თამარ ბერუჩაშვილი: გაეროში საქართველოდან ერთი დელეგაცია წავა, პრეზიდენტი კი გარკვეულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაეროში საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამის პარალელურად,  გიორგი მარგველაშვილიც გენდერული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით გაეროს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დ აესწრება, რომელზეც ის ლიტვის პრეზიდენტმა მიიწვია.

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გაიარა პროცედურით გათვალისწინებული რეგისტრაცია, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას გაერო-ში წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. ის მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც პრემიერი, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია განვითარების სამიტთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შეაჯამებს იმ წარმატებებს, შედეგებს, რაც საქართველოს ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქვს. გარდა ამისა, გაერო-ს ამ ძალიან მნიშვნელოვანი კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებულია კიდევ მთელი რიგი ღონისძიება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, მათ შორის ეს იქნება ბიზნესფორუმი. რაც შეეხება პრეზიდენტს, მოგეხსენებათ, რომ გაერო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება, რომელსაც ლიტვის პრეზიდენტი აწყობს და რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალთა საკითხთა გენდერული განვითარების პრობლემატიკას ეძღვნება. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ის მიწვეულია ამ ღონისძიებაზე და მონაწილეობას მიიღებს მასში”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები