თინა ხიდაშელი: რუსეთთან ურთიერთობაში მსოფლიოს მეტი ძალისხმევის გამოვლენა სჭირდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ში „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ საჯარო გამოსვლის დროს „ლენინგრადის ბლოკადის“ შესახებ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა კონტექსტიდან ამოვარდნილი და ორიგინალური ინტერპრეტაციებით გაშუქდა.
თინათინ ხიდაშელის თქმით, მთელ მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გამოვლენა რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ეკონომიკური სანქციებია.
„სიდუხჭირის გაგება არის სრულად განსხვავებული რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის, იმ ქვეყანაშიც, სადაც მე ვიმყოფებოდი.
ამის საუკეთესო მაგალითი იყო ლენინგრადის ბლოკადა, ის გამძლეობა, რომელიც იქ რუსმა ხალხმა აჩვენა. სანქციები კარგია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, მან გააერთიანა ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ არ არის საკმარისი.
მთელ მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა და გამოვლენა რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ეკონომიკური სანქციებია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი პატარა კომპონენტი იმ ქმედებებისა, რომელიც უნდა დაუპირისპიროს მსოფლიომ რუსეთს და თბილისიდან დანახული მსოფლიოს რეაქციის ყველაზე სწორი პასუხი იქნებოდა – გაფართოება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ თინა ხიდაშელის მიერ „ლენინგრადის ბლოკადის“ შესახებ გაკეთებული განცხადება რამდენიმე მედიასაშუალებამ აღნიშნული შინარსიით გაავრცელა: „ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი ჭამდა ვირთხებს და კატებს 900 დღე ლენინგრადის ბლოკადის დროს“.