თამაზ ნიჟარაძის საქმეში კეზერაშვილი შესაძლოა, დაუსწრებლად გასამართლდეს
„კეზერაშვილმა სოდ-ის მაღალჩინოსნების დახმარებით მიითვისა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის ქონება, იარაღად გამოიყენა სოდ-ი, რომელსაც იმ პერიოდში ჭელიძე ხელმძღვანელობდა. მან ხუთი თვის განმავლობაში ჩაუსახლა ნიჟარაძეს პოლიციელები, რომლებმაც დაუფარავად უთხრეს ბიზნესმენს, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო“,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უყვება.
„თავის დროზე თამაზ ნიჟარაძე ქობულეთის პროკურატურაში მუშაობდა. მისი ერთი ძმა „ინტურისტის“ დირექტორი იყო, მეორე – ბიზნესმენი. თამაზ ნიჟარაძემ 90-იან წლებში ფოთის პორტში უცხოელ პარტნიორებთან ერთად ააშენა ტერმინალი. როცა „ნაციონალები“ მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შტაბბინა ფოთში, ნიჟარაძის სასტუმრო „ანკორში“ მოიწყეს.
მაშინ გაიცნო ნიჟარაძემ კეზერაშვილი. ისინი მეგობრები არ ყოფილან. იმხანად ვინ ეკითხებოდა ვინმეს, უნდოდა თუ არა რამის დათმობა? შეუთვლიდნენ, ფული მოიტანეო, არ მოიტანდა და – მიახრჩობდნენ. კეზერაშვილმა ნიჟარაძეს დაათმობინა ფოთის პორტში არსებული ტერმინალები.
ოფიციალურად გააფორმა, თითქოს 6 მილიონი გადაუხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში თანხა თავისი ერთი კომპანიიდან მეორეში გადარიცხა. როდესაც კეზერაშვილმა ნიჟარაძე „პიქსელის“ შენობაში დაიბარა, დაემუქრა, თუ მის ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე დროულად არ გააფორმებდა, სისხლის გუბეებს დააყენებდა. მისთვის უთქვამს, საქმის კურსში არიან ადე (ანუ ადეიშვილი) და მერაბიშვილიო“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“, ზოგიერთი ტელევიზია და სხვა მედიასაშუალებები ნიჟარაძის ბიზნესიდან ფინანსდებოდა.
„ეს კომპანია ნიჟარაძის იყო და თითქოს დოლიძეს 1 050 ლარად მიჰყიდა. დღემდე ეს თანხაც არა აქვს დოლიძეს გადახდილი. რომელი ჭკუათმყოფელი ყიდის ამ ფასად ბიზნესს საქართველოში? ეს კომპანია, კეზერაშვილის დავალებით, ნიჟარაძემ იძულებით გადაუფორმა დოლიძეს. დოლიძის მხარემ წააგო პროცესი, სასამართლომ გარიგება ამორალურად მიიჩნია და ნიჟარაძეს დაუბრუნეს ქონება. ისე გამოჰყავთ, თითქოს ამ წაქცეულმა და გაძარცულმა ნიჟარაძემ თავისი ორმილიონიანი ქონება ვიღაცას ძალით შეასაღა 1 050 ლარად. რა, გაგიჟდა?! დამიჯერეთ, ამ საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებებია, განაჩენი აუცილებლად გამამტყუნებელი იქნება და შესაძლებელია, კეზერაშვილი დაუსწრებლად გასამართლდეს“,- ყვება ხაჭაპურიძე.