გიორგი ქადაგიძე: „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტმა კანონის ფორმა არ უნდა მიიღოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, პრინციპულად არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით, გათვალისწინებული არ იქნა. ქადაგიძის თქმით, მნიშვნელოვანია “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტმა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, კანონის ფორმა არ მიიღოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია იმ კანონპროექტმა, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა კანონის ფორმა არ მიიღოს. ვუერთდები პრეზიდენტის ვეტოს და მოწოდებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ყველა ორგანიზაციის, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს და არ მიიღოს კანონის ფორმა. პრინციპულად არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით, გათვალისწინებული არ იქნა. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასოცირების დღის წესრიგის ყველა რეგლამენტს, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები გვაძლევდნენ”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმის მისახვედრად თუ რა საფრთხის შემცველია კანონპროექტი, საკმარისია იმ ქვეყნებს გადავხედოთ, სადაც საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყო.
„თვითონ კანონპროექტის ავტორებიც აღნიშნავენ, რომ ამის მიზანია პოლიტიკური კონტროლის დაწესება საბანკი სექტორზე. თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს, შეგვიძლია რეგიონის სხვა ქვეყნებში გადავამოწმოთ, სადაც ეროვნული ბანკი და ზედამხედველობა სუსტია ან არ არის დამოუკიდებელი“, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები