"რობაქიძესთან ერთად მანქანაში მყოფი პირებიდან ერთ-ერთ პოლიციის აგენტი იყო"
2004 წელს, წერეთლის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მაშინდელი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფირცხალავა გაზეთ “პრაიმტაიმთან” სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს. ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულად არის ცნობილი და წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი თქმით, ბუტა რობაქიძესთან ერთად მანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ერთ-ერთი პოლიციის აგენტი იყო.
“რობაქიძესთან ერთად მანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ერთ-ერთი პოლიციის აგენტია 12 წლის სტაჟით. ჩვენ ოდნავი დანაშაულიც რომ მიგვიძღოდეს ამ საქმეში, როგორ ფიქრობთ, ამ აგენტს ვერ ავალაპარაკებდით ჩევნს სასარგებლოდ? თანამშრომელმა, რომელსაც კავშირზე ჰყავდა ეს პიროვნება და, სავარაუდოდ, დღესაც ჰყავს, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი მოჰყვა იმ ამბებზე, რომელიც უკვე შემდგომ განვითარდა და რომელიც უშუალოდ ამ ინფორმატორისგან იცოდა. ეს ყველაფერი რომ მოვყვე, ძალიან ბევრს შერცხვება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. იმდენად შემაძრწუნებელი ფაქტები მოხდა, რომ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემ, ამაზე ვილაპარაკო”, – აცახდებს ირაკლი ფირცხალავა.
ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე კი ამბობს, რომ თუ მანქანაში მყოფთაგან ერთ-ერთი პოლიციის ინფორმატორი იყო, მაშინ ეს ირაკლი ფირცხალავამ ხმამაღლა უნდა დაასახელოს, თუმცა, მისივე თქმით, ასეც რომ იყოს, ბუტას გარდაცვალების საქმეში ეს დეტალი არაფერს ცვლის.