ნოდარ ხადური ჯინ ლიქუნს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის( AIIB) გენერალური მდივანს ჯინ ლიქუნს შეხვდა. AIIB-ის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო, რათა საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბანკის დაფინანსებით განხორციელდება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის გენერალურ მდივანს რეგიონსა და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ასევე ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში.
„მნიშვნელოვანია, რომ ბანკის დაფუძნებიდან პირველი ასეთი ტიპის შეხვედრა სწორედ თბილისში იმართება. დღეს შედგა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. უახლოეს პერიოდში ბანკი უკვე აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრები კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩინეთის მთავრობისთვის მნიშნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებისთვის. როგორც ცნობილია, სწორედ ჩინეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ინიციატივაა „ერთიანი გზა – ერთიანი სარტყელი,“ რომლის ფარგლებშიც სერიოზული შესაძლებლობებია როგორც საქართველოსთვის, ისე მისი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოებისთვის. ასე რომ, ამ მიმარულებითაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო პერსპექტივაა,“ – განაცხადა მინისტრმა.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩამოვედით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 რაუნდის ჩასატარებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ბანკის ისტორიაში. ჩინეთი, როგორც ბანკის დაფუძნების ინიციატორი ქვეყანა, აკეთებს ყველაფერს, რათა ბანკმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ფუნქციონირება. ჩინეთსა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აკავშირებთ. იმედი მაქვს, ჩინეთის დახმარებითა და მხარდაჭერით, აღნიშნული ბანკი შეძლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში თავის წვლილის შეტანას,“ – განაცხადა ბანკის გენერალურმა მდივანმა. დღესვე, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ ბანკის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები