თინათინ ხიდაშელი: ჩვენი ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლის დაწყებიდან 22 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპული გმირების პატივსაცემად, გმირთა მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა თანამებრძოლებიც იმყოფებოდნენ.
თინათინ ხიდაშელმა ქართველი მებრძოლების გმირობასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ჩვენი ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. აფხაზეთის ომის დროს ბევრი მძიმე დღე იყო, მაგრამ ვეტერანებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი დღეა. ვფიქრობ, ყველა ასეთი დღე საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო საჩვენებელია მომავალი თაობებისთვის – როგორ იბრძოდნენ მათი მშობლები, მათი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ყველამ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ მშვიდობა ქვეყანაში, რომ ასეთი დღეები არასოდეს მეორდებოდეს“,-განაცხადა მინისტრმა.
გენერალური შტაბის უფროსმა ტამიშის ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნული ბრძოლის დროს საქართველოს ერთუსლოვნებაზე ისაუბრა. „ტამიშის ოპერაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში მნიშვნელოვანი სამხედრო ფურცელია. აქ იყო მძიმე წუთებიც, გამარჯვების მომენტებიც, რაც მთავარია, ტამიშის ოპერაციის დროს იყო ერთიანობა, ეს იყო ერთიანი ქართული სამხედრო სულის გამომჟღავნება ერთიანი ქართული საქმისთვის“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.