიდდები ხოლმე.
რა დაიკარგა დღევანდელ თბილისში და სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. ნახევარი საქართველო აქ არის, „აირია მონასტერი”. მე ახლაც მიხარია ნებისმიერ კუთხეში ჩასვლა, ის სტუმრობაა ხიბლიანი, თორემ აქ თუ დაჯდა ყველა, ის ხიბლიც იკარგება და ეს ხიბლიც. მოვლილი მაქვს მთელი საქართველო და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ.
– მე არ შემიძლია წერის გარეშე სიცოცხლეო, – როდის მიხვდით ამას?
– ძნელი სათქმელია, როდის მივხვდი. ჯერ იყო და საესტრადო ნომრებზე ვმუშაობდი იმოდენა წლები, მანამდე სკოლა, სტუდენტობა და სულ კალამი, მაშინ სად იყო კომპიუტერი და მობილური, მამა-პაპურად ვწერდი ყველაფერს.მერე, ჟურნალისტიკაში მოსვლით წერა იყო ყველაფერი. უმძიმეს პირობებშიც მიმუშავია, შუქი რომ არ იყო, საბურავებს რომ წვავდნენ და მეტრო რომ ჩერდებოდა. ორი ნავთის ლამფა მედგა. მერე შემოვიდა ირანის ნაწარმი მანათობელი და ის შევიძინე, იმან უფრო გამიფუჭა მხედველობა და ჩემს ბრონქიტს უარესი დამართა იმ ნავთქურებმა და ლამფებმა, მაგრამ ყოველ კვირას ვიბეჭდებოდი მაინც. ვერაფერმა შემაჩერა. თან,ოჯახი? რამდენჯერ სველი თმით გავქცეულვარ ინტერვიუზე… ბევრი გადავიარე, ბევრი… მაგრამ სულ ვწერდი. იცით, მე ჩემი პატარა ,,პანთეონი” მაქვს, ცარიელი კალმისტრების, ჩემთან ერთად ღამენათევების… ასე რომ, ასი წლის მერე, როცა აღარ ვიქნები, საწერ-კალამი გამატანეთ, ჩემი ამბავი რომ ვიცი, იქაც არ მოვისვენებ. თან რამდენნი დამხვდებიან?!
– თქვენ ყოველ 8 მარტს ქალბატონებს თავს უყრით და ლამაზ საღამოს ჩუქნით. რას ფიქრობთ ქართველ ქალზე, ზოგადად? რა სირთულეებს აწყდება დღევანდელობაში?
– მაინც გამორჩეული დღეა, შეჩვეულები ვართ და ერთად ყოფნით თუ გავალამაზებთ, მით უფრო საინტერესო და ღირებულია ადამიანური და შემოქმედებითი თვალსაზრისით. ვკითხულობთ ლექსებს, ვმღერით, ფოტოებს ვიღებთ, ყვავილებს ვჩუქნით და მერე ვისაც სურვილი აქვს, სადმე კაფეში მივდივართ და ერთად ყოფნით მაგიდასთანაც ვხარობთ. ასე რომ, 8 მარტი ქართველი ქალი პოეტების და მწერლების ზეიმიცაა. ჩვენი ქალები დღესასწაულებით ნამდვილად არ არიან განებივრებულნი, სულ ჯაფაში არიან. კი, ოჯახი ყოველღიური შრომაა, ფიქრი და გარჯაა, მაგრამ მეუღლეზეა ბევრი რამ დამოკიდებული. მე ვფიქრობ, თუ ქალს არ აწყენინებ, არასოდეს განაწყენდება. რა უნდა მისცეს ერთმა მეუღლემ მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? რა უნდა იყოს ამაზე დიდი?!
– „თვალებზე რა გჭირს, იტირეო? – არაო, ჩემს ფიქრებში მზე ძალიან კაშკაშებდაო“… რადგან ოჯახს ქმნიან, ორივემ ერთად უნდა იბოძონ ნება, რომ მზემ იკაშკაშოს. არადა, სულ ექნებათ ცუდი ამინდი, ჭექა-ქუხილი და ბურუსი. ქალს სიბერისგან სწორედ კარგი მეუღლე და სიყვარული იცავს. თუმცა, სამწუხაროდ, მე ძალიან ბევრი გამწარებული, დამცირებული და ატირებული ქალი ვიცი, რომლებმაც უამრავი წლები იცხოვრეს ცივი, უხეში და მოღალატე ქმრების გვერდით მათი გამოსწორების მოლოდინში. ამასობაში უამრავი წელი გადის, ჰოდა, გამოსწორდეს რა, ორიანია?! 20 წელი არ უნდა ელოდო ამ ე.წ გამოსწორებას… თუმცა, როდესაც ზოგჯერ მაინც შევამჩნევ ან გავიგებ, მამაკაცმა რაღაც კარგი გააკეთა და გაახარა ქალი, მეც გულწრფელად მიხარია. არა, ქართველი მამაკაცები, ჩემდა გულსატკენადაც, ვერ არიან რომანტიკულები, უღალატოები, გულითადები…
ნუ მიწყენენ და განათლებაშიც შესამჩნევად მოიკოჭლებენ. ჰოდა, გაუნათლებელ მამაკაცს უფრო მეტი პრეტენზია აქვს ქალთან, ცოლთან, შეყვარებულთან… იმიტომაც ვწერ ამდენს ტკივილზე და სევდაზე, მონატრებაზე და მონანიებაზე, იმედზე და უიმედობაზე…
– „ძალიან კარგად გამოიყურება შენი ცოლი და რას აკეთებ ამისთანასო? – მიყვარსო“… – აი, მთავარი რეცეპტი!
– თქვენ რამდენიმე გვერდი გაქვთ ფეისბუქზე, თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურებით, რომელს გამოყოფდით ბოლოდროინდელი მოვლენებიდან?
– ყველაფერი მაწუხებს და განვიცდი, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება და არასოდეს ვჩუმდები, ჩემს აზრს და პოზიციას მუდამ ვასაჯაროებ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ვშველი და ეს უფრო მტკივა. მე ერთი პოლიტიკა მაქვს – მინდა ჩემს ქვეყანაში ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ. ერთ რამეს გამოვყოფ მხოლოდ: არ შეიძლება, ასეთ პატარა ქვეყანაში 238 პარტია არსებობდეს და ამ პარტიებში გაერთიანებული ადამიანები პოტენციურად უსულგულოები გახადონ.
შენი თავი მხრებზე რატომ გაბია? აზროვნებაც აღარ უნდათ! ქართული პოლიტიკა, იცით, როგორია დღეს? სიტყვას ქარს ატანენ და არ იციან, ვის მიუტანს და როგორ… ჰოდა, იმიტომაც დასისინებს გამუდმებით პოლიტიკური სიო…
– დედა, მეუღლე, ბებია… – მაია კახიძე…
– ბიჭის დედობა უფრო რთულია, ვიდრე გოგოსი, თუმცა ცხოვრება რას მოგიმზადება, არავინ უწყის წინასწარ. მე, მაგალითად, ჩემს თავს რაღაცებში ვიდანაშაულებ ჩემ შვილთან, ლევანთან მიმართებაში. ბევრი გასტროლი მქონდა, თბილისში თუ ვიყავი, აქაც ძალიან დატვირთული 24 საათი მქონდა და ახლაც, ფაქტობრივად ასე ვარ. დედა მეხმარებოდა, თუმცა მგონია, რომ ბევრი დააკლდა ჩემს შვილს ჩემი პროფესიების გამო და სულ განვიცდი ამას. ახლა თავადაც ცოლ-შვილის პატრონია და იმედია, ესმის ჩემი იმ წლების მდგომარეობა. ოო, ძალიან ძნელია ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც საჭიროა. თან ახლგაზრდა სულ წინ მიიწევ, ჩქარობ… დრო კი ულმობელია.
ჩემმა შვილმა საერთაშორისო ეკონომიური განათლება მიიღო, წითელი დიპლომი აქვს და ახლა ოჯახით გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს. რძალიც მართლა ძალიან კარგი მყავს და მადლობა უფალს ამისთვის. იმედი მაქვს, მეც კარგი დედამთილი ვარ მისთვის. გოგო სულ მინდოდა და აი, მყავს კიდეც, ღიმილიანი და თბილი. სხვათა შორის, ორი ლექსი მაქვს მისთვის მიძღვნილი. მაგრამ ჩემი საუცხოო შვილიშვილი – დიმიტრი, სულ სხვაა, ის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია! ჭკვიანი ბიჭია, 15 წლისაა და ხუთი ენა იცის, გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა: ქართული, რუსული, ბერძნული, ინგლისური და გერმანული. ვამაყობ და თუ რამეს კიდევ ვაკეთებ, სწორედ მისი სიყვარულით. მინდა მანაც იამაყოს ჩემით. ჩვენ ჩვენი სიყვარული გვაქვს, აი, ჩვენ რომ ვიცით, ისეთი.
მეუღლეო – მეკითხებით. უღელია მეუღლეობა, განსაკუთრებით კი ქუთაისელის (ვხარხარებ).
დღეს, 25 ოქტომბერს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და ახლა მე რომ მასზე ვწეროო… ისე, კი დავპირდი „რაცხეებს”… იმას კი გეტყვით, რომ იმ საუკუნეში სამსტროფიანი ლექსი მიძღვნა, მტკვარშიც ხტებოდა, ხელზე მკოცნიდა და გეთაყვა, რა ბრძანეთო, მეუბნებოდა და მაინც მომატყუა. დასთან დამპატიჟა ნამცხვარზე და ჩამკეტა. კორპუსიდანაც ვერ გადმოვხტი… აგერ ორი საუკუნეა სულ ამას ვამადლი… სტუდენტობიდან მიცნობდა, ეს იყო და ეს. მე კი მის ქუთაისურ იუმორზე ვხალისობდი. რა ვიცოდი, გულში რა ჰქონდა. ქამა სოკო დავარქვი, სადაც მივდიოდი, ყველგან „ამოსული” მხვდებოდა. დამსახურებული არტისტის წოდება კი აქვს, მაგრამ ღრმად არ იხედება, მე რას ვაკეთებ. ამას წინათ, ერთი უცნაური რამ მითხრა: მე რომ წავალ, მერე წერეო… ქუთაისელია და რა გავაკეთო?! ისე, მერე თუ მოვიცალე, ქუთაისურ იუმორზეც დავწერ… გაიხაროს, ქმარია მაინც…
– ყველას რაიმე აქვს სახსოვარი – თემურ ბაბლუანს ჩემთვის დაუკრავს როიალზეც, რობერტ ბარძიმაშვილმა ყვავილი მაჩუქა, რომელიც დღესაც ცოცხალიაო… იქნებ გაიხსენოთ ეს მოგონებები.
– სახსოვარი ბევრი მაქვს, ძალიან ბევრი. კი, ბატონ თემურს დაუკრავს ჩემთვის, სრულიად ახალი მუსიკა მომასმენინა, რომელიც თავად დაწერა თავისი ახალი ფილმისთვის. ჯორჯ ბალანჩინსაც დაუკრავს ჩემთვის თავის სახლში და ღმერთო, რა ჟღერადობა ჰქონდა როიალს. ქალბატონმა მედეა ჩახავამ ერთი ქათმიდან სამი კერძის მომზადება მასწავლა… კოტე მახარაძე სულ მზრდიდა თავისი გამონათქვამებით და აზრებით, საოცრად წიგნიერი ადამიანი იყო, სოფიკო ჭიაურელის რეცეპტით ვამზადებ ჩიხირთმას, ზურა ცინცქილაძეს ვარ შეპირებული, უყვარს ჩიხირთმა და უნდა დავპატიჟო, მოვიცლი თუ არა… რობერტ ბარძიმაშვილმა კი უნგრეთიდან ჩამოტანილი ყვავილი მაჩუქა და ახლაც მაქვს, ბევრჯერ გადავარჩინე „სიკვდილს”, ამაზე მოგონებაც დავწერე. ამ ყვავილს რობი ჰქვია… ჩემი მოგონებები ცალკე თემაა…
– უამრავ ხელოვანთან მეგობრობთ. ვის გაიხსენებდით ახლა, ვინც ძალიან გაკლიათ?
– ყველას, ვინ მეორე სოფელშია… არა მხოლოდ ხელოვანები. დიდი მეგობარი მყავდა, მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმი, მამული იაშვილი, რომელმაც გადამარჩინა და ურთულესი ოპერაცია გამიკეთა. მან პირველმა აკრძალა აბორტის კეთება სამშობიაროში და ეზოში პატარა ეკლესია ააშენა. ძალიან მენატრებიან წასულები, ტკივილამდე მენატრებიან… გოდერძი ჩოხელი, კოტე მახარძე, სოფიკო ჭიაურელი, რამაზ ჩხიკვაძე, რეზო ჩხეიძე, ჩემი უძვირფასესი გიზო ნიშნიანიძე, ედიშერ გარაყანიძე, მამუკა კიკალეიშვილი…
– თქვენი ახალი წიგნი გამოვა, რომელიც 14 ფეხბურთელზეა. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის გამოცემა და რატომ არის მისი გამოსვლა მნიშვნელოვანი…
– დიახ, ნოემბრის ბოლოს გამოვა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. წიგნის გამოცემა დიდ გარჯასთანაა დაკავშირებული და ალბათ, მოვასწრებ. კიდევ ერთ ლამაზ საღამოს ვაჩუქებ თბილისს, თბილისელებს და სტუმრებს. ქალს კი არა, კაცს არ დაუწერია, ათეული წლებია, ფეხბურთზე არაფერი. მე მგონი, ერთადერთი ქალი ვარ, ვინც სხვადასხვა რაკურსით შეეხო სპორტის ამ მეტად ძვირფას, ემოციურ და საყვარელ სახეობას – ფეხბურთი რომ ჰქვია. წლების განმავლობაში ბევრი მასალა დამიგროვდა. მერე, სხვადასხვა ადგილას მიწევს ხოლმე ყოფნა და ხშირად მესმის, როგორ იხსენებენ იმ წლებს, თბილისის “დინამოს”გულს რომ უხარებდა ყველა გულშემატკივარს, დიდი მონატრება და ნოსტალგიაა. მახსოვს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, მატჩის დღეს გადაკეტილი თბილისი, დანიძლავებული ადამიანები, უბნები, ქეიფი და სადღეგრძელოები… ზეიმობდა ქალაქი… მე კი სწორედ ასეთ თბილისში გავიზარდე და ამის დავიწყება შეუძლებელია. წიგნი მხოლოდ 14 ფეხბურთელზე კი არა, გულშემატკივარზეცაა, კომენტატორებზე და სამ ფილმზე: „ფეოლა“, „ბურთი და მოედანი” და „პირველი მერცხალი.”
ჩემი წერილებია კოტე მახარაძეზე და ვიტალი დარასელიაზე, კიდევ კომენტატორების მიერ ნათქვამი საეთერო „მარგალიტები”და ფოტოკოლაჟი იმ დიდი ფეხბურთელებისა, იმ დიდი ვარსკვლავებისა, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან და, რასაკვირველია, ცოცხლების ფოტოებიც დაამშვენებს წიგნს. წინათქმა კი ჯამლეთ ხუხაშვილის გახლავთ.
ასე რომ, როგორც შევძელი, ისე მოვეფერე ქართულ ფეხბურთს, ჩვენს სასიქადულო ფეხბურთელებს, „დინამოს” და განუმეორებელ გულშემატკივარს. მჯერა, ყველა სიამოვნებით წაიკითხავს ამ წიგნს. წიგნს, სადაც სევდასთან ერთად ბევრი საინტერესო ამბავი ელოდებათ და მთავარი – ღიმილი, სითბო და შეხვედრა წარსულთან…
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი