ირაკლი ღარიბაშვილი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტთან ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ბრაზილიას განიხილავს, როგორც პარტნიორს ლათინურ ამერიკაში და დარწმუნებულია, რომ პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს ლოჯისტიკის, ფინანსური, ინოვაციების და ტურისტული ჰაბი რეგიონში. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი ბრაზილიელ ინვესტორებს კავკასიისა და ცენტრალურ აზიის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ მეტ სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ბრაზილიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ბრაზილიიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მომენტი იქნება. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით, ასევე სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში ბრაზილიის გამოცდილების გაზიარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები