ირაკლი ზარქუა – ახალგაზრდებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ!

„ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს: – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ! – ამის შესახებ განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ არა პარტნიორები, არამედ ზოგიერთი ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და სენატორები, რომელთაც ავტორიტეტი არ აქვთ და რაღაცას იგონებენ.

„ჩვენ გვყავდა ასეთები: კუბილიუსები და ფოტიგები! ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსი იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს.
დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? – ამაზე პასუხი არა აქვთ! შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა!“ – ამბობს ზარქუა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს” დასძენს ზარქუა.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ზარქუა ამბობს, რომ გუშინ ივანიშვილთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა და მისი განწყობებიც გაიგო: – „დიდი ხანია მე დასანქცირებული ვარ და ჩემთვის ეს არაფერს არ წარმოადგენსო. ქვეყნის სიყვარული არის უდიდესი ჯილდო“ აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი მიდგომა აქვს სანქციებთან დაკავშირებით და დასძენს, რომ ეს კაცი თავისი ოჯახით თითოეულ ქართველს მაგალითს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები