საუდის არაბეთის პრინცმა ქართველი დაზარალებულებისთვის 300 ათასი დოლარი გამოყო
საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო“, – ამის შესახებ პრინცის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილ შესაბამის წერილში წერია, რომელიც საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს. მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნულია საუდის-არაბეთის პრინცის წერილში.
საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თბილისში დატრიალებული სტიქიის შემდეგ საუდის არაბეთის პრინცთან 16 ივნისს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ალ-ვალიდს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საუდის არაბეთის პრინცმა ელჩს საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის სახელზე სამძიმრის წერილი გადასცა. ელჩთან შეხვედრისას პრინცმა გამოხატა სურვილი საელჩოსთან კოორდინაციით დაზარალებულებს დახმაროს. პრინცი რეგულარულად ინტერესდება, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის თაობაზეც საელჩო მას უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას. საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 10 ივნისს ეწვია.