კვიციანი პროკურატურას მიმართავს: „თქვენ უნდა აღძრათ სისხლის სამართლის საქმე“

უკრაინული მედიით გავრცელებულ მიხეილ სააკშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დიალოგს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ემზარ კვიციანის, ლევან მამალაძის და სულხან მოლაშვილის მოშორებას სთხოვს, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში, პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.

კვიციანს ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია, რომ დიალოგი გაყალბებული არ არის. ემზარ კვიციანის განცხადებით, სააკაშვილი ადეიშვილს მათ განადგურებას ღიად უკვეთავს, „პარტიოტთა ალიანსის“ წევრი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას დაინტერესებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სთხოვს.
„ნებისმიერი სიტყვა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია. ეს სააკაშვილის სიტყვებია. ადეიშვილის სიტყვებიც ამაზე მეტყველებს, სადაც ის ამბობს: „კვიციანი გაჭედილი გვყავდა ბოლომდე, მერე ხალხი გამოყარეს და შეშინდნენ, სიმამრმა ირბინა და გამოაშვებინა“. ეს ხომ ასე იყო, რომ არ ყოფილიყო ხალხის აქტიურობა და თანადგომა, მე დღესაც იქ ვიქნებოდი. ამ ჩანაწერში სააკაშვილი თავის ყოფილ და ამჟამინდელ პროკურორს, ვინც ცოცხლები დავრჩით, ჩვენს განადგურებას უკვეთავს. თუკი ამ საკითხზე პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავს, მაშინ ადეიშვილის სიტყვები გამართლდება და დამტკიცდება, რომ პროკურატურა მათია. ხვალ მე, სულხან მოლაშვილი და ლევან მამალაძე ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ და ვიტყვით ჩვენი გეგმების შესახებ. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და დავიცვათ დანარჩენებიც. მოვუწოდებ პროკურატურას, მიიღონ შესაბამისი ზომები და სისხლის სამართლის საქმე აღძრან“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ემზარ კვიციანის განცხადებით, ლიკვიდაციის საფრთხე რეალურია. მან მის წინააღმდეგ დაგეგმილ ე.წ. ხაფანგებზეც ისაუბრა, თუმცა, მისი ვარაუდით, საფრთხე არა „ნაციონალური მოძრაობისგან“, არამედ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მოდის. იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ხელს უშლიან.

„მათ ჩემს წინააღმდეგ ხაფანგები აქვთ დაგებული. ერთია ჩემი სოფლის და საგვარეულოს მიერ აშენებული გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სადაც უშიშროების თანამშრომლები პროვოკაციებს აწყობენ, მიჰყავთ ეკლესიის ახლოს ქალები, აგინებენ მოძღვრებს და ამით ცდილობენ, მე მომიწყონ პროვოკაცია, რომ მივიდე და დავუპირისპირდე მათ. მეორე ასეთი ხაფანგი დაგებული მაქვს დოლობაურის პირველ ჩიხში, ჩემს სახლში, სადაც თავის ზონდერი ვინმე ომარ მერტეველი ჩაასახლეს და ელოდებიან, რომ შევიჭრები, მაგრამ მე ყველაფერს კანონიერად მივყვები. ეს კაცი არის ოქრუაშვილის თანამშრომელი, რომელსაც მეტსახელად „კილერას“ ეძახიან. მესამე ხაფანგია სააკაშვილის ყვარლის სახლი. ადეიშვილი ამბობს, რომ თუკი მე ფეხს ჩავდგამ სააკაშვილის მამულში, მაშინ ვინმე „ბოროტა“ დამიჭერს და ციხეში ჩამსვამს. გამოდის, რომ მათი კლანი კლანად რჩება და გავლენა აქვთ პროკურატურაზეც და სასამართლოზეც. ჩვენ, წინა რეჟიმისგან სამართალაყრილი ადამიანები უნდა გავერთიანდეთ და ქუჩაში გამოვიდეთ. აქციებს ჩავატარებთ ამერიკის საელჩოს წინ, რადგან ხელისუფლებას არ აძლევენ საშუალებას, რომ სამართლიანობა აღადგინონ. ხალხი უნდა მივეხმაროთ ხელისუფლებას. ეს არის რეალური საფრთხე, მაგრამ ეს საფრთხე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან არის. ეს ჩანაწერი კი გამოქვეყნდა, იმიტომ რომ თუკი რომელიმე ჩვენგანის ლიკვიდაცია განხორციელდა მაშინ თქვან, აი, ვინ იყო მათი ლიკვიდაციით დაინტერესებულიო. ჩვენს ქვეყანას ორი უზარმაზარი სახელმწიფო მართავს. ესაა ამერიკა და რუსეთი“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები