რუსუდან –მეტრეველი –ჭელიძე: საკუთარი ხელით შექმნილი სამოთხიდან ზეციურ სამოთხემდე!
მისაღებ ოთახში კარადის თავზე კერამიკის ნივთებს მოვკარი თვალი. ჩემი მზერა ერთ–ერთ ნივთს დიდხანს შერჩა. საოცარი გამომსახველობით შექმნილ თიხის ფიგურას მსუბუქი იუმორი, ფერთა მკვეთრი შეხამება სიცოცხლეს მატებდა და გასაოცარ კომპოზიციას ქმნიდა...
– რა სილამაზეა?– ცოტა ხმამაღლა გამომივიდა ფიქრი.
– „იების გამყიდველი ბიჭუნა“ – ასე ეწოდება, ყველაზე მეტად უყვარდა ბებიას ეს ნამუშევარი. გინდა უფრო ახლოს ნახო?! – რუსუდანმა, ისე, რომ პასუხს არ დაელოდა, თიხის ფიგურა მაგიდაზე ჩამოდგა. ვიდრე ნამუშევრის დათვალიერებით ვიყავი გართული, თვითონ მეორე ოთახში გაუჩინარდა. ცოტა ხანში ძვირფასი პოლიგრაფიით ნაბეჭდი დიდი ფორმატის წიგნით, ძველი ფოტოებითა და გაყვითლებული გაზეთებით დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა, ნელ–ნელა ყველაფერი მაგიდაზე ჩამოალაგა, ფოტოების დასტა გაშალა, იქიდან ერთი ფოტო ამოარჩია და თხრობა დაიწყო:
რუსუდან მეტრეველი-ჭელიძე, რომლის სახელსა და გვარს დღეს მე ვატარებ,- ბებიაჩემი იყო. იგი მხატვარ კერამიკოსი გახლდათ. სამწუხაროა, რომ მისი ბევრი ნამუშევრის მხოლოდ ფოტო მასალა გვაქვს შემონახული, რადგან ნამუშევრების უმრავლესობა გაბნეულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. რაც აკადემია დაამთავრა, მას მერე, სიცოცხლის ბოლომდე თავისი საქმის ერთგული დარჩა. თიხაში აცოცხლებდა ქართულ ფოლკლორს, კარგად მივიწყებულ ქართულ ორნამენტს საკუთარი უსაზღვრო ნიჭისა და ფანტაზიის წყალობით ახლებურად აფერადებდა, ახალ სიცოცხლესა და ბრწყინვალებას სძენდა. ის წლები, როდესაც იგი მოღვაწეობდა, საქართველოში კერამიკის აღორძინების წლებად არის მიჩნეული. ალდე კაკაბაძის, რეზო მეტრეველის, რეზო იაშვილის, ჟუჟუნა ფოჩხიძის და ბევრი სხვა ხელოვანის გვერდით ბებიასაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ხელოვნების ამ დარგის განვითარებაში. უფრო ახალგაზრდა, აკადემიის პერიოდში ფაიფურზეც მუშაობდა. ხშირად მზა, უცხო ფორმას ოქროს საღებავებით საკუთარი კომპოზიციით შექმნილ ნახატს არგებდა, შემდეგ ასეთი ნამუშევრები ჭიქურზედა მხატვრობით იმკობოდა. აკადემიის პერიოდში ფაიფურში პირველად მუშაობდნენ ისეთი გამორჩეული მხატვრები, როგორებიც იყვნენ: ეკატერინე ბაბლიძე, მიხეილ გიორგაძე, ევგენი ხაჩიძე, ივანე ბუზარიაშვილი, აბესალომ (კუკური) ბარამიძე, მერი ჯალაღანია, გივი ყანდარელი, მადლენა ბაიდაშვილი, ანა ნაჩარიანი, მედეა ჩიხლაძე, ირინე გაჩეჩილაძე, სულხან სულხანიშვილი, გულნარა გოგიჩაიშვილი, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ, როგორც ამ საქმის პიონერები. მათ შორის გახლდათ ბებიაჩემი – რუსუდან მეტრეველი – ჭელიძეც.
ძველი გაცრეცილი ფოტოდან იშვიათი სილამაზის ქალბატონის ღიმილი დროსა და სივრცეებს არღვევდა, ფოტოს სიძველეს ვერ გაეხუნებინა შეჩერებული წამით შემონახული მისი მშვენიერება. ფოტოზე დიდი რუსუდანი დაახლოებით ჩემს წინ მჯდომი მისი მოსახელე შვილიშვილის ასაკის უნდა ყოფილიყო, რომელთა შორის მსგავსება აშკარა იყო.
–მგავს ხომ? –გამიღიმა და თხრობა განაგრძო.
ფერწარეზე მეოცნებე გოგონას მეგობარი შეუჩნდა თურმე და აკადემიაში ფერწერის ნაცვლად, კერამიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. რომ არა ეს ფაქტი, არავინ იცის იქნებოდა თუ არა ორმოცდაათზე მეტი გამოფენა, მათ შორის იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, შვეიცარიაში, კაიროში, უნგრეთში, ზაარბრიუკენში, ბულგარეთში, ნორვეგიაში, კვიპროსზე, ჩეხოსლოვაკიაში, ბელგიაში, დორტმუნდში, საბერძნეთსა და იტალიაში, სადაც მისი სახასიათო ჟანრის საოცრად პლასტიკური, საოცრად გამომსახველი ნამუშევრებით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. განსაკუთრებული ხელწერის ადამიანი იყო, რომ არა მისი მოკრძალებული ხასიათი, გაცილებით დიდ აღიარებას მიაღწევდა, მაგრამ ამბიციური არ გახლდათ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეეძლო. ქმნიდა იმიტომ, რომ უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა შემოქმედებითი პროცესი. იგი ნამდვილი ხელოვანი იყო!
გამოფენებში მონაწილეობდაო მითხარით. ალბათ საკუთარ შთაბეჭდილებებს გიყვებოდათ. გამორჩეული ნამუშევარი თუ ჰქონდა?
ხშირად იხსენებდა და განსაკუთრებული სიხარული იპყრობდა, როდესაც საუბრობდა 1970 წელს იტალიაში, ჩატარებულ მხატვრული კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მისი ნამუშევრები დიპლომებით დაჯილდოვდა. ეამაყებოდა “იების გამყიდველ ბიჭუნას” და “მრავალშვილიან დედას” ხელოვნებათმცოდნენი განსაკუთრებით რომ გამოყოფდნენ და ერთხმად აღიარებდნენ. თუმცა, თვითონ არცერთი ნამუშევრის გამორჩევა არ უყვარდა. თვლიდა, რომ ყველაფერში ერთნაირად ჰქონდა ჩაქსოვილი სითბო და სიყვარული.
– როგორი ხასიათის იყო თავად? მისი ხასიათი ნამუშევრებზე თუ აისახებოდა?
საოცარი იუმორის ადამიანი, თავადაც ბავშვივით ცელქი და მოუსვენარი ყოველდღიური პრაქტიკული ცხოვრებიდან ძალიან შორს გახლდათ. სულ სხვა ღირებულებებით ცხოვრობდა. ამიტომ დიდად არ უჯავრია, როდესაც ბინის გაქურდვისას მისი ნამუშევრები, მათ შორის მისი სადიპლომო ნამუშევარი “ყავის სერვიზი” ხელს გააყოლეს. დედა ამბობს ნივთების მონა არასდროს ყოფილაო. თავის ნამუშევრებს სიამოვნებით გააჩუქებდა და ოჯახისთვის უკეთესის გაკეთებას სულ სამომავლოდ გვპირდებოდაო. ჭიქურების ფერადოვანი ეფექტების შეხამების უზადო ნიჭი მას ყოველთვის საშუალებას აძლევდა პლასტიკისა და ფერის ენით ამეტყველებული მაღალმხატვრული კერამიკული ნაწარმოებები შეექმნა. რუსუდან მეტრეველ-ჭელიძეს ფერის შექმნის საკუთარი, პატარა საიდუმლო ჰქონდა, რომელიც მის ნამუშევრებს ინდივიდუალობას სძენდა. იუმორსაც ხშირად მიმართავდა. ათასი სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრიდან შემიძლია ამოვიცნო მისი ხელწერა.
– განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა შვილიშვლებთანო. როგორი იყო თავის მოსახელე შვილიშვილთან მარტოდ დარჩენილი შემოქმედი?
რუსუდანი ერქვა, მაგრამ ყველა გულიკოს ეძახდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც ნამდვილი სახელით მიმართავდა. ძალიან უყვარდა სახელი რუსუდანი, როდესაც ამ სახელით მიმართავდნენ, ძალიან უხაროდა. მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით უყვარდა ჩემს მეგობრებთან, საკუთარ მოწაფეებთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, ახალგაზრდებთან კონტაქტი – ეს მისთვის შთაგონების წყარო იყო! საშინლად არ მოსწონდა სიტყვა “ბებერი” და თუ წამომცდებოდა, მაშინვე მისწორებდა: “ბებერი” არა, “მოხუციო”. თუმცა სიბერეშიც არ თვლიდა თავს მოხუცად. მართლაც, სულ ახალგაზრდასავით იყო. სიცოცხლის მოყვარულს სიკვდილზე ლაპარაკი არასდროს უყვარდა.
– დაუსრულებელი პორტრეტის შესახებ გვიამბეთ.
– დაკვირვება ადამიანებზე – ეს მისი დამახასიათებელი თვისება იყო. “ნურაფერი გეგონება, მხოლოდ მხატვრის თვალით გიყურებო!” – ხშირად მეტყოდა ხოლმე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიზეპირებდა. როგორც გითხარით, იცოდა ხოლმე ამგვარი დაკვირება. თუმცა, ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე თავს სუსტად გრძნობდა, მზერა კიდევ უფრო სხვანაირი გაუხდა. უფრო ხანგრძლივი და სევდიანი. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ცქერის ტკბობის წუთებს იხანგრძლივებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მან მიატოვა თავისი საყვარელი აკადემია, გარემო, მეგობრები, თანამშრომლები, საყვარელი ქალაქი და პაპაჩემთან ერთად კასპში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეუღლემ საკუთარი პატარა სახელოსნო (საწარმო) მოუწყო. იქ მუშაობდა, ამიტომ ყოველდღე ვერ ვნახულობდი. ერთხელ, როდესაც მასთან ვიყავი ჩასული, ჩემი პორტრეტის ხატვა დაიწყო. აბიტურიენტი გამოცდებისთვის ვემზადებოდი, მეტად დაკავებული ვიყავი და ბებიასთან ჩასვლა დიდხანს ვერ მოვახერხე. მას ერთი თვე არ ვყავდი ნანახი, ეტყობა წინასწარ გრძნობდა რაღაცას და დაწყებული პორტრეტის დასრულებას ნატურის გარეშე შეეცადა. პატარა ფურცელზე უვარჯიშია და ჩემი თვალი გამოუყვანია. საოცარია, რომ მან ზეპირად შეძლო დაეხატა ჩემი თვალი მთელი სიზუსტით! რომლის პორტრეტზე გადატანა სამწუხაროდ, არ დასცალდა, უცნაურად მეჩვენებოდა ისიც, რომ ბოლო წლებში, რატომღაც ყოველ ხუთშაბათ დღეს მაცხოვრის ხატთან სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. ამას ცოტა მოგვიანებით ვუპოვე ახსნა, როდესაც იგი ამაღლების დღესასწაულზე, სწორედ ხუთშაბათ დღეს გარდაიცვალა. იმ დღეს ხატვა მიუტოვებია და სალოცავად ასულა. პაპაჩემს სახელოსნოში რომ ვერ უნახავს, შეშინებია. გვითხრა: ძებნა დავუწყე. ზემოთ რომ ავედი, მეორე სართულზე ოთახში დამხვდა, ხატთან გულმხურვალედ ლოცულობდაო. საღამოს ისევ კერამიკაზე იმუშავა. დაასრულა თავისი ჩვეული დღე და დასაძინებლად რომ ემზადებოდა. ერთი სიტყვით – „გიკვდებიო“…პაპას გამოეთხოვა და გარდაიცვალა. არ უყვარდა ადამიანების შეწუხება. არ უავადმყოფია. როგორი მოკრძალებულიც იყო ცხოვრებაში, ისე მშვიდად გაიყვანა უფალმა . ერთხელ გვითხრა: მე რომ მოვკვდები, არ მინდა ბევრი ხალხი შეწუხდესო.
კეთილი, მოსიყვარულე და მოალერსე ადამიანი გახლდათ. ყოველთვის უნდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი, ხშირად მაძლევდა შენიშვნებს, მასწავლიდა, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ გამეკეთებინა თმები, როგორ ჩამეცვა, როგორ გამეცინა , როგორ მელაპარაკა, არისტოკრატი ქალი იყო, დახვეწილი მანერებითა და გემოვნებით , გაცნობისთანავე შთაბეჭდილების ქვეშ გაქცევდა, თავად ინტელიგენტი, მუდამ ამ სიტყვის მნიშვნელობას მასწავლიდა. მეუბნებოდა, მთავარია, იყო ინტელიგენტი! მისი დარიგებები ყოველთვის მისაღები იყო. არ ვიცი, დაუსრულებლად შეიძლება ბებიაზე საუბარი. მის გასვენებაში ვინ აღარ მოდიოდა მისი ნეშტისთვის ბოლოჯერ რომ მიეგო პატივი. ბევრ გაზეთშიც დაიბეჭდა მის შესახებ. წერდნენ მასზე, როგორც დიდ ხელოვანზე. მეამყება, რომ მისი სახელი დღესაც უკვდავია.
ამაღლების დღეს ამაღლდა ზეცაში. მან მის მიერ საკუთარი ხელით შექმნილი სამოთხიდან ზეციურ სამოთხეში დაიდო ბინა!
– დღეს თუ არიან ამ საქმის გამგრძელებლები? მისი შვილიშვილებიდან ვინმეს თუ გადაეცა მისი ნიჭი? თავად თუ გასწავლიდათ თავის ხელოვნებას?
ყოველთვის გვიყვებოდა საუკუნეების მანძილზე კერამიკული ხელოვნება ხალხურმა რეწვამ როგორ შემოინახა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდა მეთუნეობის ადგილობრივი ცენტრები, სადაც უწყვეტად მზადდებოდა საყოფაცხოვრებო და მხატვრული კერამიკის ნიმუშები. შემდეგ ქართული ხალხური როგორ შეავიწროვა დასავლეთ-ევროპული საქარხნო კერამიკულმა ნაწარმმა, რომელმაც, ქალაქების ბაზრებიდან განდევნა შინამრეწველური ქართული კერამიკა. შემდეგში როგორ დაიწყო გამოცოცხლება ხელოვნების ამ დარგმა. მახსოვს, ამ პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენაზე – მცხეთის კერამიკული სკოლის დაარსებაზეც გვესაუბრა. ასევე, უკვე ახლად დაარსებული სამხატვრო აკადემიას, როგორ შეემატა კერამიკული სახელოსნო; როგორ გაჩნდა კერამიკის ფაკულტეტი, რომელიც შემდეგ თავად დაამთავრა. მართლაც აღსანიშნავია, რომ აკადემიაში იყო დრო, არსებობდა ვრცელი ქიმიური ლაბორატორია, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თიხის ნედლეულის შესწავლა ხდებოდა. იყო კერამიკული ქარხნები, ეს ხელოვნება შემდეგ კიდევ უფრო მეტად განვითარდა და სახელმწიფოს კარგ მოგებასაც აძლევდა.
დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე წარმოება ახლა დიდი ფუფუნება გახლავთ. ეს დარგი თეორიულად შეიძლება მაღალ დონეზეც ისწავლება, თუმცა პრაქტიკა გადამწყვეტია! შესაბამისად, დასანანია, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცეს. სწავლას რაც შეეხება, ბევრი საიდუმლო რეცეპტი დაგვიტოვა. როგორ აზავებდა ფერებს. რა ტექნოლოგიას იყენებდა ამა თუ იმ ფერის, ასევე „დაჟანგული“ ეფექტის მისაღებად. ჩემი დიდი სურვილია, მის მიერ თიხაში დატოვებულ ნაკვალევს გავყვე, მის საქმეს სული შთავბერო. ვიცი, ეს ადვილი არ იქნება. იმედს ვიტოვებ, გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ დიდი საქმის აღორძინებაში დამეხმარება. ყველაფერთან ერთად საგულისხმოა, რომ კერამიკული მხატვრობა, კერმიკული წარმოების აღდგენა ქვეყნისთვისაც მომგებიანი იქნება.
– როგორც ვიცი, ბებიის ნიჭი ორივე და ძმას გამოგყვათ…
იმის დაჩემება, თითქოს მე მასავით შემიძლია თიხისთან მეგობრობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მქონდა რამდენიმე მცდელობა და როგორც მეუბნებიან ამას კარგი შედეგი მოყვა. პოლონეთში ყოფნის დროს, სადაც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ვიმყოფებოდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაში მომიწია მუშაობა. იქ ერთი-ერთი თერაპიული კურსი, რომელიც ამ ადამიანებს უტარდებოდათ, სწორედ კერამიკა გახლდათ. იქ ბევრი რამ გამოვძერწე. ერთი ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა, სამახსოვროდ წამოვიღე საქართველოში. ამბობენ, რომ ჩემი ეს ნამუშევარი ვიზუალურად ძალიან გავს ბებიაჩემს, თუმცა მასზე მუშაობისას ამაზე არ მიფიქრია. ჩემი მხატვრული ნიჭიც იქ აღმოვაჩინე, მხატვრების ჯგუფში მუშაობისას. გარემო, რომელიც იქ დამხვდა, ჩემთვის ძლიერი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. მოკლედ, უცხო მიწაზე, პოლონეთში გამოვამჟღავნე ჩემი ეს გენეტიკური ნიჭი. ჩემი ძმა კარგად ხატავს. პროფესიით მხატვარ-არქიტექტორია. მგონია, ბებია რომ არა, თიხა ასე არ შემიყვარდებოდა…. თიხა, კერამიკა, ჩემთვის ბებიაჩემთან ასოცირდება. მასთან შეხებისას ბებიასეულ სითბოს ვგრძნობ, ასე ახლობელს და მშობლიურს. ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს უნდა განიცადო.
რუსუდან მეტრეველი –ჭელიძე 2001 წლის 24 მაისს , 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასე „თიხასთან თამაშში“ გავიდა მისი ცხოვრება, თუმცა შვილიშვილის დაუმთავრებელ პორტრეტთან ერთად განუხორციელებელი დარჩა უამრავი გეგმა , თან წაიღო იმედი, რომ მისი მოწაფეებიდან ვინმე შეძლებდა მისი საქმის ღირსეულად გაგრძელებას.
როგორც ამბობენ ,კერამიკა გამოყენებითი ხელოვნების ერთ–ერთი იმ დარგთაგანია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხალხის ცხოვრებასთან, მის ყოფასა და საქმიანობასთან. ამასთან, იგი ყველაზე წმინდად ინახავს უძველეს შესანიშნავ ტრადიციებს. მცირე ზომის კერამიკული ფიგურები “აკვანთან“, “ტყუპები“, “დედა ენა“,” ლუარსაბი და დარეჯანი“, “მიტუა” და ბევრი სხვა, ხელოვანი ქალბატონის მხოლოდ მისეული ხელწერით არის შექმნილი.
–მიდიან ადამიანები და მათ ნაკვალევს ვერაფერიო შლის. ასე შემოინახა რუსუდან მეტრეველი–ჭელიძის გაუხუნარი ხსოვნა ქართულმა კერამიკულმა ხელოვნებამ. შემოქმედის მიერ საკუთარი ნამუშევრებივით საინტერესოდ გამოძერწილი ცხოვრება, თიხაში ამღერებული პოეზია, რომელმაც მისი გარდაცველების შემდეგ კიდევ უფრო მეტი შინაარსი შეიძინა. ცხოვრება, რომელიც სიცოცხლეში და სიკვდილის მერეც მაშინდელი უბადლო ოსტატების – ალდე კაკაბაძის, რეზო მეტრეველის, ეკატერინე ბაბილაძის, ნანა ბოტკოველის, ოთარ ვეფხვაძის, ირინა გაჩეჩილაძის, რაისა ეკალაძის,შოთა ციციშვილის, თენგიზ გიგაურის, ქეთევან კარგარეთელის, ნანა კიკნაძის, შოთა ნარიმანიშვილის და სხვათა მიერ თიხაში დატოვებულ ნაკვალევს აერთიანებს.
ბახტრიონის ქუჩიდან კუტუზოვზე შევუხვიეთ, ცოტა გავიარეთ და საირმის აღმართსაც ფეხით ავუყევით. მერე იყო ლიფტამდე მოკლე კიბე. გზადაგზა ბევრს მესაუბრებოდა რუსუდანი და ბებიის სახლისკენ მიმიძღვოდა, მეოთხე სართულზე ლიფტიდან როგორცკი გამოვედით ხელში მომარჯვებული გასაღები რკინის კარს მოხერხებულად მოარგო, გადაატრიალა და კარში შემიძღვა.
სწორედ ამის მერე დავეხმარე ყოველივე ზემოთ თქმული თქვენამდე მომეტანა ძვირფასო მკითხველო. ბევრისთვის კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა, ზოგისთვის გაგვეცნო ადამიანი, რომელიც საკუთარი შემოქმედებით ქართული კულტურის ღირსება გახლავთ.
ირმა მირზაშვილი