შეხვედრა საიდუმლო ფერად ნახატებთან დეა ბაქრაძის სტუდიაში
დეა ბაქრაძესთან შეხვედრა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მისი 17 ნამუშევარი – ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების ფილმების მიხედვით შექმნილი კინოპოსტერები ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიფინა. „კინოაფიშები – აკრილი და კინო“… – ასე ერქვა მის გამოფენას. ნიჭთან ერთად ინტელექტი და დიდი სიყვარული იგრძნობოდა…
„ნამუშევრები შემთხვევით მომიგროვდა, თავიდან ერთი პოსტერის დახატვა მომაფიქრდა, შემდეგ რამდენიმე ფილმი მეგობრებმაც შემახსენეს და ასე შეიქმნა კინოპოსტერები. რაღაც ინტუიციით, კომპოზიცია ისე დალაგდა, რომ საგამოფენო ნამუშევრები გამოვიდა. გულახდილი რომ ვიყო, შემთხვევით დაემთხვა. ვფიქრობდი, რომ ლამაზია დახატული კადრი – ცოტა ფერწერული, შესრულებული აკრილში.
ესენია: ტარკოვსკის ფილმების პოსტერები, ასევე ლუკინო ვისკონტის – „სიკვდილი ვენეციაში”, ბასტერ კიტონის ნახატი, ქართული ფილმი ,,ქოლგა”, „მაგდანას ლურჯა“, „ფიროსმანი“… – მითხრა მაშინ დეამ.
– თურმე შემთხვევით გადაწყვიტეთ კინოკადრის დახატვა და შემდეგ სხვა კადრებიც შექმნილა. რომელი იყო ეს კინოკადრი? ნუთუ შემთხვევითობა ზოგჯერ მაინც გადამწყვეტია?
– პირველი, მგონი, „სტალკერი“ დავხატე… ან შეიძლება „ქოლგა“. ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ყველა დაიხატა…
კი, ასე გამოდის, შემთხვევითობამ განაპირობა… რაღაც სიტუაციას და ადამიანებს მოჰყვა, გარემოს, არ ვიცი…
– როგორ ჩაიარა პირველმა გამოფენამ, კმაყოფილი ხართ?
– კი, კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ საზოგადოებამ გაიგო, ნახა, და რასაც ველოდი, დადებითი განცდა იყო, ხალხიც მხიარულობდა… ნახატები, როგორც ნახეთ, დადებითია. გამოფენიდანაც დადებითი ენერგია მივიღე.
გულახდილი რომ ვიყო, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს გამოფენა. ახლა ნამუშევრების გაზიარების სურვილი უფრო მეტად გამიჩნდა.
– პირად საუბარში მითხარით, რომ გიყვართ კონცეპტუალური ხელოვნება, და რომ პირველი გამოფენაც იყო კონცეპტუალური…
– სიმართლე გითხრათ, ყველაფერი შემთხვევით ერთმანეთს მოჰყვა და გამოვიდა საგამოფენო მასალაც, უფრო საინტერესო იყო პროცესი… რა თქმა უნდა, მანამდე დიდი სიყვარული იყო. ყოველთვის მომწონდა მხატვრები, ნახატები, ხელოვნება, მუსიკაც… რაღაც პერიოდი ფოტოგრაფიაც მიტაცებდა. ფირზე ვიღებდი ფოტოებს…
კინოც, ჩვენთან თითქოს პესიმისტურად უყურებენ ხელოვნებას, და, სამწუხაროდ, განათლებაც მოუწესრიგებელია, მაგრამ არის რაღაც სკოლები, თუნდაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „CCA – center of contemporary art tbilisi“ ძალიან კარგია ამ მხრივ, მეც ვსწავლობდი რაღაც პერიოდი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია.
მაინტერესებს ყველაფერი, ჟანრიც ყველანაირი, მე თვითონაც ცნობისმოყვარე ვარ, შეიძლება ინტუიციით, და რაღაცას როცა აკეთებ, შეიძლება მიგიყვანოს ნებისმიერ ჟანრამდე. ჰოდა, ეს პირველი გამოფენაც ბოლოს დაემთხვა, რომ კონცეპტუალური იყო.
– გამოფენის გახსნაზე მართლა გაიკეთეთ ის საყურე, რომელიც „ავტოპორტრეტში“ ჩანს? „ავტოპორტრეტი“ ვერმეერის სტილში დახატული მგონია… „გოგონა მარგალიტის საყურით“ გამახსენა.
– კი, მეკეთა… ეს საყურე ძალიან მიყვარს და ხშირად მიკეთია. ეს უფრო ავტოპორტრეტია, თვითონ საყურეს თავისი მეტაფორა აქვს და მთელი ისტორია უფრო ჩემებური დატვირთვა… ვერ გეტყვით, რომ ვერმეერი ჩემი საყვარელი მხატვარია, მაგრამ დიდი მხატვარია… ვერმეერი ნატურიდან ხატავდა თავის ნამუშევარს. ფერწერული ნამუშევარია. ჩემი ნახატი კიდევ, არის „ავტოპორტრეტი“, სარკეში შესრულებული, ხის პანელზე აკრილით…
– დავიწყოთ თავიდან, როგორ დაიწყეთ ხატვა?
– რაღაც ბუნდოვნად მახსოვს, 12-13 წლის რომ ვიყავი რაღაც წიგნი მქონდა „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობა“ „გამოჩენილი ადამიანის ცხოვრებიდან”. ეს წიგნი ძალიან საინტერესოდ მახსენდება, ახლაც გადავიკითხავდი, სადმე რომ წავაწყდე. წიგნის ბოლოს იყო ნახატები და და ვინჩის ფანქრით შესრულებული ჩანახატები… მაშინ ვცადე გადმოხატვა და ეს პროცესი კარგად მომეჩვენა, მაგრამ ალბათ იგივე არ გამომდიოდა ზუსტად, ანუ ხშირად ვიხატავდი…
მერე ხშირად ვიხატავდი სხვადასხვა მხატვრის ნახატებს, სამხატვრო გიმნაზიაშიც ვხატავდი. რაღაც პერიოდში, თან დამქონდა სახატავი ყველგან (ახლაც დამაქვს). მაშინ ვწერდი, ასევე ჩანახატებს ვაკეთებდი ნაწერთან, სხვა ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა ალბათ ლია შველიძის სახელოსნოში შევიძინე. ეს უკვე თავისუფლად ხატვაა, დიდი ცოდნაა, საუკეთესო პედაგოგია.
– ვიცი, რომ უკვე საკუთარი სტუდიაც გაქვს…
– დიახ. ვხატავ ასევე ტექსტილზე და ბატიკაზე. მაქვს Dea’s silk studio, იგივეა, რაც „დეას აბრეშუმის სტუდია”.
– თქვენ ფერწერა გაინტერესებთ, კონკრეტულად რომელი მხატვრები?
– კი, ფერწერაც და არა მარტო ფერწერაც… მაგრამ ფერწერაში ბევრია, რთულია ასე სათქმელად, თითქმის ყველა ძლიერი ფერმწერი.
– „დეას აბრეშუმის სტუდია“ რა მიზნით შეიქმნა?
– არ იყო მიზანი, აქაც შემთხვევით…
– ანუ უკვე აბრეშუმზეც ხატავთ…
– კი ვხატავ, ამ ნამუშევრების შეძენაც შეიძლება. ძალიან ბევრ მხატვარს ჰქონდა ასევე აბრეშუმის შარფები, მაგალითად ჟოან მიროს, მარკ შაგალს, ალექსანდრ კალდერს, პაბლო პიკასოს… სასწაული.
რაღაც დროთა განმავლობაში ვაკეთებ ახალ კოლექციებს, ამ ტექნიკაში. მაგალითად, რაღაც სივრცეებშიც შევიტანეთ… აი, ნელი სალაძის ტანვარჯიშის ფედერაციისთვის დავამზადეთ ლენტები.
კიდევ, შემდეგ იყო ასეთი კონცეფცია, პოეზიასთან დაკავშირებული, რომ ადამიანების შეეძლოთ, გამოეგზავნათ ნებისმიერი პოეტის საყვარელი ლექსი, და მე დავაწერდი ამას აბრეშუმზე. შემდგომ ეს იქნებოდა ლექსით მოქარგული აბრეშუმის შარფი, ასე შეეძლო გამოეგზავნა საყვარელი ლექსი ნებისმიერ ადამიანს, რამდენიმე ადამიანი დაინტერესდა, რა თქმა უნდა. რაღაც მხრივ მივიწყებულია პოეზია და ეს აზრი იმიტომ დამებადა.
სამომავლოდ, ალბათ, განვავრცობ ამ იდეას.
– ზემოთ ახსენეთ, რომ ჩვენთან ხელოვნებას პესიმისტურად უყურებენ? რას გულისხმობთ?
– ძალიან კარგი შეკითხვაა, ვფიქრობ, პესიმისტურად ვინც უყურებს ხელოვნებას, სხვა ყველაფერსაც მსგავსად შეხედავს, და ეს მსგავსი შეხედულებები, რაღაც ,,იდეოლოგიები“ ცოტა უაზრო და აბსურდული მგონია. თუნდაც ის, რომ მხატვარი ღარიბია… ვიცი არაერთი მდიდარი მხატვარი, ასევე ზოგი შინაგანად ისეთი მდიდარი მხატვარი შემხვედრია, რომ იმ ადამიანებს აღარც სჭირდებოდათ სხვა არანაირი „გაფორმება“… ალბათ ამ შეხედულების გამოა, რომ ძალიან ბევრი ხელოვანი დაიმალა, ან ვერ მოხდა მისი რეალიზება, თუ კარგად დაუკვირდებით, მართლა ყველაფერშია ხელოვნება… ირგვლივ, ყოველდღიურობაშიც თუ გაიხედავთ, ყოველ კუთხე-კუნჭულშია, თუნდაც გარეთ რომ გადიხარ, სადღაც ნახატია, სადღაც ვიღაც მუსიკას უკრავს, ყველგან გვხვდება ხელოვნების პატარა ჩარევა, თუნდაც იმდენი მანქანაა ქალაქში, სანამ დამზადდებოდა, მხატვარმა დახატა ალბათ, ან „მოხაზა“… არ ვიცი.
– თქვენ გიყვართ მწერლობა, ბევრს კითხულობთ, თუ გაძლევთ მწერლობა შთაგონებას ხატვისთვის? თუ დაგიხატიათ წაკითხულის შთაგონებით?
– მე მგონია, ყველას აძლევს შთაგონებას. წარმოსახვას, რა ვიცი, ყველაფერს.
– ამბობენ, რომ ახალგაზრდობა წიგნს თითქმის არ კითხულობს. ეთანხმებით? როგორ ფიქრობთ, ახალაგაზრდობა, თუნდაც თქვენი თაობა კითხულობს წიგნს?
– ვინც დაინტერესდება, ის წაიკითხავს ალბათ, შეიძლება საუკუნის წინაც არ კითხულობდა ადამიანი წიგნს, ვინ იცის, უბრალოდ ახლა იმდენი არჩევანია, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწყენი იყოს კითხვა… ჩემზე უმცროსებსაც ვიცნობ, ჩემზე მეტი წიგნი აქვთ წაკითხული და ჩემზე ბევრად დიდს, რომელსაც ჩემზე ნაკლები, ალბათ თაობაც ნაკლებად შუაშია წიგნის კითხვის სიყვარულთან…
თავისუფალ დროს უფრო ისე ვარჩევ წიგნებს, რაც მე მჭირდება, ძირითადად,
მხატვრებზეა, ან რაღაც ფილოსოფიური პატარა ისინი, კიდევ, რა ვიცი… ლექსები, მოთხრობები. მოსასმენადაც კარგია, აი შეიძლება მერაბ მამარდაშვილი.
– საქართველოში ხელოვანი ასპარეზს თითქმის ვერ პოულობს და საზღვარგარეთ საშუალო დონის ნიჭიც კი ჩანსო… მართლა ასეა?
– არ ვიცი… მე მგონია, რომ ეს ზოგადად პატარა სტერეოტიპებია, რაც მოგვიგროვდა. შეიძლება ყველასთვის ასე არ იყოს…
– გამოფენიდან რომელი ნამუშევარი მოგწონთ ყველაზე მეტად?
– ასე ვერ გეტყვი, თან მინდა ბევრი რაღაც საიდუმლო იყოს…
– თბილისში დაიბადეთ? რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით თბილისში?
– მე არაფერს შევცვლიდი, ყოველმა ადამიანმა თავისით უნდა შეცვალოს და თბილისიც შეიცვლება.
– დეა ბაქრაძის ერთი დღე, მოგვიყევით მასზე…
– არა, ყოველი დღე მოსაყოლია…
– რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას?
– წითელს და წითელიდან რა ფერებიც მოდის, და ასევე – ბაცი ფერები, მაგრამ ყველა ფერი მიყვარს…
– რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ხატვის დროს?
– საერთოდ არ ვუსმენ… ზოგჯერ ტრანსპორტში ვუსმენ…
– რა პრობლემები გაქვთ?
– ძალიან ბევრი საღებავი მინდა, ულეველი და კიდევ, მასალა… ყველაფერი რომ არ მთავრდებოდეს და სულ მქონდეს… მეტი არაფერი…. რა თქმა უნდა – კარგი ხარისხის..
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები შეიძლება ვთქვათ ასე: …აწმყოა ეს, აწმყოში ვიმყოფებით და მომავლის გეგმები მგონია, რომ საიდუმლოდ უნდა დარჩეს ესეც…
თამარ შაიშმელაშვილი