რა ჩვენება მისცა ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე?
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მაშინდელი შს მინისტრის ოქრუაშვილის დაკითხვის ოქმი გაზეთ “პრაიმტაიმს” ჩაუვარდა ხელში. ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურამ 2013 წლის 16 იანვარს დაჰკითხა.
დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ოქრუაშვილი დაახლოებით ორი წლის წინ პარიზში ესაუბრა ჯაბა ჯიშკარიანს, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად აქტიურად აპროტესტებდა გახმაურებულ მკვლელობას.
“ჯაბა ჯიშკარიანს ნამდივალ ვიცნობ. ის დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოსული იყო ჩემთან პარიზში და მასთან მქონდა საუბარი ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. მასაც ვუთხარი იგივე, რასაც გამოძიების წინაშე ვამბობ. მასაც ვუთხარი, რომ პაქტზე დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია,” – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვის დროს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე აქტიურად ხმაურდებოდა ვერსია, რომ დაკავებულ პირებს პოლიციის თანამშრომლებმა საბრძოლო მასალა ჩაუდეს. დაკითხვის ოქმში ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ მან იცოდა, დაკავებულებს ნამდვილად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. მისი თქმით, ამის შესახებ მას ინფორმაციას მიაწოდებდნენ და აუცილებლად დაინტერესდებოდა საქმის დეტალებით, თუმცა იგი ვერ იხსენებს, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირებს ესაუბრა. ოქრუაშვილი შს მინისტრობის დროს ვერც მისი მოადგილეების ვინაობას იხსენებს.
“კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირებს ვესაუბრე, ნამდვილად ვერ ვიხსენებ, თუმცა, ალბათ მომახსენეს, რომ დაკავებულებს ნამდვილად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა”, – ამბობს ოქრუაშვილი დაკითხვისას.