გიორგი მარგველაშვილი აკადემიკოს შალვა ამონაშვილს შეხვდა

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის საპატიო პრეზიდენტს, აკადემიკოს შალვა ამონაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აკადემიკოსმა, მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს იმისთვის, რომ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიმართა. მისი თქმით, განათლების სფეროს განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხაზგასმით აღნიშნა გიორგი მარგველაშვილის წვლილი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, შალვა ამონაშვილმა ასევე იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც ფორუმის მონაწილეებმა ორდღიანი კონფერენციის მუშაობის დროს იმსჯელეს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ღვაწლმოსილ პედაგოგს განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის დაუჭერს მხარს საგანმანათლებლო სისტემის დახვეწის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს. ჰუმანური პედაგოგიკის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია 21-23 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები