„ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში, რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგია ჩავდო…“
„მრავალფეროვანი შემოქმედება – ნახატები, თოჯინები, თექა, დეკორი, აქსესუარები. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი სითბო და სიყვარული ჩავაქსოვო ჩემს ნამუშევრებში და მივუძღვნა ის მთელ სამყაროს, ადამიანებს. მიმაჩნია, რომ სილამაზე სისადავესა და უბრალოებაშია და ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში ჩავდო, რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგია“, – ამბობს ხელოვანი თეა კობახიძე.
ბავშვობიდან ხატავს. ძალიან პატარა იყო, როცა გადაწყვიტა: „გავიზრდები და მხატვარი გავხდები“. მშობლებიც ხელს უწყობდნენ სურვილის შესრულებაში და 11 წლის ანა გაბრიაძესთან მიიყვანეს. სკოლიდან, მეცხრე კლასიდან გამოვიდა და იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა დაამთავრა. შემდეგ – თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. თუმცა სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფერწერას თავი დაანება.
„ფერწერის ფაკულტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაფერს ფერებით აღვიქვამ. მაგრამ რატომღაც გარკვეული პერიოდი დავითრგუნე, თითქმის სამი წელი ვერაფერს ვაკეთებდი, დიპლომის გაკეთებაც კი გამიჭირდა. არის ასეთი პერიოდები, როგორც არ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, კრიზისში შედიხარ, თუმცა ალბათ მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვხედავდი, ჩემი შემოქმედება არავის სჭირდებოდა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა და საკუთარ თავში ჩავიკეტე. გადავწყვიტე, ნამუშევრების ისე დებას, საერთოდ არ დამეხატა. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ქალისთვის ფერწერაში მუშაობა რთულია და ჩემს სათქმელს ვერ ვიტყოდი“.
ვალდორფის საბავშვო ბაღში მუშაობის დროს თექის თოჯინები, ხელნაკეთი ნივთები აღმოაჩინა და თექაზე მუშაობის სურვილმა გაიღვიძა.
„საბავშვო ბაღში ისევ გავიხსენი, თუმცა მიმართულება შევიცვალე. საღებავები გვერდით გადავდე და თექაზე მუშაობა დავიწყე. თითქოს ჩამოვშორდი ფერწერას, მაგრამ ახლაც ფერწერას ვაკეთებ თექაში. უბრალოდ საღებავის მაგივრად, სამუშაო მასალა მატყლია. ძალიან ბუნებრივად გადავედი თექაზე, ალბათ მზად ვიყავი და თავისით გამოჩნდა. გაჩნდა სურვილი და ახლა მგონია, რომ მთელი ცხოვრება თექაზე ვმუშაობ. ფერწერის გამოცდილებაც რომ მაქვს, ფერები კარგად ლაგდება. წინასწარ არაფერს ვგეგმავ, მუშაობის პროცესში თავისით იქმნება, ფერები თავის ადგილს თვითონვე პოულობენ. ახლა, ამერიკელი სპეციალისტი იყო ჩამოსული. ჩემი ნამუშევრები რომ ნახა, გაოცებულმა მითხრა, – „ამდენი ფერი და ასე ჰარმონიულად შერწყმული ერთმანეთთან, სიტყვები არ მყოფნის“.
მოსწონს მინიატურული ნამუშევრები და მცირე ზომის ნახატებს ქმნის. მის შემოქმედებაში შეხვდებით პეპის, პატარა უფლისწულს, მგელსა და კრავს, ფერიებს, ანგელოზებს.
„თოჯინებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვაკეთებდი ქსოვილებისგან, რომლებიც ახლაც შენახული მაქვს. ახლა მხოლოდ თექით ვაკეთებ და ვქმნი ყველაფერს, რაც ძალიან მიყვარს. არ მინდოდა, მაგრამ მეტრ- ნახევარ თექაზე გერგეთის სამება გამაკეთებინეს. მართლა, საოცარი გამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად, დიდი სიხარული მოაქვს ჩემს შემოქმედებას ჩემთვის, საზოგადოებას ძალიან მოსწონს და არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ნამუშევრების კოლექციონერებიც არიან. ერთი ადამიანია, მე არ მაქვს იმდენი ნამუშევარი ჩემი, რამდენიც მას. ხშირად ვსტუმრობ ჩემი შემოქმედების დასათვალიერებლად“.
თეა კობახიძის შემოქმედებითი მუზა ბუნება, საყვარელი წიგნები და ადამიანებია. მისი ნამუშევრები ერთმანეთს არ ჰგავს, ყველა ინდივიდუალურობით გამოირჩევა. ნამუშევრებიდან ,უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდე მოდის და ისეთი გამოსხივება აქვთ, რომ ადამიანებს იზიდავს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ ხელოვანის შემოქმედება როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ (იტალია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, უკრაინა), კერძო კოლექციებში ინახება.
ხელოვანი აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. პერსონალური გამოფენისთვის ახლა ემზადება, რომელიც ხელოვნების სასახლეში გაიმართება. „გამოფენები აუცილებელია, რადგან ხელოვანი ადამიანისთვის საზოგადოების ინტერესი და მათი აზრი მნიშვნელოვანია. მათგან ბევრი განსხვავებული იმპულსი მოდის და უფრო მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება“.
მზევინარ ხუციშვილი