„ჟურნალისტი მუდამ მზად უნდა იყოს მოულოდნელობისთვის“
მისი გზა ჟურნალისტიკაში 9 აპრილის ქარტეხილებიდან დაიწყო, ომებმა, გაჭირვებამ და შიმშილმა მის თაობაზე გადაიარა. ექსტრემალურ სიტუაციაშიც უმუშავია და ოპერატიული რეპორტაჟებიც მოუმზადებია. აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად, სტუდენტებსაც უზიარებს ცოდნა-გამოცდილებას. ამბობს, რომ ჟურნალისტიკის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. როგორი მძიმე და დამღლელი არ უნდა იყოს ყოველდღიურობა, მაინც ფიქრობს, რომ „დაკარგული, თვალებიდან ამოსული მზე არ დაიღამებს, არ დაიდარდებს უამინდობას“… – ოლიკო ცისკარიშვილის პერსონა.
– სკოლა მაშინ დავამთავრე, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ამიტომ გადავწვიტე, რომ ჟურნალისტობა სწორედ ის პროფესია იქნებოდა, რომელიც დამეხმარებოდა სამართლიანობისთვის ბრძოლაში. 1989 წელს დავამთავრე სკოლა, და 9 აპრილის ქარტეხილებმა ჩემი თაობის ზურგზე გადაიარა… მერე კი ჩავაბარე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
თუმცა იმ ავბედით 90-იან წლებში ყველას შეეხო – შიში, შიმშილი, სიცივე. ჩემი მშობლებიც უსამსახუროდ დარჩნენ. მაშინ გადავწყვიტე, ოჯახს მივხმარებოდი და მუშაობა დამეწყო. სად აღარ ვმუშაობდი, ქარხანაში, ფაბრიკაში, ბაზარშიც კი… ბაღში აღმზრდელად მივედი და პარალელურად ვსწავლობდი… მერე კი, შემთხვევით, მოვხვდი გაზეთ “ფაქტი, აზრი, კომენტარში”.
თავიდან უშტატო კორესპონდენტი ვიყავი. პირველი მასალაც გუშინდელი დღესავით მახსოვს… გია სურამელაშვილის კონცერტი, რომელიც სცენაზე ბოთლების სროლით დამთავრდა.
თანდათან უფრო სერიოზულ თემებზე გადავედი. მერე კი დაიწყო წინსვლა… ცოტა ხანში ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი გავხდი.
მას შემდეგ ძალიან ბევრ გაზეთსა თუ ჟურნალში ვმუშაობდი.
გათხოვების შემდეგაც, იყო შიმშილის წლები, როცა ჩემი ქმარი უმუშევარი იყო, დღისით პატარებს ვუვლიდი და ღამით ვწერდი, მეორე დღეს მივრბოდი რედაქციაში, რომ სტატია დროზე ჩამებარებინა და ისევ თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი სახლში.
არ შემიძლია მადლიერების გრძნობით არ გავიხსენო „ჯორჯიან თაიმსის“ მაშინდელი რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი, რომელიც გვერდში მედგა და ყველანაირად მეხმარებოდა…
– ყველაზე გამორჩეული მაინც „მთავარი გაზეთი“ იყო, ალბათ...
– „მთავარი გაზეთი“, მართლაც, ერთ-ერთი სერიოზული, ობიექტური გამოცემა იყო საქართველოში. იქ ისეთ თემებს ვეხებოდით, რომელსაც მანამდე არც მედია და არც სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევდა, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებები და ა.შ. ძალიან ბევრ სტატიას გაუკეთებია კარგი საქმე.
არავინ თქვას, რომ მასმედიაში გამოქვეყნებული წყლის ნაყვაა, მუდამ ვდგები იმ ფაქტის წინაშე, რომ თუნდაც ჩემს ნაწერებს შედეგი მოჰყოლია.
რომ მეგონა, რედაქციაში მივდიოდი, დამირეკავდნენ და გზიდან ხან ყვარელში, ხან ურეკში მივყავდი ისე, რომ სახლში ასვლასაც ვერ ვახერხებდი. ამიტომ ჟურნალისტი მუდამ მზად უნდა იყოს ასეთი მოულოდნელობებისთვის.
ერთხელ ისრაელიდან ჩამოსულ მინისტრთან შეხვედრაზე ვარ – გადაპრანჭული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მირეკავს რედაქტორი, მანქანა გზაშია და სასწრაფოდ რეპორტაჟი მინდა ვეძათხევიდან, მდინარემ ახალგაზრდა ბიჭი წაიღოოო.
ვიარე წვიმაში, ტალახში და ძლივს ჩავაღწიე იმ ქვაღორღიან ადგილამდე.
ბადრი პატარკაციშვილის „იმედის ქალაქი“ ხომ გახსოვს? ურეკს ქმნიდა მაშინ.
აი, მაშინ იყო, რომ „იმედის“ ჟურნალისტებთან ერთად წავედი და მთელი ერთი კვირის განმავლობაში რეპორტაჟებს ვამზადებდი. ყველა იმას ამბობდა, პირველი შემთხვევაა, გაზეთი ტელევიზიას ასწრებდესო. რომ ჩამოვედი, ჩვენებმა მითხრეს, შენზე ლეგენდები დადისო.
კიდევ ფსიქიატრიულიდან რეპორტაჟები იყო საოცრება, ორი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, ამ კლინიკის ბინადართა ცხოვრებით ვცხოვრობდი.
– პირველი რეპორტაჟი…
– სერაფიტის მუზეუმსა და მცხეთის მუზეუმზე დავწერე რეპორტაჟი. განადგურებული და მოპარული იყო მუზეუმის ექსპონატები. მერე „ფაქტი, აზრი, კომენტარის“ რედაქციაში შევარდნაძისგან მადლობის წერილიც კი მივიღეთ.
– უკვე საკმაოდ პოპულარულია თქვენი ბლოგი „ეკოფაქტი“…
– ოთხიოდე წლის წინ, როგორც ფიზიკურმა პირმა, „აირექსისგან“ მოვიპოვე გრანტი ჩემი ბლოგისთვის „ეკოფაქტი“. ბლოგს მეშვიდე წელია ვამუშავებ და იქ ვდებ მასალებს გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ისტორიულ ძეგლებზე და აშ.
ზუსტად ვიცი, რომ ამ ბლოგს სერიოზული მკითხველი ჰყავს და ძალიან ხშირად აქვს გამოხმაურებები. დავწერ პრობლემაზე და თუ ის პრობლემა მალე არ გვარდება, სხვა მედიასაშუალებები მაინც აშუქებენ…
ტრავერტინების ამბავს გავიხსენებ… ყაზბეგისა და სნოს ხეობაში… პირველად „ეკოფაქტზე“ დაიდო მასალა, მედიამ ისე აიტაცა, რომ ბოლო-ბოლო ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭათ.
ცნობილი „მუყაოს ოცნების ქალაქი”, ბათუმთან ახლოს, სწორედ „ეკოფაქტზე“ გაშუქდა. ეს სახელიც ჩემი მასალის სათაურიდან გამომდინარე შეირჩა და დღემდე ასე მოიხსენიებენ – „მუყაოს ოცნების ქალაქი“.
სერიოზული შოკი მივიღე ამ „მუყაოს ოცნების ქალაქის“ გამო, ადამიანები მართლა მუყაოს ყუთებისგან აგებულ ქოხმახებში ცხოვრობდნენ. იქ რომ შევედი, ვეღარ გამოვდიოდი. ყველას ვუსმენდი, ყველას ვიღებდი. ჟურნალისტს მოსმენა უნდა შეეძლოს. ჟურნალისტი ხომ შუამავალია ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
ერთ-ერთ წიგნს ასე დავაწერე: ჟურნალისტი ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ფიქრობს სხვის პრობლემებზე და თავისი მოუგვარებელი რჩება-მეთქი. კი იცი, როგორ სახლში ვცხოვრობ. ისე, თუ არ გიყვარს შენი საქმე, პატიოსანი ჟურნალისტიკით შეუძლებელია იცხოვრო.
– რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოში მთავარ რედაქტორად მუშაობდით. პარალელურად მრავალ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეთ, ფოტოგრაფიითაც დაინტერესდით …
– საინფორმაციო სააგენტოში რედაქტორობა საშინლად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა… მუდამ მოვლენების ცენტრში და მზადყოფნაში უნდა იყო. გგონია დამთავრდა მუშაობა და შეიძლება ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდე, ორი დღე რედაქციიდან ვერ გამოხვიდე. პარალელურად ვმონაწილეობდი ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში, დავინტერესდი ფოტოგრაფიით.
ოცზე მეტი გამარჯვება მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ყველა პირველი ადგილია, თუმცა მეორე და მესამე ადგილებიც მეამაყება, რადგან დამოუკიდებელ ჟურნალისტად ვმონაწილეობდი ამ კონკურსებში.
– და… არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ წამყვანი მედიასაშუალებებისთვისაც კი მეტოქეობა გაგიწევიათ...
– ძნელია საკუთარ თავზე საუბარი… ფოტოგრაფიას რაც შეეხება, როცა მეწყება შიში, რომ მორჩა, ვეღარ ვიღებ სურათს, სწორედ მაშინ ვაგზავნი საზღვარგარეთ, კონკურსებზე და რომ ვიგებ, მერე ვმშვიდდები.
ფოტოგრაფმა აუდიტორიას ის უნდა მიაწოდოს, რასაც ყველა ვერ ხედავს…
– პერსონალური გამოფენა?
– პერსონალური გამოფენები არ მაქვს, მაგრამ ჩემი ფოტოები საზღვარგარეთ ხშირად გამოფენილა. მაგალითად, წელს, კიევში, ჟენევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კვიპროსსა და ბრიუსელშიც იყო გამოფენილი… ერთი ფოტო იზმირშიც „გაემგზავრება“, ფოტოგრაფთა ასოციაციამ ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები ფესტივალზე უნდა წაიღოს.
კიდევ, ჩემი ფოტოები საერთაშორისო კატალოგებშია შესული…
– ხუთი წლის წინ დაიწყეთ პედაგოგიური მოღვაწეობა. ამჟამად ასწავლით თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში… სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სოციალური მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტი ხართ… რამდენიმე სახელმძღვანელოც დაწერეთ…
– რადგან ქართულ ჟურნალისტიკაში სასწავლო წიგნების სიმცირე იყო, გავთავხედდი და გადავწყვიტე სტუდენტებისთვის „ფოტოჟურნალისტიკის საწყისები” დამეწერა, რომლითაც რამდენიმე უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს. მას შემდეგ გამოვიდა კიდევ სასწავლო წიგნი სათაურით „სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები მედიაში”, უახლოეს მომავალში გამოვა „ჟურნალისტიკის შესავალი”, ასევე ვასრულებ წიგნს „მეგზური სოციალური საკითხების გაშუქებაში”.
– ფოტოგრაფია თავად შეისწავლეთ…
– მასწავლებელი, როგორც ასეთი, მართლაც, არ მყოლია. წლები დამჭირდა, გამეგო, რატომ „მეწვება“ კადრი, რატომ ვერ ვიჭერ ფოკუსს, რატომ იბლანდება კადრი და ა.შ.
მერე, როცა შემომთავაზეს ლექციების კურსი, ჩავუჯექი, და ეს ჩემი წლებით ნაგროვები პრაქტიკა თეორიულად დავწერე… მას შემდეგ ითარგმნა და საკმაოდ სერიოზული წიგნები გამოვიდა, მაგრამ ეს მაინც იყო პირველი ქართული სახელმძღვანელო, პირველი მერცხალი იყო ქართულ ფოტოგრაფიაში.
წიგნში შესულია არა მარტო რჩევები, როგორ გადაიღოს ჟურნალისტმა კადრი, ჟანრების თავისებურებებიც, ფოტოგრაფთა ისტორიებიც… ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესოა, თუმცა საინტერესო რომ არ იყოს, ალბათ არც დაინტერესდებოდნენ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?
– ჩემი ცხოვრების სტილია, ჩემი ცხოვრებაა… ვერასოდეს დავანებებ თავს. ბლოგიც ამიტომ არსებობს, რომ არ შემიძლია ჟურნალისტიკის გარეშე… მერე რა, რომ ოფიციალურ გამოცემებში არ ვმუშაობ, აქ ვახდენ ჩემი თავის, როგორც ჟურნალისტის რეალიზებას და მყავს ჩემი მკითხველი.
– რა შეიძლება ითქვას დღევანდელ და… ვთქვათ, 90-იანი წლების მედიაზე, როცა, ძირითადად, ბეჭდური მედია არსებობდა?
– ტრადიციულ მედიას ნელ-ნელა ანაცვლებს ონლაინმედია. ტრადიციული მედიის უდიდესი ნაწილიც კი ცდილობს, ვებგვერდებზე განათავსოს მათ მიერ მოპოვებული მასალები, ნებისმიერ გაზეთს, ჟურნალს, ტელევიზიას, რადიოს აქვთ თავიანთი ვებგვერდები, გადახვევის ფუნქციით დ ა.შ.
– ოპერატიულობამ წინ წამოიწია…
– თუმცა ეს პრობლემებსაც ქმნის, ხშირად გადაუმოწმებელი ინფორმაციებიც ვრცელდება, სწორედ, ამ ოპერატიულობას დახარბებული მედიასაშუალებების გამო.
ვფიქრობ, ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია და არასდროს გამოედევნოს ოპერატიულობას.
მედიაში ხშირია უხეში შეცდომები, რაც, ძირითადად, იმის ბრალია, რომ სკანდალზე არიან ორიენტირებულები და ხშირად ავიწყდებათ ეთიკა. აი, სწორედ ოპერატიულობის გამოა, რომ ხშირად აუდიტორია დაუბალანსებელ ინფორმაციას იღებს.
– სოციალურ მედიას ასწავლით სტუდენტებს. როგორ აშუქებს მედია ამ საკითხებს?
– ამ მხრივ უამრავი პრობლემააა, ეს წიგნი კი იმიტომ დავწერე, რომ ჟურნალისტები სოციალური საკითხების გაშუქების დროს უამრავ შეცდომას უშვებენ.
წიგნში მითითებულია არა მარტო ის, როგორ უნდა წერონ, ვთქვათ, შშმ პირებზე, ან ოჯახში ძალადობაზე, ან რომელიმე სხვა საკითხზე, თავად საკითხებია დაწვრილებით განხილული, რომ სტუდენტს შეექმნას წარმოდგენა, რაზე მოუწევს მომავალში მუშაობა. სახელმძღვანელოში უამრავი საკითხია შესული. ამ წიგნში გარემოს დაცვის საკითხებზეცაა აქცენტი გადატანილი.
ხშირად პოლიტიკოსებიც კი ისეთ ტერმინებს ხმარობენ, თავად არ იციან, რას ნიშნავს, მაგალითად, „მდგრადი განვითარება“, ანდა სტიგმა, ან თუნდაც, შიდსი.
უბრალოდ იციან, რომ რაღაცას ნიშნავს და კონკრეტულად რას, არ იციან. ამ წიგნით სტუდენტები, და არა მარტო სტუდენტები, გებულობენ, რას ნიშნავს ესა თუ ის კონკრეტული სიტყვა, როგორ იშიფრება…
ხშირად მირეკავენ, ან მწერენ უკვე მოქმედი ჟურნალისტები და მეუბნებიან, რომ ეს წიგნი მათი სამაგიდო წიგნია და მეამაყება, რომ პაწაწინა წვლილი მაინც შევიტანე, თუნდაც სტერეოტიპების ნგრევაში, სიძულვილის ენასთან ბრძოლაში და ა.შ…
– სახელმძღვანელოების გარდა, თქვენი ფოტოებით და შეგროვებული მასალებით ორი წიგნი გამოვიდა…
– გამომცემლობა „კლიომ“ დასტამბა წიგნი „საქართველოს ასი კურორტი“, სადაც ჩემ მიერ შეგროვებული მასალებისა და ფოტოების უმრავლესობაა გამოყენებული. გამომცემლობა კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს, „საქართველოს ასი ციხესიმაგრე”, სადაც ასევე, ჩემი ფოტოები იქნება გამოყენებული.
– „დასავლეთ ევროპის ელდორადო, ანუ როცა მზე ვერ ათბობს ქვეყანას“…
– ეს ჩემი პირველი სერიოზული წიგნია, გამოვეცი საკუთარი ხარჯებით, რადგან ვთვლი, რომ სერიოზულ პრობლემაზეა.
წიგნი “დასავლეთ ევროპის ელდორადო, ანუ როცა მზე ვერ ათბობს ქვეყანას”, გოგონაზეა, რომელიც სამშობლოდან ევროპაში წავიდა სამუშაოდ და ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
– 2008 წლის აგვისტოს ომი პირდაპირ შეეხო თქვენს ოჯახს. ახლაც მახსოვს ის ჩანაწერი, აგვისტოს თავზარდმაცემ ხუთ დღეზე…
– არა, რვაში არ დაწყებულა ჩემი აგვისტოს ხუთი დღე, ექვს აგვისტოს დაიწყო, როცა ლეჩხუმის უმშვენიერეს სოფელ ლაჯანაში, მეგობრებმა ბავშვები დასასვენებლად წავიყვანეთ. მე, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და მზია ლეკვეიშვილი ქმარ-შვილთან ერთად, დაგვპატიჟეს მარინა ლეშკაშელმა და მაკა ტერელაძემ. ექვსში, უგრძელესი გზის შემდეგ, ისევ უკან, თბილისში, დაბრუნდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობარი (ეს უკანასკნელი, მეორე დღეს, დილაუთენია, ვაშლოვანში სანადიროდ წავიდა და ომის დაწყება ვერც გაიგო).
მეორე დღეს, უშველებელი სახლი დავასუფთავ-დავაწკრიალეთ, ბავშვებმაც დაგეგმვა დაიწყეს, როგორ გაეტარებინათ აგვსიტოს ბოლომდე დრო – ზოგს მდინარეზე ბანაობა უნდოდა, ზოგს მთებში ხეტიალი… ასე გათენდა 8 აგვისტო – დღე მესამე. მეზობლები გვეუბნებიან, რომ ომი დაიწყო (ტელევიზორი არ გვაქვს, რა საჭიროა ტელევიზორი ან რადიო, როცა მთაში მიდიხარ დასასვენებლად). თბილისში ვერ ვრეკავთ… ვრეკავ ჩემს ქმართან, რომელიც სამხედროა – ვერ გავდივარ. ვერც ჩემს მაზლთან – ისიც სამხედროა. ვერც მეგობართან, რომელიც ვიცი მათთან ერთად იქნება…
ისტერიკა მიპყრობს. საღამოს ჩემი მაზლი გვირეკავს, რამდენიმე წამით და გვატყობინებს, რომ ომში ყველანი ცოცხლები არიან… და ომის ხუთი დღე გადაიქცა ერთ დღედ. დიდებს თვალი არ მოგვიხუჭავს. ვუსმენდით თვითმფინავების გადაფრენებს, გვესმოდა აფეთქებების ხმაც… სოფელში სინათლე ჩააქრეს, რადგან სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავებ და შეიძლება ასეთი სტრატეგიული ობიექტი „ლაჯანურჰესი” ყოფილიყო.
ვისხექით უკუნ სიბნელეში და ვცდილობდით ჩვენებს დავკავშირებოდით. ხანდახან მოკლე ტექსტურ შეტყობინებები გვატყობინებდა – „ცოცხლები ვართ”… ხანდახან… სამაგიეროდ, გვირეკავდნენ ყველა ქვეყნიდან, ახლობლები და მეგობრები, გვეკითხებოდნენ რა ხდებოდა საქართველოში, გვამხნევებენ.
რეკავს ჩემი ძმა ჰოლანდიიდან და მეუბნება, რომ ჩამოვა, ისიც დაიცავს სამშობლოს. ეს მართლა სიგიჟეა. მირეკავს ჩემი ბიძაშვილიც, დეიდაშვილიც, მამიდაშვილიც და არა გორიდან, გორიდან არ რეკავდნენ, ვერც ჩვენ ვრეკავთ… სრული საგიჟეთი იყო… თუმცა, ვცდილობდით, ბავშებს არ გაეგოთ, თუნდაც ის, რომ ომი დაიწყო. ვცდილობდით – არ გამოგვდიოდა. 8 წლის ალექსანდრემ, ერთხელაც, როცა მორიგმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა და ჩემს მეგობარს ისტერიული შეტევა დაემართა, სათამაშო ავტომატი დაშალა და „კატაპულტა” ააწყო, ამით, თვითმფრინავებს ჩამოვაგდებთო, გვამხნევებდა.
12-ში, როცა ბავშვებს მდინარეზე წასასვლელად ვამზადებდი, ალექსანდრე გაფითრებული შემოდის: – დედა, გორი აღარაა, – მეუბნება, – დედა, მამა ცოცხალი აღარააა? – მეკითხება და კრიჭა ეკვრება, გონებას კარგავს… – მეზობელთან გადამძვრალს მოუსმენია, ერთ-ერთი საინფორმაციოსთვის, რომ გორი აღარაა. გორი რომ აღარაა, მზიამაც იცის, თუმცა არ მეუბნება. „ნუ, გეშინია, დედა, – ვეუბნები, – დავურეკავ ზაზას, ჩამოვა და წავიდეთ მამასთან… – ვამშვიდებ და ცოტა აზრზე მოდის…. გოგოები ოთახებში იკეტებიან და სახურავზე მსხლის ჩამოვარდნისას, ოთახიდან ეზოში ჩუმი კივილი გვესმის – ეშინიათ… ჩამოვიდა ზაზა. მარინა გვეწინააღმდეგება, არ უნდა ჩვენი გაშვება.
ჩავლაგდით, მამასთან წავედით გორში. შემოვლითი გზით, რაჭისკენ ისევ გვესმის დაბომბვების ხმა. ჩავედით ცაგერში. უამრავი ხალხი გვხვდება ზოგი სვანეთში, ზოგი ლეჩხუმში ადის… მხოლოდ ჩვენ მივემართებით თბილისისკენ, გორისკენ… ქუთაისიდან გამოსულებს მანქანა გაგვიფუჭდა. პატრული დახმარებას გვთავაზობს – ვუარობთ. მივაღწიეთ გორს… ცარიელი ქუჩები, აფეთქებული გზები… დამწვარი ხეები… გორის შესასვლელთან ჯარისკაცი გვეუბნება, რომ არ შევიდეთ ქალაქში, მაინც შევდივართ. დაძაბული სიჩუმეა… გზაზე ტრაილერია გადაყირავებული, ძლივს ავუქციეთ გვერდი… შევნიშნეთ, რომ ქალაქიდან უნომრო მანქანები მიდიან. გამიკვირდა. „მამას” დავურეკეთ, გამოვიდა. არც ისე ხალისიანი, ალექსანდრე დაწყნარდა, – „მართლა ცოცხალი ყოფილა,” – მეუბნება. გორიც ადგილზეა. თბილისისკენ დავიძარით. სახლამდე ცოტა გვაკლია და მირეკავს – „გორი აიღეს, გადით ქალაქიდან. ახლავე გადით, ჩვენც გამოვაღწევთ”. „არ არსებობს, – ვფიქრობ, – არ არსებობს, არსადაც არ წავალ, ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა”. მიშა მიმართავს ხალხს. ხალხი გარბის. ზოგი – სად, ზოგი – სად… გარბიან, გარბიან, გარბიან… „ვის უტოვებენ ქვეყანას,” – ვფიქრობ… დასავლეთისკენ გზა დაიკეტა… კაია, რომ გამოვასწარით…
თუმცა, იქით დარჩენილები ჩვენზე ნერვიულობენ. ინტერნეტი არ მუშაობს, მეილზე ვერ შევდივარ… მაინც… მოგვიანებით, მე და მზია დევნილებთან ავედით, მეორმოცე სკოლაში. მე, ჩემი აპარატით, რომელიც დიქტაფონის როლს ასრულებს, მზია თავისი ფოტოკამერით. ხალხს ვიწერ. უნდა დავწერო, აუცილებლად უნდა დავწერო.. ვწერ… როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები სრულიად ხელ-ცარიელნი, როგორ ჩააკვდა ერთ-ერთ ჩემს რესპონდენტს მეზობელი, რომელსაც ყუმბარის ნაგლეჯი მოხვდა მუცელში… მიყვებიან და მიყვებიან, ლამისაა გავგიჟდე და ვისმენ და ვისმენ… გულმა ვერ მომითმინდა მაინც გადავიღე ერთი კადრი – დაფის ქვეშ, ლოგინია, დაფაზე ბავშვის ხელით ნახატი ყვავილი და მინაწერი – ამ ყვავილივით ლამაზი ხარ დედა…
„ღმერთო, გააძლებინე ამ ადამიანებს” – ვფიქრობ… მერე ვწერ იმ ახალგაზრდა ოს ბიჭს, რომელის ქართველ შეყვარებულს აქ გამოჰყვა. დაბომბვა სწორედ, მაშინ დაწყებულა, როცა მის ფანჯრებთან სიყვარულს უხსნიდა. მეტირება… ჩემს ახლობელს დავუკავშირდი, რკინიგზაში მუშაობს, ისიც ჩავწერე, მიყვება, როგორ მორბოდნენ ღამის საცვლებით, ფეხშიშველა ადამიანები და თავს აფარებდნენ მატარებელს… უკან მოვდივართ, მზიამ კარგი კადრები გადაიღო და, ვფიქრობ, როგორ და ვის მივაწვდინო ხმა. მზიამ ფოტოები მომცა. უკრაინაში ახლობელს ახალი მეილი გავახსნევინე და მასალა ვაშინგტონში გადავგუზავნე, საერთაშორისო ორგანიზაციას („გლობალ ინტეგრითთან“ რამდენიმე წელი ვთანამშრომლობდი. ვთხოვე, თავიანთ გვერდებზე განეთავსებინათ ანაზღაურების გარეშე. უბრალოდ, იქნებ გაიგოთ, რომ ომია საქართველოში…)… განათავსეს…
ბოლოსდაბოლო, მოვიდა მამა…. გორიდან წამოსული. მან და რამდენიმე ადამიანმა ყველაზე გვიან დატოვეს გორი….. რატომ? ეს უკვე სხვა თემააა? ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც ისინი ასე გაწირეს… და ჩემს თვალწინ უნომრო მანქანებით ტოვებდნენ გორს, ეს მათ სინდისზე იყოს… ღმერთო, მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხლები დაბრუნდნენ… ეს იყო ჩემი აგვისტოს ხუთი დღე.
– ორი შვილის დედა და ჟურნალისტი, როგორ ასწრებთ საოჯახო საქმეებს…
– დილით, თუ ვასწრებ, ვალაგებ სახლს, მერე გავრბივარ, სახლში რომ მოვდივარ, ოჯახის სხვა საქმეებს მერე ვაკეთებ…
ხშირად მეკითხებიან, ამდენს როგორ ახერხებო, ამას წინათ, რადიო „თავისუფლებაზე“ მიმიპატიჟეს და მაშინ მივხვდი, გია რომ არ იყოს ჯიგარი, ამდენს ვერ შევძლებდი. თუნდაც ფინანსურად… ხელფასი რომ არ მაქვს და სადმე მინდა წასვლა, შევუჩნდები და სურვილს ყოველთვის მისრულებს. ხშირად თავადაც დავყავარ.
შარშან ძალიან ვთხოვე სვანეთში წაყვანა, ჭალაათის მყინვარი მაინტერესებდა, წინა წელს ვიყავი და მითხრეს, მყინვარი ყოველწლიურად 15 მეტრით უკან იხევსო და ძალიან მინდოდა შემემოწმებინა.
ჰოდა, ჩავსხით ბავშვები მანქანაში და წავედით. ავედით ჭალაათზე… მართლები ყოფილან… უკან დაეხია კიდევ 15 მეტრით.
აი, გაზაფხულობით რომ ავტყდები, ყვავილების გადაღება მინდა-მეთქი, მაშინაც ჩემთან ერთად არის. არავის არ სჯერა, მაგრამ მართლა ასეა. კი ბუზღუნებს, მაგრამ მაინც მივყავარ…
თან მეკითხება, აი, რამდენი უნდა გადაგიხადონ ახლა, რამდენი 20 ლარი? ამის გამო რამდენ ბენზინს ვწვავო? მაგრამ მაინც მივყავარ…
ქამა სოკოზე ლოკოკინა დატოვებს ხაზებს…
ვერცხლისფერ ძაფებს მზე წაიღებს სხივებთან ერთად,
მინდვრის მარწყვები ტუჩებს შორის გამოილევა…
და ქარი, უფრო ნიავქარი…
არყის ხეების უჩვეულო შრიალით გაფრთხობს –
ნაძვის და ფიჭვის უსიერ ტყეში დაკარგულს,
წყაროსთავიდან, ცივი წყალი გულს დაგიამებს
და დაკარგული თვალებიდან ამოსული მზე
არ დაიღამებს, არ დაიდარდებს უამინდობას.
ისევ გათბება ბებიისგან ნაკოცნით შუბლი
და არ იდარდებ…
თამარ შაიშმელაშვილი