ანა გოგუაძის წარმატებული კარიერა, არაერთი საყვარელი საქმიანობა და ცხოვრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება… მისი ჩანაფიქრები ყოველთვის განსხვავებულია, მათი შესრულება ყოველთვის წარმატებული. 2011 წლიდან შემოსავლების სამსახურში მუშაობს. „მიყვარს ჩემი თანამშრომლები და მიხარია, რომ ვარ მათი თანამშრომელი“.
ბავშვობიდან ხატავდა. თავიდან, როგორც ყველა ბავშვმა, ფანქრით და ფურცლით თამაში დაიყო. „ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ხატვას. ხატვის მასწავლებელთან ნელი კანდელაკთან დავიწყე მომზადება. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასთან ურთიერთობამ. მას შემდეგ დავიწყე დეტალური დაკვირვება ჩრდილებზე, სინათლეზე და ფერთა გამაზე“.
გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია, ხატვა ვეღარ გააგრძელა, რადგან არ ჰქონდა მხატვრისთვის აუცილებელი სივრცე და სინათლე.
„ერთ დღეს ნინო ქათამაძემ მითხრა, ვფიქრობ, ფოტოების გადაღება უნდა დაიწყო, გამოგივა. საკუთარი ფოტოკამერა მათხოვა და ასე, ჩემით დავიწყე ფოტოების ჯერ გადაღება, შემდეგ დამუშავება. როგორც წესი, ფოტოგრაფია არ მისწავლია. გამოდის, რომ თვითნასწავლი ვარ“.
ანას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი მუსიკას უკავია. მუსიკის გარეშე არც ერთი დღე არ არსებობს, მელომანია.
„მუსიკას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ძალიან დიდ დროს ვუთმობ მუსიკას. ღრმა ბავშვობიდან ასე ვარ. მაგნიტაფონთან შემეძლო საათები გამეტარებინა კასეტების გადახვევა მოსმენაში. მუშაობის დროსაც სულ მუსიკა მაქვს ჩართული“.
2006 წლიდან ანა გოგუაძე არის საბავშვო ზეიმის – „მზის ფესტივალის“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ზეიმი ყოველწლიურად, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს იმართება, სადაც ბავშვებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ტარდება.
„ფესტივალის იდეა 2006 წლის გაზაფხულზე „მზიურში“ სეირნობისას დამებადა. ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. სამწუხაროდ, „მზიური“ არ არის დღეს დატვირთული იმ იდეით, რაც ბატონ ნოდარს უნდოდა. მზის ფესტივალი იმართება 1 ივნისს და განკუთვნილია ყველასთვის. დილიდან საღამომდე იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სადაც ერთი დღით ცოცხლდება ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქი“.
წლების განმავლობაში ანა გოგუაძემ არაერთი პროექტი განახორციელა.
„პროექტებიდან ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა თანბრად მიყვარს. თითოეული მათგანი სხვადასხვა ეტაპზე მაქვს გაკეთებული. ფართო მასებმა უფრო სოციალური პროექტით „მე-ანია“ გამიცნეს, თუმცა მე ჩემი ბოლო პროექტიც ისევე მიყვარს, როგორც პირველი“.
თვლის, რომ მისი წარმატება გულწრფელი შრომის შედეგია. გამოფენები და კონკურსები კი კარგი საშუალება, იყო ღია და არა ჩაკეტილი. ანუ, რასაც ქმნი, მიიტანო მაყურებლამდე და ამავდროულად განვითარდე.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ანა გოგუაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი ფოტოგამოფენა „ანას პარიზი აპრილში“ შესთავაზა.
„ახლობლებმა იციან ჩემი დამოკიდებულება გაზაფხულის მიმართ, აპრილი ჩემი საყვარელი თვეა. დაახლოებით 13 წლის წინ, როდესაც პირველად მოვისმინე ერთ-ერთი ცნობილი ჯაზური თემა „აპრილი პარიზში“, ვთქვი – მე აუცილებლად წავალ პარიზში, ყავის დასალევად, მაგრამ, ეს იქნება მხოლოდ აპრილის თვეში.
წელს, გაზაფხულზე სპონტანურად გადავწყვიტე სავიზო აპლიკაციის შევსება. როცა მივიღე ვიზა, ბუნებრივია, პარიზში ფოტოაპარატის გარეშე არ წავიდოდი. სახლში მისულმა დავიწყე იმ თემის მოსმენა და ასე გაჩნდა ფოტოპროექტის იდეაც – მე უნდა გადამეღო „ანას პარიზი აპრილში“.
მანამდე პარიზი მხოლოდ სხვის გადაღებულ ფოტოებსა თუ კინოკადრებში მქონდა ნანახი და, ბუნებრივია, ჩასვლისას შეიძლება სულ სხვაგვარი ყოფილიყო, თუმცა წასვლამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ფოტოებზე არ იქნებოდა პარიზის პეიზაჟები, ან არქიტექტურა, მე უნდა გადამეღო თანამედროვე პარიზის ყოველდღიურობა – ფრანგები, რომლებიც ქმნიან ამ საოცარ ქალაქს.
მიუხედავად ჩემი ხანმოკლე მოგზაურობისა, საკმაოდ ბევრი ადგილი მოვინახულე, ვცდილობდი, მევლო იქ, სადაც ნაკლები ტურისტია. ჩემს ფოტოებზე ყველა ასაკის ადამიანია აღბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ფერადია და მეც, ძირითადად, სულ ფერად ფოტოებს ვიღებ, ამ პროექტისთვის პირველად შავ-თეთრი ვარჩიე. პარიზში ბევრი ლამაზი ადგილი და შენობაა, თუმცა ამ საოცარ ქალაქს ადამიანები ქმნიან, თავისუფალი ინდივიდები. სწორედ ისინი არიან „ანას პარიზის“ მთავარი გმირები“.
ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ იმისთვის, რომ გარემო იყოს მისაწვდომი ყველასათვის“.
სურვილი აქვს, წელს მაინც მიაღწიოს ხუთი წლის მიზანს. „ავიღო ამერიკის ვიზა და შემოდგომაზე, ნიუ- იორკში, ჯონ ლენონის 75 წლის იუბილეზე გავემგზავრო“.
მზევინარ ხუციშვილი