საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
„ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და დავკარგეთ ახალგაზრდა კაი ყმა. ღვთის წყალობითა და ექიმების დამსახურებით, დაჭრილი კარგად არის. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად დღეს გერმანიაში გადაიყვანენ და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე დაგვიბრუნდება. მინდა, მთელი სულითა და გულით მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად გადმოვასვენოთ ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში. კარგი ყმაწვილი იყო, ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად წავიდა“, – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ქალაქ რუსთავში ასევე მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა: დავით ებრალიძემ და ანა დოლიძემ.
„გუშინ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ტრაგიკული დღე იყო. ავღანეთში ერთი სამხედრო მოსამსახურე დაგვეღუპა. ჩვენ დღეს მივუსამძიმრეთ პირველი კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს. გუშინ მინისტრიც იყო მობრძანებული. ყველაფერს ვამზადებთ იმისათვის, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცი დროულად გადმოვასვენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი (08.08.1994) საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯებს, ოჯახი კი კანონმდებლობით განსაზღვრულ დახმარებას მიიღებს.