ბადრი ჯაფარიძე: გეგმა უწყვეტი პროტესტია
“გეგმა უწყვეტი პროტესტია, რომ არ შევეგუოთ და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ უმსგავსობას, ქვეყნის მომავლის წართმევას, არჩევანის წართმევას”,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცესკოსთან მოქალაქეები უკმაყოფილების გამოსახატავად მივიდნენ.
„ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად მოვიდნენ. მშვიდობიანი წინააღმდეგობა ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი“,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წევრები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები და მოქალაქეები იღებენ. ისინი 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებასა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.