რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად, უკრაინამ 189 დამცველი დაიბრუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის დაბრუნება ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია ყოველი ჩვენგანისთვის და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა.
ისინი არიან დამცველები „აზოვსტალიდან“ და მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური სადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. არიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის აზოვიდან, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, სამხედრო-საზღვაო ძალების და შეიარაღებული ძალების მეომრები. ასევე, მარიუპოლში დაკავებული ორი სამოქალაქო პირი. თითოეულს სახლში ახლობლები და ნათესავები ელოდებიან. სასიხარულოა, რომ ჩვენ მათი დაბრუნება შევძელით. დღეს კიდევ 189 ოჯახია ბედნიერი“, – წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესის შედეგად გათავისუფლდა 150 რუსი სამხედრო.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 11-ჯერ შედგა.