თბილისის საკრებულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

    თბილისის საკრებულოს დელეგაცია, თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
საკრებულოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26-ე პლენარული სესიის ფაგლებში დღეს შეხვედრა გამართეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორთან ალფონსო ზარდისთან, ასევე სტრასბურგის პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის სამართლის პროფესორთან და ადგილობრივი ხელისუფლების საკითხების სპეციალისტთან, რობერტ ჰერცოგთან. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ამასთან, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისის ბიუჯეტის რეგულაციების შემოღებას, რაც აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის დაბალანსებულ ურთიერთობებს უწყობს ხელს და რასაც ევროსაბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თბილისის თვითმმართველობასთან სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და კონსულტაციების გამართვის საკითხი ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, ასევე თვითმმართველობის ორგანოებთან. შეხვედრაზე ევროპულმა მხარემ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ თბილისის თვითმმართველობაში არსებული რეალობის უკეთესად გასაცნობად კიდევ გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები. ამასთანავე, ევროპელმა კოლეგებმა სურვილი გამოთქვეს, საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდნენ და ამ სფეროში ქართულ მხარესთან მჭიდროდ ითანამშრომლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები