მანანა კობახიძე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე: ბუნებრივია, მოგვიწევს ვეტოს დაძლევა
ბუნებრივია მოგვიწევს ვეტოს დაძლევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საკითხზე ჯერ კომიტეტის რეჟიმში იმსჯელებენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე.
როგორც კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტის განხილვა შესაძლოა მომდევნო კვირის ოთხშაბათს ან პარასკევს გაიმართოს. მისი თქმით, ეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.
„პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც იქნება განსახილველი, ძირითადში ეს იქნება იმ შენიშვნების განხილვა, რაც პრეზიდენტმა წარმოადგინა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. განვიხილავთ ჯერ კომიტეტის რეჟიმში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე. ბუნებრივია, მოგვიწევს ვეტოს დაძლევა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და შესაბამისად, შეიძლება ეს იყოს ოთხშაბათს ან პარასკევს. ამას ბიურო გადაწყვეტს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრიდან გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს ვეტო 31 ივლისს დაადო.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.