“აფრიკული მისიის“ ჯარისკაცი: ქალმა, მადლობის ნაცვლად, დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო
ქალმა მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში “აფრიკული მისიის“ ერთ-ერთი ქართველი სამხედრო აცხადებს, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში გაეროს კომისრის მიერ დასახელებულ დროს (2014 წლის ნოემბერი) მსახურობდა.
“ბანგიში, ქართული კონტინგენტის დისლოკაციის ადგილს ლტოლვილთა ბანაკი ესაზღვრება, სადაც ადგილობრივი ბანდიტური დაჯგუფებებისგან გაღატაკებულ-დაბეჩავებული ხალხი ბარაკებში ცხოვრობს. იმდენად უჭირთ, რომ ფულის საშოვნელად ყველაფერს კადრულობენ. მაგალითად, ბანაკის და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა, მათი მანქანის საბურავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს – გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ, მცირე დაზიანების სანაცვლოდ, დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც. მშიერ-მწყურვალი და უკიდურესად მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ, მზად არის, უკადრებელი იკადროს… ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად მივცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა… აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა“,-აცხადებს ქართველი სამხედრო.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ ჰუსეინის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
კომისრის განცხადება კომისარიატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული და, როგორც მასშია ნათქვამი, გაეროს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არაერთ გოგონასთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი უცხოელი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან.