“ჩვენ ვშრომობთ ევროპული საქართველოსთვის, საქართველოსთვის, რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან“
ჩვენ ვშრომობთ და ვიბრძვით ევროპული საქართველოსთვის, საქართველოსთვის რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის უკუქცევადობის, საქართველოს არჩევანის ურყეობისთვის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროსთვის უზარმაზარი პატივია მასპინძლობდეს ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისიძიებას.
“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის უკუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობისთვის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის. საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია, ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის. ნატო დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია. ნატოს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატოს მოაქვს მშვიდობა”, – განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და წარმატებით განხორციელება საქართველოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
“დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ თაობას, დიდსა და პატარას, ქალსა და მამაკაცს, ჩვენს ახალგაზრდებს სამხედრო ფორმაში, რომლებიც სწორედ ნატო-ს ეგიდით და ნატო-ს სამკლაურებით ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში ამაყად ატარებენ ქართულ დროშას, გვაქვს ამბიცია, რომ ქართველთა მრავალი თაობის ოცნება რეალობად ვაქციოთ. ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და წარმატებით განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტის და ქვეყნის მთავარსარდლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან თავად არსებითი პაკეტის, ისევე როგორც ნატო-საქართველოს ნებისმიერი ერთობლივი ღონისძიების მთავარი ამოცანა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადებაა”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, საქართველო იბრძვის ევროპული მომავლისთვის, რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან. “ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს. ჩვენ ვშრომობთ და ვიბრძვით ევროპული საქართველოსთვის, საქართველოსთვის რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისგან და ოკუპაციისგან და იპოვის თავის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში. ვდგავართ ძლიერ საძირკველზე, რომელიც შექმნა ჩვენმა წინაპარმა, ვართ წარმატებული აწმყოს უზრუნველმყოფი თამამი თაობა, რომელმაც უფრო განვითარებული, უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენ შვილებს. დღეს ამ გზაზე ცოდნა, პროფესიონალიზმი, დაუღალავი შრომა, დასახული მიზნის ურყეობა, გამბედაობა და სითამამე ჩვენი მთავარი მეგზური და ინსტრუმენტია, რომელიც საბოლოო მიზანთან მიგვიყვანს. ვემსახუროთ საქართველოს ერთგულად და უკომპრომისოდ და ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.