ექსკლუზივი: საქართველოს ევროკავშირის მისია ეწვევა – რა მოლოდინი აქვს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე საგარეო უწყებას
28 სექტემბერს, საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა. ოთხდღიანი ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში გაიმართება და ოთხ მიმართულებას მოიცავს: მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკას, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
რა მოლოდინი აქვს საქართველოს მთავრობას და რამდენად ეფექტურად ხორციელდება ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ამ თემასთან დაკავშირებით „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგი გიგიაძეს ესაუბრა.
– როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა, როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალ შეფასებას მისცემენ ისინი სხვადასხვა უწყების მიერ გაწეულ სამუშაოებს?
– საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე შეუდგა რეკომენდაციებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. მოკლე პერიოდის განმავლობაში შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულეს.
საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის მაისიდან, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები შემფასებელი მისიების დაგეგმვის კუთხით. ჩვენი მიზანია, რომ ვიზიტები იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შეხვედრების ფარგლებში მოხდეს ყველა მიმართულებით მიღწეული პროგრესის სრულად დემონსტრირება. განხორციელებული სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, სრულიად საფუძვლიანად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკომისია პოზიტიურად შეაფასებს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
– რამდენად ეფექტურად შეასრულა საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები და ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის მიერ მაისში გამოქვეყნებულ რიგით მესამე ანგარიშში იყო გაცემული?
-როგორც უკვე აღვნიშნე, ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციები შესრულებულია.
– იქნება თუ არა მეოთხე ანგარიში უკანასკნელი, რის შემდეგაც საქართველო გეგმას დახურავს?
– ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, საბოლოო იქნება და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდება.
– გადავედით თუ არა იმ ეტაპზე, რომ სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაველოდოთ? გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გზას გაუხსნის?
– არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციაში N539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
– სამოქმედო გეგმის ტექნიკურ დეტალებს ევროკომისია ამოწმებს, ხოლო პოლიტიკურ ნაწილზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ევროკავშირის საბჭოსთან ერთად მიიღებენ. ამ კუთხით რა მოლოდინი გაქვთ?
– ტექნიკური კრიტერიუმების შესრულების პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე იხელმძღვანელებენ მიღწეული პროგრესითა და ევროკომისიის შეფასებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პროცედურით დადგენილ ვადებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
– ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლმა ნატალი საბანაძემ არ გამორიცხა, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისმა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენი სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდება, ეს მოვლენები არსებული სიმწვავით აღარ იქნება დღის წესრიგში. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შეშფოთების რეალური საფუძველი?
– ბუნებრივია, ევროკავშირში შექმნილი მიგრაციის კრიზისი არახელსაყრელ გარემოს ქმნის საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დამოუკიდებელი პროცესია და მკაფიოდ დადგენილ, შესაბამისად, განსაზღვრულ ფორმატში მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარი წინაპირობა ჩვენ მიერ კონკრეტული მოთხოვნების სრულფასოვნად შესრულებაა. გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გადაწყვეტილების მიღებისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ განიხილავენ ამ საკითხს ევროკავშირში შექმნილი ვითარების ჭრილში. ამასთან, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მიგრაციულ ნაკადებთან დაკავშირებული პრობლემები გარკვეულწილად დარეგულირდება. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ევროპაში შექმნილი კრიზისი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაზე ზეგავლენას არ მოახდენს.
იზა შაქარაშვილი,
მარიამ ზედგინიძე