პეტრე მამრაძე: ჟვანიას სიკვდილის შემდეგ სააკაშვილმა მთლად აიშვა! – ქვეყანას 10 მილიარდი დაადო!

„პრეზიდენტ პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის „ცივი ომი“ „ცხელ ომში გადაიზარდა!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
როგორც პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, პეტრე პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილი ყელში ამოუვიდა. პეტრე მამრაძე მიხეილ სააკაშვილს „კორუფციის მამას“ უწოდებს და ამბობს, რომ ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა საქართველოს 10 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი დაუტოვა.
„პოროშენკოს აშკარად ყელში ამოუვიდა სააკაშვილი! სააკაშვილს მოუხსნეს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დესანტირებული კვიტაშვილი, მაგრამ ის არ გაჩერდა! სააკაშვილს მოუხსნეს უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ გამწესებული საყვარელიძე, მაგრამ ის არ გაჩერდა! საააკაშვილს მოუხსნეს შს მინისტრის მოადგილედ დანიშნული ეკა ზღულაძე, მაგრამ ის არ გაჩერდა! ჰოდა, ახლა პირდაპირ მას მიადგნენ!
როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნებოდა, თვით სოროსმა გააფრთხილა პოროშენკო – ეგ მიშა „რეფორმატორი“ კი არა, საქართველოში „ელიტარული კორუფციის“ დამფუძნებელიაო. რა მასშტაბის კორუფციონერია სააკაშვილი, ძალიან კარგად ჩანს შემდეგი ციფრების ანალიზიდან: შევარდნაძის დროს საქართველოს საგარეო ვალი 3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო საკააშვილის მმართველობის დასასრულისთვის ჩვენ უკვე 13- მილიარდიანი ვალი გვქონდა ! ანუ სააკაშვილმა საქართველოს 10 მილიარდი დოლარის ვალი დაადო! ზუსტად ვიცი, რადგან ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობისას მასთან ვმუშაობდი: ჟვანიამ მოახერა და სიკვდილამდე შევარდნაძის მიერ დატოვებული საგარეო ვალი, პრაქტიკულად გაისტუმრა! მაგრამ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ სააკაშვილმა სულ მთლად აიშვა! და შედეგიც სახეზეა! ეს 10 მილიარდი სად წაიღო?! რომელიც საქართველოს გრანტებისა და დახმარების სახით, უსასყიდლოდ აჩუქა დასავლეთმა?! აი, ამიტომაც ვამბობ, რომ სააკაშვილი „კორუფციის მამაა“, – აღნიშნავს პეტრე მამრაძე.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხსაც ეხმაურება. თუმცა, პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილი თუ საქართველოში დაბრუნდება, მას აეროპორტშივე დააპატიმრონ.
მისი თქმით, სააკაშვილი ციხეს ვერ გაუძლებს და იტირებს.
პეტრე მამრაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, მისსავე ხილვებად აღიქვამს.
„სააკაშვილი საქართველოში რომ დაბრუნდეს, მას აეროპორტშივე დაადებენ ხელბორკილებს! მე კარგად ვიცნობ მის ფსიქიკას და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ სააკაშვილს ციხეში ჩასვამენ, ის ტირილს დაიწყებს! სააკაშვილი ძალიან მშიშარა ადამიანია და პატიმრობას ვერ გაუძლებს! ის თავის გადასარჩენად ყველას დაასმენს. თავის გარემოცვასაც და უცხოელ პარტნიორებსაც! თუმცა, სააკაშვილს აქვს კიდევ ერთი თვისება: ის სრული პანიკიდან შეიძლება, აბსოლუტურ სიშლეგემდე მივიდეს და აჟიტირებულმა წარმოუდგენელი რაღაცები ჩაიდიონოს! იცით, დღეში რამდენ „რედ ბულს“ სვამდა?! – ოც ქილას! წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ადამიანი ?! ისიც შემიძლია გითხრათ, რატომ ამბობს სააკაშვილი ასე ხშირ-ხშირად, საქართველოში ჩამოვალო! ამით, ის საკუთარ თავს აჯერებს, რომ ეს შეუძლია! დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ასეთი ხილვები აქვს: აი, მოფრინავს თბილისში, ზემოდან ხედავს აეროპორტში შეკრებილ ასობით ათას მომხრეს, ჩამოდის ტრაპზე და მას გამაყრუებელი ოვაციებით ეგებებიან – „მი-შა! მი-შა“!- აცხადებს პეტრე მამრაძე.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდის ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.
მამრაძე აცხადებს, ის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, ეს, მისმა თანაპარტიელებმაც კარგად იციან.
მისივე თქმით, „ნაციონალების“ მატარებელი უკვე ჩავლილია.
„სააკაშვილი ლაჩარი რომ არ ყოფილიყო, საქართველოდან არ გაიქცეოდა და ციხეში წავიდოდა იდეისთვის! მაგრამ ამათი უბედურებაც ეგ არის, რომ მიშა იდეის ერთგული კი არა, ძალაუფლების მანიაკია“, – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები