ევროპარლამენტარები: პროევროპული რეფორმების თვალსაზრისით საქართველო ლიდერია

ევროპელი „სოციალ-დემოკრატების“ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს მხარდამჭერი წერილი გამოქვეყნდა.
წერილში სათაურით „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მათი თბილისში ვიზიტისას დადასტურდა, რომ პროევროპული რეფორმების თვალსაზრისით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს.
„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის წევრები რიჩარდ ჰოუიტი და ანდრეს მამიკინსი, საგარეო საქმეთა კომიტეტის იმ რვაკაციან ჯგუფში შედიან, რომელიც 26 ივლისს თბილისს ეწვია. დელეგაციის წევრები შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ვიზიტის დროს დელეგაციამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მოინახულა სოფელ დიდ ხურვალეთთან. გარდა ამისა, მათ ციხეში მოინახულეს ყოფილი მაღალი თანმდებობის პირები, რომელთაც ბრალად ედებათ სხვადასხვა დანაშაული.
„ამ ვიზიტის დროს დადასტურდა, რომ პროევროპული რეფორმების თვალსაზრისით საქართველო ლიდერია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. „სოციალისტები და დემოკრატები“ განსაკუთრებით აფასებენ იმას, რომ სახეზეა ევროინტეგრაციის მტკიცე პარტიათაშორისი მხარდაჭერა, როგორც მთავრობის, ისე ძირითადი ოპოზიციის მხრიდან. ასევე ნათელია, რომ საზოგადოებრივი აზრი კვლავაც დამაჯერებლად უჭერს მხარს ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან.
სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ჩვენ გავხდით იმ დრამატული შედეგებისა და გავლენის მოწმენი, რომლებიც ადგილობრივთა ცხოვრებაზე იქონია „ბორდერიზაციის“ უკანასკნელმა აქტმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს ქართველ კოლეგებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ და ადამიანთა შორის კონტაქტების გააქტიურებისკენ. ასეთი ღია და ინკლუზიური მიდგომა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, არის ფუნდამენტური წინაპირობა ნდობის განმტკიცებისა და სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდისა და საქართველოს წიაღში მათი დაბრუნების სურვილის გაღვივების საქმეში“, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი რიჩარდ ჰოუიტი.
ჰოუიტი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად გამოვლინდა ის გამოწვევები, რომლებიც წინ უდგას პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ძირითადად ყოფილი მმართველი პარტიით – „ნაციონალური მოძრაობით“ წარმოდგენილ ოპოზიციას შორის. მისივე თქმით, როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია გადაჭარბებული პოლარიზაციის თავიდან აცილების საქმეში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მოდერნიზაციისა და ევროკავშირთან დაახლოებისკენ.
„რაც შეეხება სავარაუდო „შერჩევით სამართალს“, რომელშიც მთავრობას ადანაშაულებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები ევროპაში, „სოციალისტები და დემოკრატები“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო პროცესებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან, როცა ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სასამართლო დევნა შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკურად მოტივირებული, მაგრამ ისინიც უნდა შემოგვიერთდნენ, როცა ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მძიმე დანაშაულისთვის ანგარიშვალდებულებას და გამოვრიცხავთ დაუსჯელობას პოლიტიკური მიზეზებით.
ამის უზრუნველყოფის საუკეთესო გზაა საქართველოში სასამართლო რეფორმის შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის ბრალდებულთა უფლებების ქმედითი დაცვა და პროკურატურის სრული დამოუკიდებლობა და დეპოლიტიზაცია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. კერძოდ, საქართველომ უნდა განიხილოს წინასწარი პატიმრობის ვადების შემცირების საკითხი“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
თავის მხრივ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით მიაღწევს ვიზალიბერალიზაციის მხრივ დასახულ ეტაპობრივ მიზნებს.
„ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის მათი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მიზანს, რადგანაც ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის „რბილ ძალას“ საქართველოში და ხელს შეუწყობს ადამიანთა შორის კონტაქტების, ბიზნესკავშირების, საგანამანათლებლო და კულტურული გაცვლის გაღრმავებას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო წარმატებით მიაღწევს ამ მხრივ დასახულ ეტაპობრივ მიზნებს და ევროკომისიის შემდეგ ანგარიშში, რომელიც მოსალოდნელია ამა წლის შემდგომაზე, ჩაიწერება დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას ამ წამოწყებაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები