„კარგი ლექსები იწერებოდა ნებისმიერ ეპოქაში და ყოველთვის იმაზე ბევრად ცოტა, ვიდრე თანამედროვეებს ეგონათ“…
საინტერესო, მოგონებებით მდიდარი ცხოვრების გზა განვლო. საკუთარ თავზე უნივერსიტეტიდან განდევნაც იწვნია… აკრძალული წიგნების ინტენსიური კითხვის პერიოდიც ჰქონდა; პირველი კრებულის გამოცემის სირთულეებიც…
შემოქმედებითი მოღვაწეობა კი გრძელდებოდა…
ოცამდე პოეტური კრებულის ავტორია, კითხვაზე – პოეტი, ესეისტი და მთარგმნელი, თავად რომელს მიანიჭებდა უპირატესობას, ამბობს, რომ პოეზიაა მისთვის უმთავრესი, მაგრამ ესეების წერაც ძალიან უყვარს…
გივი ალხაზიშვილის პერსონა.
– ბატონო გივი, როგორი იყო თქვენი ბავშვობა? სკოლა ქუთაისში დაასრულეთ. რით იყო ეს პერიოდი თქვენთვის გამორჩეული? როდის და როგორ დაწერეთ პირველი ლექსი?
– მე დავიბადე თელავში – დედულეთში, 1944 წლის 26 მაისს. მამაჩემი იყო ქუთაისიდან. ჩემი დაბადებიდან მოკლე დროში დაბრუნდა ჩვენი ოჯახი ქუთაისში.
სკოლა ქუთაისში 1961 წელს დავამთავრე. სკოლის დასრულების მერე გავიგე ჩვენი სკოლის ისტორია, სკოლაში არავინ საუბრობდა ამ თემაზე. ჩვენი სკოლა აუშენებიათ იმ მიზნით, რომ ბაგრატის ტაძრის ნანგრევები დაეფარა, ხოლო ტაძრის რესტავრაციის შემდეგ – სკოლა დაანგრიეს, რათა ტაძარი გამოჩენილიყო. ამ სკოლის შენობაში განთავსებული იყო სასულიერო სემინარია და რადგან მისი ხსენება მაშინ არასასურველი იყო, არც ახსენებდნენ. სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ: გალაკტიონი, კორნელი კეკელიძე, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე და მრავალი სხვა.
სკოლა ისე დავამთავრე, რომ ამ თემაზე კრინტი არავის დაუძრავს.
გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები. ვასილ ამაშუკელი ჩვენი მეზობელი იყო. მან გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. გორაზე, ჩვენს უბანში ცხოვრობდა პეტრე ჭაბუკიანი, მეცნიერი, რომელმაც სათაფლიაში აღმოაჩინა დინოზავრის ნაკვალევი. ხუმრობდნენ, რა გაუკეთებია პეტრე ჭაბუკიანს? არაფერი! შეყო ხელი ნაპრალში და ძველი წელთაღრიცხვის შუბი იპოვა. მეტი არაფერი გაუკეთებიაო. სხვები კი ნიშნისმოგებით ამბობდნენ, აბა, შეყავი ხელი და უძველესი შუბი იპოვე, თუ მაგარი ბიჭი ხარო! ვასილ ამაშუკელის ეზო ჩვენს ეზოს ესაზღვრებოდა და ხშირად საუბრობდნენ, როცა თვალს მოჰკრავდნენ ერთმანეთს.
ლექსების წერა რომ დავიწყე, დაწყებით კლასებში ვსწავლობდი. დედაჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობდა, სკოლიდან იქ ვაკითხავდი დედას და მერე სახლში მარტო მივდიოდი. ბიბლიოთეკაში გავიზარდე… პირველი ლექსი კატების და თაგვების ბრძოლაზე იყო. ლექსიც არ იყო, რაღაც ბავშვური ტექსტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ პირველი იყო.
– თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ 1963-66 წლებში ჯარში ანტისაბჭოური პროპაგანდისათვის გაგამწესეს…
– რუსთაველის თეატრში წაგვიყვანეს სტუდენტები სპექტაკლის სანახავად. დავით გაჩეჩილაძის პიესა ვნახეთ. როგორც მახსოვს, პიესა ამირანის მითზე იყო აგებული. უნივერსიტეტის კლუბში, გაიმართა ამ პიესის განხილვა. გამოვედი სიტყვის სათქმელად და გამომივიდა ანტისაბჭოთა შეძახილები, რომ მალე დაიხსნის თავს ამირანი – საქართველო ბორკილებისგან და ჩვენ მივაღწევთ დამოუკიდებლობას! არ გასულა დიდი დრო, რუსთველოლოგიის ლექციიდან დამიძახეს დეკანატში და გამაქანეს სამხედრო კომისარიატში. გამატარეს ე.წ. სამედიცინო კომისიაზე და მიკრეს თავი ნავთლუღის ჯარში, ახალწვეულთა გამანაწილებელ პუნქტში. ეს იყო სამწლიან ჯარში გაწვევა, ე.ი. სამწლიანი განდევნა უნივერსიტეტიდან..
– თქვენი ლექსები 60-იანი წლებიდან საუნივერსიტეტო გაზეთში, ალმანახ „პირველ სხივში“ იბეჭდებოდა… როგორ გაიხსენებთ სტუდენტობის პერიოდს? რა შეგმატათ ამ პერიოდმა, როგორც შემოქმედს?
– სტუდენტობის პერიოდი დაუვიწყარია. ვბეჭდავდი ლექსებს საუნივერსიტეტო გაზეთში, ე.წ. „ახკომში” და „პირველ სხივში”. მოგვიანებით – „ცისკარში“. ვიყავი „პირველი სხივის” რედკოლეგიის წევრი. ეს პერიოდი იყო გამუდმებული ლიტერატურული ძიებისა და აკრძალული წიგნების ინტენსიური კითხვის და ათვისების „რენესანსული“ ხანა. უნივერსიტეტის ეზოში შოთა ჩანტლაძესთან შეხვედრები და საუბრები და, ცხადია, დალევის „სპეცკურსები“.
– საინტერესო ისტორია აქვს 1972 წელს გამოცემულ ლექსების პირველ წიგნს „კრებული“, რომელიც ნიკა აგიაშვილის თანადგომით დაისტამბა… თქვენ საბჭოთა პერიოდში გამოხვედით ასპარეზზე. ხომ არ გქონიათ შემთხვევა, რომ „ზემოდან“ თითი დაექნიათ?
– პირველ წიგნს ჰქონდა რთული გზა, მხოლოდ იმიტომ რომ სავალდებულო თემებზე არ ვწერდი და წიგნში არ იყო არცერთი ლექსი საბჭოურ თემატიკაზე, რასაც მაშინ „პარავოზებს“ უწოდებდნენ. ამ „პარავოზებს“ უნდა გაეწიათ, წაეყვანათ დანარჩენი ლირიკული ლექსები, ისე წიგნი არ გამოვიდოდა. მაშინ მთავარ რედაქტორი დროებით შეცვალა ნიკა აგიაშვილმა. მას მერე, ექვსთვიან შემოქმედებით მივლინებაში წავიდა „მერანის” მთავარი რედაქტორი გრიგოლ ჩიქოვანი, რომელმაც უარი თქვა ჩემი პირველი წიგნის გამოცემაზე და მითხრა, რომ ჩამოვალ, დამახვედრე თემატური ლექსები და გამოვცემთო!
მივადექი ბატონ ნიკას და ვუთხარი ჩემი გასაჭირი. ნიკამ სასწრაფოდ მოძებნა დედნების გროვაში ჩემი სიფრიფანა წიგნი, ცხადია, ჩემი დახმარებით და იქვე ხელი მოაწერა: „აიწყოს და დაიბეჭდოს!“
ეს უკვე დაბეჭდვის ვიზა იყო და უზომოდ გამიხარდა. სტამბაში გამიჯანჯლეს საქმე, მაგრამ ჩემი იმიტაციის უნარი ჩავრთე ამ საქმეში და ბეჭდვაც დავაჩქარე. ფერადი ბეჭდვის სტამბის დირექტორს – გაბოს დავურეკე ბესო ჟღენტის ხმით, ვაქე გივი ალხაზიშვილის წიგნი თავშეკავებულად და ვთხოვე, დროულად დაებეჭდათ ეს წიგნი. მესამე დღეს გარეკანი დაბეჭდილი იყო და წიგნიც სწრაფად გამოიცა. ამავე წიგნის განხილვაზე, ერთმა ჩემმა მეგობარმა, იგი აღარ არის ამქვეყნად და გვარს არ დავასახელებ, მოითხოვა სიტყვა და მკითხველს და დამსწრე საზოგადოებას ახარა, რომ ამ წიგნში ერთი ლექსი იან პოლახის გმირობას ეხება. იან პოლახმა თავი კოცონზე დაიწვა პრაღაში, საბჭოთა ოკუპაცია ასე გააპროტესტა. ის ლექსი, სადაც იან პოლახი ვიგულისხმე, ისე იყო ჰერმეტულად შეფუთული, „დაინტერესებულმა ტიპებმა” ვერ იპოვეს. მივხვდი, „ჩამშვებმა“ ჩემგან კი გაიგო, იან პოლახს რომ ვგულისხმობდი ერთ ლექსში, მაგრამ ლექსი ვერ დაიმახსოვრა. იმ ლექსიდან ასეთ ფრაგმენტს ვაციტირებ: „ვინ იყო იგი, საკუთარ სხეულს რომ მიუსაჯა „აუტო დაფე” და მოედანზე შეგროვილ ხალხს მოასმენინა ძვლების ტკაცუნი“.
რაც შეეხება „ზემოდან“ თითის დაქნევას, იყო ასეთი ფაქტები. ძირითადად, „ახკომის“ გვერდებზე, სადაც ტალახში „ათრევდნენ“ ჩემი თაობის პოეზიას, როგორც უიდეოს და უსაგნოს, გაუგებარ რებუსებს და ა.შ.
– რომ შეადაროთ მაშინდელი პერიოდი 21-ე საუკუნის ეპოქას, როდის იყო უფრო იოლი კარგი ლექსის წერა, მაშინ თუ ახლა? და რატომ? დღეს ლექსის უამრავი მწერალია. რატომ მოხდა, რომ მდარე პოეზია გაფეტიშდა საზოგადოებაში?
– ჯერ ვიკითხოთ და დავაზუსტოთ, რას ჰქვია კარგი პოეზია? ამას ვკითხულობ გემოვნების განსხვავების გამო. კარგი ლექსები იწერებოდა ნებისმიერ ეპოქაში და ყოველთვის იმაზე ბევრად ცოტა, ვიდრე თანამედროვეებს ეგონათ. საბჭოთა პოეზია გაჯერებული იყო ცრუპატრიოტული შეძახილებით და რიტორიკით. ყველაფერი იყო, გარდა სიღრმისა და მედიტაციური დინამიკისა. გამონაკლისებს არ ვგულისხმობ.
რაც შეეხება მდარე პოეზიის გაფეტიშებას, სრულიად ბუნებრივია. მდარეს რომ აფეტიშებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაა დეგრადირებული. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და უვიცობის და უგემოვნობის აღზევება გრძელდება.
– თქვენ უამრავი პოეტური კრებული გაქვთ გამოცემული. იქნებ თქვენ გვითხრათ, რამდენი? 1998 წელს წიგნისათვის „გამოსვლა უდროობიდან“ მოგენიჭათ აკაკი წერეთლის პრემია, 1999 წელს ამავე წიგნისთვის – სახელმწიფო პრემია. „საუნჯის“ მიერ გამოცემულ ახალი ლექსების კრებულს „ჩაბრუნებულ მზერას“ კი 2011 წელს პოეზიის ნომინაციაში მიენიჭა პრემია „საბა“…
და მაინც, თქვენი კრებულებიდან რომელი გიყვართ ყველაზე მეტად? რომელმა კრებულმა გამოხატა თქვენი სათქმელი ყველაზე სრულყოფილად? ხართ პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი – და მაინც, რომელს ანიჭებს უპირატესობას თავად გივი ალხაზიშვილი?
– კი, ბევრი წიგნი მაქვს გამოცემული. დიდი ხანია არ დამითვლია… ოცი პოეტური კრებული და ხუთი მხატვრულ-დოკუმენტური პროზა, ესეების სამი წიგნი, ჩემი თარგმნილი პოეზია – რამდენიმე წიგნი და ამას ემატება საზღვარგარეთ გამოცემული წიგნები. ბოლომდე მაინც ვერ დავითვალე. როცა ზუსტად დავითვლი, გაგიმხელ. პოეტური კრებულებიდან ჩემთვის საეტაპო იყო 1981 წელს გამოცემული „დიალოგი ფიქრში”. ამას წინათ ახალგაზრდა მკითხველებმა შემახსენეს ეს წიგნი და ძალიან გამიხარდა. შემდეგი საეტაპო წიგნი არის „გამოსვლა უდროობიდან”.
იყო პერიოდი, როცა თითქმის შვიდი წელი შეგნებულად არ გამოვცემდი პოეტურ კრებულებს. ეს იყო 1997-2004 წლები. 2005 წელს ამ დუმილს მოჰყვა „გაღწევის სურვილი“. სულ რამდენიმე წიგნია, რომელსაც ჩემთვის საეტაპოდ ვთვლი. ასეთი წიგნებია, ასევე, „გაღწევი სურვილი“, „ქორონიკონი” – ორივე, „ეპისტოლეთა წიგნი“ და „უცნობი მზე”. ცალკე აღებული ერთი წიგნი ვერ ასახავს ჩემს შემოქმედებას. ჩამოვთვალე თითქმის ყველა წიგნი, რომელთაც მივიჩნევ ჩემთვის საეტაპოდ. აქვე უნდა ჩავამატო „ჩაბრუნებული მზერა“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს წიგნები და ისინიც, რომლებიც არ ჩამოვთვალე, სრულად გამოხატავს ავტორს თავისი შუქ-ჩრდილებით. რაც შეეხება იმას, რომელი ჟანრი მირჩევნია, ცხადია – პოეზიაა ჩემთვის უმთავრესი, მაგრამ ესეების წერაც ძალიან მიყვარს…
– იტალიაში გამოიცა თქვენი ლექსების კრებული „ვრცელი წამი“, რომელშიც შევიდა 60-მდე ლექსი და თქვენს სამ წიგნს აერთიანებს. ესენია – „უცნობი მზე“, „ჩემი დღეების მიწა“ და „ეპისტოლეთა წიგნი“… როგორ ითარგმნა ეს ლექსები. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ზუსტად გამოხატავდეს დედანის სულისკვეთებას თარგმანი? რა უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელმა პოეზიის თარგმნის დროს, უწინარესად?
– მე ყველა ნიუანსს მეკითხებოდა მთარგმნელი და ყველაფერს ვუხსნიდი დეტალურად. თვითონ ნუნუ გელაძე მშვენიერი მთარგმნელია და ყველაფერს ადვილად იგებდა. მეკითხებოდა იმას, რაც ავტორის ჰერმეტულობის გამო ძნელად იკითხება. ახლა, როცა მივადექით წერის პროცესს და ამის ახსნა-განმარტებას მთხოვთ, მე გვერდს არ ავუვლი და გეტყვით. ჩემთვის მთავარია განწყობა, განწყობაში ჩაბუდებული სათქმელი, რომელიც სპონტანურად ივსება და ყალიბდება. განწყობაში ვგულისხმობ სულის განსაკუთრებულ მდგომარეობას. როცა იხედება მავანი სულის თვალით და არა მხოლოდ მხედველობის ორგანოს მეშვეობით! ეს ცოტა რთული საკითხია და ახსნას არ შევუდგები. ეს ან გაქვს, ან – არა. სწავლება შეუძლებელია. ის, რაც თავის დროზე ავხსენი, მეორედ ნუ მომთხოვთ იმავეს გაკეთებას.
–… ახლახან გამოიცა თქვენი პროზაული, მხატვრულ–დოკუმენტური კრებული ,,დანაშაულით მკვდარი“. როგორ დაიწერა ეს წიგნი, რაზე მოგვითხრობს? რისი თქმა გინდოდათ?
– ეს წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება და გამოკვეთილი რეტროსპექტივა იწყება 2012 წლის საარჩევნო ბატალიებით, გრძელდება მწერალთა სახლის დაფუძნებით, მწერალთა ერთი ჯგუფის პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის კულუარების უაღრესად საინტერესო ასახვით.
მეოთხე და დამაგვირგვინებელი თავი „დღიური“ მოგვითხრობს 2008 წლის ცხინვალის ომსა და სავალალო შედეგებზე, სამაჩაბლოდან გამოდევნილი მკვიდრი მოსახლეობის უკიდურეს გაჭირვებასა და ბედის ანაბარა მიტოვებულ რეზერვისტებზე. სახარებისეული სენტენცია „დანაშაულით მკვდარი“ ზუსტად მოერგო მთავარ პერსონაჟს. მთელი წიგნის მოკლე შინაარსის მოყოლას ვერ შევძლებ. მკითხველს, დარწმუნებული ვარ, დააინტერესებს ეს წიგნი და წაიკითხავენ!
– თქვენ ახალგაზრდა თაობას უყვარხართ, როგორც მუდამ თანამედროვე, შემოქმედებითად და პიროვნულადაც… როგორ ახერხებთ მუდამ თანამედროვედ ყოფნას?
– ახალგაზრდებთან ვმეგობრობდი ყოველთვის. თამაზ ბაძაღუას, გიგი სულაკაურის თაობიდან მოყოლებული – ზვიად რატიანთან, დათო ქართველიშვილთან, ლელა სამნიაშვილთან, შალვა ბაკურაძესთან, ბესო ხვედელიძესთან და დღევანდელ დღემდე, – ლექსო დორეულის, ნიკა აგლაძის, ოთარ ჯირკვალილის, სოფიკო კვანტალიანისა და, ხვიჩა ყალაბეგიშვილის თაობასთან.
უცნაურია, მაგრამ ახალ თაობებთან მუდამ ახალ პრობლემატიკაზე ვსაუბრობ. მე არ ვთამაშობ თანამედროვის როლს, უბრალოდ ვარ თანამედროვე და ამას კარგად ხედავენ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები…
– რა არის პოეტისთვის სიყვარული?
– სიყვარული არის სიცოცხლის მასაზრდოებელი წყარო. სიყვარულის გარეშე წყვდიადი ისადგურებს, და სიცოცხლე ქრება! ღმერთი სიყვარულია.
– ოჯახზე რას გვეტყვით? მეუღლე გარდაგეცვალათ… გყავთ შვილები, შვილიშვილები…
– ვცხოვრობთ ერთად, მე და ჩემი შვილი, რძალი და უფროსი შვილიშვილი, ხატაეთის ქუჩაზე. ეს ქუჩა სოფელ დიღმის განაპირას მდებარეობს. მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. უფროსი შვილიშვილი მეთორმეტე კლასშია და ჩაფლულია წიგნებში. საშუალო მეექვსე კლასშია და ჩემი მოსახელეა. უმცროსი მეხუთეკლასელი ანი, ჩემი ქალიშვილის, – დედისერთაა!. ხშირად ვიკრიბებით ერთად. მე უმთავრესად ჩემს ოთახში ვარ, ან ეზოში ჩემს დარგულ მცენარეებთან. აქვე ცხოვრობენ კაჭკაჭები და ოფოფები, გუგულები, ბუები, ღამით რომ გასძახიან ერთმანეთს. სექტემბრის შუა რიცხვებში მოლაღურები გაფრინდნენ თბილ ქვეყნებში და მოვიწყინეთ. ისეთი მოლხენა იციან მოლაღურებმა, რომ გაფრინდნენ, ზედმეტმა სიმშვიდემ შეგვაწუხა.
– რა არის თქვენი საფიქრალი, როცა საკუთარ თავს უღრმავდებით განმარტოებისას?
– საფიქრალს რა გამოლევს. მე კი არ ვფიქრობ, ფიქრი დამეძებს.. ეს სტრიქონი ერთი ჩემი ლექსიდან გამახსენდა. ახლა აგრილდა და უფრო გულდასმით მოვკიდე ხელი რჩეულის შედგენას. წლის ბოლომდე მოვრჩები ალბათ.
– თქვენი პოეტური კრებული „უცნობი მზე“ შარშან გამოიცა. „უცნობი მზე“ სახარებაში მოხსენიებულ „უცნობ ღმერთს“ უკავშირდება, გერმანელმა პოეტმა ანგელოზ სილეზიუსმა რომ აღბეჭდა თავის ლექსებშიო, – ამოვიკითხე ერთ წერილში… თქვენ უფრო უკეთ ახსნიდით…
– სილეზიუსი წერდა „უცნობი ღმერთი”. იმეორებდა არეოპაგის სიტყვას, მაგრამ სახარებაში წერია, პავლე მოციქული როგორ ურჩევს არეოპაგს, მიეახლოს ჩვენს ღმერთს ქრისტეს, რომელიც არ არის უცნობი.
– „სულის სიღრმეში უთქმელობა რომ გეცრემლება“…რა არის პოეტისთვის ეს უთქმელობა?.. სად მიდის ის ფიქრი, რომელსაც ვერ ამბობ ლექსად?
– სულის სიღმეში არის ის, რაც განმარტებას არ ექვემდებარება და ამ კითხვაზე პასუხს კი არ ვცდილობ, არამედ ამ განცდის შენახვას ჩემში, ან როგორმე გახანგრძლივებას. არის წუთები, რომელთა გამეორება გვწყურია, მაგრამ მისი შენახვა მხოლოდ შეგრძნების დონეზეა შესაძლებელი. ვერ აიღებ და თაროზე ვერ შემოდებ, ვერც მაცივარში შეინახავ!
– „თუ სინანულის გზით არ იარა, თუ ერთხელ გული არ ამოუჯდა და არ გალღვა თავის ცრემლებში“?! – რა არის პოეტის სინანული? რაზე ნანობთ ყველაზე მეტად?
– ადამიანს გამუდმებით უნდა ჰქონდეს სინანულის განცდა. ჩვენ ყოველთვის ვცოდავთ – სიტყვითა, საქმითა, უმოქმედობითა… და ა.შ.
– გივი ალხაზიშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე…
– ბაღს ვუვლი. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბაღის მოვლა, ბოსტნის – არა!.. მეორე წელია, რაც ეს საქმე მახალისებს.
– მე ძალიან მომწონს თქვენი ეს ლექსი, თქვენ?
***
ის ქვეყანა ხომ სხვაგანაა, თანაც შენშია
და ამიტომაც სათუოა შენი აქყოფნა,
მხარი გეცვალა, წინათაც ხომ ბევრჯერ შეგშლია,
ვერ გაგიგია, ამ სოფელში ვინ შეგაყოვნა.
აღარც კი იცი, კარს რომ აღებ, ვისთან მიხვედი,
შენ გაერიდე მოთამაშე დროს და ამინდებს
და შეეზარდე ბედისწერას, შენი წილხვედრი
თაფლის სანთელი მგონი უკვე სადღაც აგინთეს.
გამოანათებს ზოგჯერ ფიქრი, როგორც ფოსფორი
– გაურკვეველი წარსულის და აწმყოს ნაზავი,
შენი ტუჩები გაბუტული და წენგოსფერი
და ხმა, ოთახში შემოპარულ ჭრიჭინასავით.
– თამარ, მიხარია რომ მოგწონთ. რჩეულში შემაქვს.
თამარ შაიშმელაშვილი