საქართველოს თავდაცვის მინისტრი იტალიელ კოლეგას შეხვდა (ვიდეო)

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას, რობერტა პინოტის შეხვდა.
თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბარაკინის სასახლეში გაიმართა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, კერძოდ კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტში იტალიის ჩართულობის საკითხიც განიხილეს.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი იყო. იტალიის თავდაცვის მინისტრი 2017 წელს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხითაც დაინტერესდა.
მხარეებმა რუსეთის ქმედებებსა და რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილეს ყურადღება. იტალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იტალიის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში. ყველა სახის თანამშრომლობიდან თუ ტრენინგებიდან ჩვენ ყოველთვის დადებით შეფასებას ვიღებთ საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთის მისიაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი შთამბეჭდავი წვლილისთვის“, – განაცხადა რობერტა პინოტიმ.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბენედეტო დელა ვედოვას. დაგეგმილია შეხვედრა იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან როზა ვილეკო კალიპარისთან, ასევე, სტუმრობა იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები