მიხეილ ცაგარელი ირაკლი ალასანიას რჩევას აძლევს
„წინ დაძაბული დღეები გველის! არავითარი რევოლუცია არ მოხდება, მაგრამ ნერვებს დაგვაგლეჯენ“, – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ასტროლოგი გამოცემასთან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს და საქართველოში მოსალოდნელ პოლიტიკურ ამინდზე ყურადღებას ამახვილებს.
მისი თქმით, შემოდგომის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც მოიპოვონ. მიხეილ ცაგარელი განსაკუთრებით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას აფრთხილებს და მოუწოდებს, მკვეთრი განცხადებისგან თავი შეიკავოს.
„მთავარი მოქმედი ძალა „ქართული ოცნებაა“. ამას წყალი არ გაუვა. ამ ჯგუფს წარმატებების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად გამარჯვებული ძალაა! იმ რაოდენობით არა, მაგრამ პარლამენტში შევლენ „ნაციონალები“. დიდი ალბათობაა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეს „პატრიოტთა ალიანსი“ და ბურჯანაძის პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი. ირაკლი ალასანიასაც აქვს მცირე შანსი, რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს, მაგრამ კოალიცია მაინც ვერ შედგება და ეს პარტიები დიდ გავლენას ვერ მოახდენენ პოლიტიკურ სიტუაციაზე. სხვათა შორის, ირაკლი ალასანიას მძიმე პერიოდი ექნება. დიდი პრობლემებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. ვურჩევ, თავის გამოთქმებსა და ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
ამასთანავე, ამავე ინტერვიუში, ასტროლოგი პაატა ბურჭულაძის პარტიაზეც საუბრობს და პაატა ბურჭულაძეს აფრთხილებს, რომ თუ მან გიორგი თარგამაძე პარტიაში გააწევრიანა, მაშინ მისი საქმე „წასულია“.
„შესაძლოა, რამდენიმე წარმომადგენელი პაატა ბურჭულაძემაც შეიყვანოს პარლამენტში. თუმცა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ვთვლი, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკაში მოსვლით ყულფში გაყო თავი და როგორ დაიხსნის თავს, ძნელი სათქმელია. დიდი შანსია, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი გაიფუჭოს, მეტიც, ისეთ დღეში ჩავრდეს, რომ ქვეყნაში ვეღარ იცხოვროს. ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს კადრების საკითხს. თუ გიორგი თარგამაძე დაიყენა გვერდით, მისი საქმე წასულია“, – აცხადებს ცაგარელი.
მისივე თქმით, წელს საქართველოს დაძაბული დღეები ელის.
„წინ დაძაბული დღეები გველის! არავითარი რევოლუცია არ მოხდება, მაგრამ ნერვებს დაგვაგლეჯენ. არჩევნების ბოლომდე მაღალი ტემპერატურა იქნება. ის, რაც სამეგრელოში მოხდა, პრელუდია იყო. გაცილებით უარესი სიტუაცია იქნება! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, „ქართულ ოცნებას“ – ფრთხილად იყავით, რომ დაპირისპირებას მსხვერპლი არ მოჰყვეს. დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მინდა ვთხოვო, ყველა კადრი ზედმიწევნით შემოწმდეს. ვიცი, რომ ახლა ქმნის ჯგუფებს, აგროვებს ახალ კადრებს, რაზეც ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, იმედი მაქვს, შეცდომებს აღარ დაუშვებს“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.