დამწვარი როიალი და წყალდიდობას გაყოლილი პიანინო… და მაინც – „აფხაზეთო, დაბრუნებამდე!“

ლამაზი, დრამატიზმით სავსე სიმღერებით დაიმახსოვრა მსმენელმა, 1993 წლის 27 სექტემბრის სოხუმის ტრაგედიიდან დღემდე, სიმღერით თანამგზავრობს, ხან იმედიანი, ხანაც ნოსტალგიური მელოდიით… სოხუმში დამწვარი სახლი და დევნილობა არ აკმარა ბედმა, შარშანდელმა ივნისის წყალდიდობამ ახალი ტკივილი და განცდები შეჰმატა… სიმღერა არ შეუწყვეტია! „აფხაზეთო, საქართველოს მშვენებავ“ დიდებულ ჰიმნად და ტკივილიან მონატრებად იქცა. 

14218378_1178609755544886_1399418205_n„ია მეტად მგრძნობიარე ალალი ადამიანია, მისი სიმღერები თბილი და გულში ჩამწვდომია“… – მეუბნება ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ლია გუსევა… ზარს ვრეკავთ და კარს მიღმა სევდიანი ღიმილი გვეგებება…ამ სევდის მიღმა სამყაროა ადამიანისა, ხელოვანისა, ქალისა, ვისაც ყველაფერი ალმოდებულ სოხუმში დარჩა… ხსოვნის და სიყვარულის გარდა… სადაც ხსოვნაა, იქ მომავალიცაა!
ავტორის, შემსრულებლისა და კომპოზიტორის, ია მაისაიას პერსონა.

– გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა. როგორ გარემოში გაიზარდეთ? რამ განაპირობა, რომ მუსიკას გაჰყევით?
– არა მარტო ჩემი, არამედ ყველა აფხაზეთელის ბავშვობისდროინდელი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ზღაპარი იყო. გავიზარდე სიყვარულში, სითბოში, კეთილშობილ საოჯახო თუ საზოგადოებრივ ატმოსფეროში.
პირველი შეხება მუსიკის სამყაროსთან დედის ნამღერი „იავნანა“ იყო. ენაც სიმღერით ავიდგი. ოჯახში, შეიძლება ითქვას, ყველა მღეროდა.

დედაჩვენი ოჯახი მუსიკალური იყო. ბიძა და მამა ცნობილი ლოტბარის, კიწი გეგეჭკორის ანსამბლში მღეროდნენ. ოჯახშიც ხშირად იმართებოდა მუსიკალური საღამოები. მამას მეგობრები ხუმრობით „კარუზოს“ ეძახდნენ. 4 წლიდან ყოველი დაბადების დღეზე მამას ხმის ჩამწერ სტუდიაში მივყავდი, სურათს გადამიღებდა და ორ სიმღერას ჩამიწერდა ხოლმე. ასე გრძელდებოდა 18 წლამდე. ამ ჩანაწერებს რელიკვიასავით ვინახავდი. სოხუმის დაცემის დღეს ეს ფირები, საოჯახო ფოტოები სახლთან ერთად დაიწვა.
პირველი სიმღერაც 17 წლის ასაკში სიყვარულმა დამაწერინა – სამუსიკო სასწავლებლის მოწაფე ვიყავი.
ბავშვობიდან მინერგავდნენ და ჩემი სურვილიც იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი, ვემზადებოდი სამაგისოდაც, მაგრამ ორი თვის შემდეგ რაღაც ტრანსფორმირება მოხდა ჩემს ცხოვრებაში. წარმოვიდგინე, რომ მუსიკას ვემშვიდობებოდი (რატომ ვფიქრობდი ასე, გაუგებარია) და გადავწყვიტე, სწავლა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა.
– თქვენ სოხუმში ცხოვრობდით, როგორი იყო ომამდელი სოხუმი? რაზე გწყდებათ გული ამ გადასახედიდან?

14284883_1178615902210938_761103374_o

– ერთ ლექსშია ნათქვამი: „შენ, სოხუმო, ვარდ-ბაღნარის დასადარი ხარ, საქართველოს ქალაქების პატარძალი ხარ. ვინც შენ არ გნახავს, თვალის ნათელო, არ უნახია მას საქართველო“.
ლაღად ვცხოვრობდით, განურჩევლად ეროვნებისა, ყველას სოხუმელი გვერქვა. ჭირშიც, ლხინშიც ყველანი ერთად ვიყავით, ჭეშმარიტი თანაგრძნობით და არა ყალბად. მხოლოდ სიყვარულს ვიყოფდით. უბრალოდ, ერთმანეთი გვიყვარდა. აი ეს იყო სოხუმი.
არც კი გვიფიქრია, რომ ოდესმე შავი ღრუბლები ჩამოწვებოდა ჩვენს ურთიერთობებში.
სწორედ ჩვენმა საერთო ტკივილმა დამაწერინა სიმღერა სოხუმელი ექიმის – ჯუმბერ ჯოჯუას ლექსზე: „აფხაზეთო, დაბრუნებამდე“.
აფხაზეთში ნაცნობი აფხაზის ოჯახში დაკრძალვის შემდეგ ჩემგან გაგზავნილი სიმღერის ვიდეოფირი ჩაურთავთ. ისეთი ზეგავლენა მოუხდენია ამ სიმღერას იქ მყოფებზე, წამით მიცვალებულიც დავიწყებიათ. გვიან ღამით აფხაზმა ჭირისუფალმა დამირეკა და ცრემლმორეული ხმით მითხრა: ყველას რომ ასე ყვარებოდა აფხაზეთი, როგორც თქვენ გიყვართ ამ სიმღერაში, მაშინ ომი არ იქნებოდაო… მართლაც, ომი დაიწყო იმან, ვისაც არ უყვარდა აფხაზეთი და საქართველო!

14247798_1178615965544265_690987869_oუნდა გითხრათ, რომ სოხუმში ძალიან საინტერესო შემოქმედებითი საღამოები, ე.წ. აგანიოკები იმართებოდა იმართებოდა. სოხუმს შესანიშნავი ბომონდი ჰყავდა და ჰყავს ახლაც, ვინაიდან ჩვენ ტელევიზია, რომელიც არის პიარის საშუალება, არ გაგვაჩნდა და ამიტომ საქართველო, თბილისელებისგან განსხვავებით, ნაკლებად იცნობდა მათ.
– თქვენთვის სოხუმი სიყვარულის ქალაქი და მზის შესადარი იყო. ალბათ ძალიან მტკივნეული განცდაა ჯერ ომი და მერე მშობლიური ქალაქის დატოვება… ეს განსაკუთრებით შემოქმედის სულში დიდ ნაიარევს ტოვებს… ძნელია, იმ ტრაგედიის მერე ისევ ამღერდე…

14315681_1180551838684011_181360909_o– 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ეს ყველაზე ცუდი სიზმარი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლისგანაც დღემდე არ გამოვფხიზლებულვარ. როგორც გითხარით, ალმოდებულ სოხუმში ჩემი სახლიც იწვოდა და მასთან ერთად ჩემი და ჩემი ოჯახის წარსულიც ჩაიფერფლა. ფოტოებიც კი, რომლებიც დღეს ჩვენთვის რელიკვია იქნებოდა, ისინიც კი აღარ დამრჩა, ჩემს შემოქმედებით ნამუშევრებთან ერთად. ომის წინ ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და მეუღლე დავკარგე. სამივე ახალგაზრდა ასაკში და დავრჩი ორი მოზარდით, რომელთა არსებობამ გადამარჩინა კიდეც.
მათთვის უნდა მეცოცხლა. დევნილობის პირველი პერიოდი უსაშინლესი და გაუსაძლისი იყო. ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა, ეს იყო იმედი, იმედი კვლავ სოხუმში დაბრუნებისა. სწორედ ეს იმედი მასულდგმულებს და მაწერინებს სიმღერებს. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩემს მდგომარეობას მიემატა კიდევ ერთი სტატუსი: 13-14 ივნისს წყალდიდობით დაზარალებული ეკომიგრანტისა. დღემდე ველოდები ჩემი წილი სამოქალაქო უფლებების დაკმაყოფილებას. ყველაფერი წყალმა წაიღო. მათ შორის ჩემი ოთხი წლის ნამუშევარი, რომლის გამოცემაც ვერ მოვასწარი. რომ იტყვიან, შრომა წყალში ჩაიყარაო, რეალურად ამიხდა, მაგრამ მაინც მთავარია, ცოცხლები გადავრჩით და ყველაფერს ვიწყებთ თავიდან, მაგრამ როდემდე…
შეიძლება ითქვას, რომ მე ქალი ვარ, რომელსაც განუწყვეტლივ მართმევენ წარსულს და ძნელად მაძლევენ მომავალს. ახლა მესამედ დავიბადე…
– როგორც ვიცი, სოხუმზე რამდენიმე სიმღერა გაქვთ დაწერილი…

14341718_1275813762442606_1453492234_n– აფხაზეთზე 6 სიმღერა შევქმენი. აღმოჩნდა, რომ ჩემი გამოსვლებით დიდი შვება და იმედი მივანიჭე აფხაზეთის ქართველობას. ამის დასტური იყო ჩემი საიუბილეო საღამო, რომელიც, დამსწრე საზოგადოების ცრემლიანი ემოციებით, გრიბოედოვის თეატრში ჩატარდა.
– თქვენ ხართ მუსიკოსი, კომპოზიტორი, შემსრულებელი და პედაგოგი… ეს, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ამ ჩამოთვლილთაგან, უწინარესად, ვინ არის ია მაისაია?
– უპირველეს ყოვლისა, ვარ დედა, პედაგოგი, შემოქმედი. ეს რომ პირნათლად შეასრულო, დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, გამძლეობა, მოთმინება. გამძლეობა, ეს არასასურველ რეალობასთანაა დაკავშირებული. მოთმინება იმავე რანგისაა და ყველაფერს ამას მაკეთებინებს ერთგულება ოჯახის, ქვეყნის მიმართ.
სამწუხაროდ, სიტყვა „ბედნიერების“ თქმას გავურბივარ, რადგან ბედნიერი მაშინ ვიქნები, როდესაც საქართველო გამთლიანდება.
– ერთი-ორად ძნელია, იყო აფხაზეთელი, სადაც ყოველ ცხოვრებისეულ მოვლენას სწორედ სიმღერით ეხმიანებოდნენ… თქვენი მუსიკა ფოლკლორით საზრდოობს. აკი, აღნიშნეს თქვენს საღამოზე, რომ ია მაისაიამ თავისთავადი, გამორჩეული მუსიკა ფოლკლორულ საწყისებზე შექმნაო… როგორ დაიწერა „ვარადო“?
– ნამდვილად ასე იყო… აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში მაღალ დონეზე იდგა ფოლკლორული ანსამბლები, რაც, ამავე დროს, ჩემი შემოქმედების საწყისად იქცა. „ვარადოს“ ლექსის ავტორი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული შვილი გიორგი შარვაშიძე. სიმღერაც მისი საიუბილეო საღამოსთვის შეიქმნა.

14269384_1178610885544773_1772200249_n– სიტყვამ მოიტანა და, თქვენ მიღებული გაქვთ გიორგი შარვაშიძის პრემია, ღირსების ორდენი, გამოეცით სამი კრებული… წარმატებებთან ერთად მუდამ მხარს გიმაგრებდათ დიდი და ძლიერი ოჯახი…
– დიდი ოჯახის წარმომადგენელი ვარ – 4 დედმამიშვილი, სამი და და ერთი ძმა. მამა ეკონომისტი იყო, დედამ პედაგოგიური მოღვაწეობა ოჯახს, შვილებს, დისშვილებს, ახლობლებს მიუძღვნა. დედას დღემდე ცრემლებით იხსენებს სამეგობრო… გარეგნულადაც და სულიერადაც ლამაზები იყვნენ ყველანი.
მეუღლე – ვახტანგ თოდუა მშენებელი-ინჟინერი იყო. ერთ-ერთი სასურველი სასიძო ყველასთვის.
სიმღერების კრებული „დაბრუნებამდე“ მივუძღვენი ჩემს შვილებს: თეა და ნათია თოდუებს, ჩემი სიხარულისა და ტკივილის თანაზიართ… ჩვენ ტკივილით, ნოსტალგიითა და იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას… დაბრუნებამდე!
– თქვენ მრავალი სიმღერის ტექსტის ავტორიც ბრძანდებით. მათ შორის ჰიმნად ქცეული სიმღერისა: „აფხაზეთო – საქართველოს მშვენებავ“. როგორ შეიქმნა ეს სიმღერა…
– ჩემი სიმღერები იქმნებოდა, შესაბამისად, წარსული თუ თანამედროვე მოზღვავებული ემოციების ნიადაგზე. ზოგჯერ პროტესტის გამოხატვითაც (მაგ. ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ხელისუფლების წარმომადგენლის გამოსვლისას: „Не выдать вам Абхазю“ საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად დავწერე სიმღერა: „აფხაზეთო, საქართველოს მშვენებავ“).
22– ჩემთვის ლექსს დიდი დატვირთვა აქვსო, – ბრძანეთ ერთ ინტერვიუში. ეს სასიამოვნოა, რადგან დღეს უგემოვნო მუსიკა და ლექსია მოძალებული. კომპოზიტორები კი ხშირად პროფესიონალი ავტორების ლექსებით არ ინტერესდებიან და სანაცნობო წრეს არ სცილდებიან. არაპროფესიონალიზმი აშკარად ეტყობა სასიმღერო ტექსტებს… თქვენ რას ფიქრობთ?
– ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე. თუ შესაბამისი განწყობილების ლექსი შემხვდა და მან შემოქმედებითი იმპულსი მომცა, სხვა თუნდაც ცნობილი პოეტების ლექსს არ დავუწყებ ძებნას. მე მგონი, ყველა კომპოზიტორისთვის ასეა.
მე მჯერა, რომ სიტყვამდე იყო მუსიკა, სანამ სამყარო იარსებებს, არც სიმღერა გამოილევა. არა აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების რომელ მონაკვეთში არის შემოქმედი აქტიური.
მე ვფიქრობ და განვიცდი იმას, რომ დღევანდელი კონკურსები უცხო ენაზე შესრულებული სიმღერებითაა გაჯერებული, რასაც თანდათან ქართული ლირიკული სიმღერების დაცემა და განუვითარებლობა მოჰყვება.
– მოგვიყევით, როგორ იწერება სიმღერა? როგორ მოდის შთაგონება?
14248869_1178629788876216_1235988265_n
– შთაგონების ერთ-ერთი წყარო არის პოეზია. პოეზია ყოველთვის მაძლიერებდა, მუსიკა მამშვიდებდა.
– თქვენ საქართველოს პატრიოტული სიმღერების კონკურსის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ხართ…
– დიდი სიამოვნებით ვმონაწილობდი საქართველოს პატრიოტული სიმღერების კონკურსში, სადაც დამაჯილდოვეს პიანინო „პეტროფით“, რომელიც, სამწუხაროდ, ზემოხსენებულმა წყალდიდობამ შთანთქა.
– გაიხსენეთ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე, რომელიც ომის დროს დახვრიტეს… მის ლექსებზე სიმღერები გაქვთ შექმნილი.
– ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე ჩემი მეგობრის დედა იყო. 27 სექტემბერს 9 აპრილის მემორიალთან დახვრიტეს.
20 წლის ვიყავი, როდესაც ერთმა თაყვანისმცემელმა წიგნი მაჩუქა. შიდა ყდაზე ლექსი ეწერა „მინდვრის ყვავილები“, ოღონდ ავტორი არ იყო მითითებული და რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს ლექსი მე მეძღვნებოდა. ძალიან მომეწონა და ამაღელვა ლექსმა მინდვრის ველურ ყვავილებზე.
„მხოლოდ მინდვრის მოუვლელი ველური,
განა ვინმეს მოვლილ-ნასათუთევი…
მებაღეო, არ გეგონო გრძნეული,
მხოლოდ მათი სურნელებით თუ ვთვრები“…
გავიდა სამი დღე და შემთხვევით ეს ლექსი ვნახე დაბეჭდილი გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში“. ავტორი ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე ეწერა… როდესაც მოგვიანებით შევხვდი ქალბატონ ეთერს, გულიანად გაიცინა და ასე მითხრა: ჩათვალე, რომ ეს ლექსი მე შენ მოგიძღვენიო. ასე ვიჩუქე ეს ლექსი.
– თქვენი საყვარელი პოეტი და კომპოზიტორი…

14281368_1178617965544065_1923026756_n– რუსთაველი და ბეთჰოვენი, ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. დღევანდელობიდან კი, ძალიან მიყვარს – შოთა ნიშნიანიძე და მაცაცო, ნუნუ დუღაშვილი… ყველა მიყვარს, ვინც კარგ მუსიკას ქმნის.
ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა ბიძინა კვერნაძესთან შეხვედრამ, რომელმაც წამათამამა და მიბიძგა, რომ ჩემი შემოქმედება საჯაროდ გამომეტანა, რის გამოც მისი დიდი მადლიერი ვარ.
– ვიცი, რომ თქვენთვის უმთავრესია ადამიანური ურთიერთობები…
– ყველაზე ღირებული ჩემთვის ადამიანური გულწრფელი ურთიერთობებია. შემიძლია, ადამიანი ფერითაც შევიგრძნო… ჩემი მეგობრები გულწრფელები, მოყვარულები და ერთგულები არიან.
წარმოიდგინეთ ჩემი განცდა, როცა წყალდიდობის მეორე დღეს უცნობებმა და ნაცნობებმა 30 გასაღები მომიტანეს, ყველა მეუბნებოდა, მოდი, ჩვენთან იცხოვრეო…
– როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
14281344_1180972845308577_586107796_n– როდესაც დედა გავხდი. ჩემი მშობლები და მეუღლე თავს დამტრიალებდნენ.
– და მაინც ვინ ხართ?
– ვინ ვარ? „შეიცან თავი შენი“, – უპირველესი მოვალეობაა ადამიანის. და მგონია, რომ კარგი ადამიანი ვარ. ვარ ქრისტიანი ქართველი, რაც უმთავრესია ჩემთვის, ვარ სოხუმელი.
მაქსიმალისტიც ვარ ბუნებით, ზოგჯერ მაქვს მიძინების პერიოდები, თუ ვინმემ გამაბრაზა, მაშინ უფრო მომდის მუზა, ანუ მტერი მუდამ გაფხიზლებს.
მეგობრები ხუმრობით ფილმ „რეკორდის“ გმირსაც მეძახიან… ვეუბნები, რომ გამაბრაზონ, რათა უფრო მეტი შთაგონება და ფანტაზია მოვიდეს…
ჩემი დევიზია: „არ დავცხრე, ვიდრემდე ვიყო“.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები